დღეს ბლოგის დაბადების დღეა!

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ერთგულო მკითხველებო, ახალშემობრძანებულო სტუმრებო!

გილოცავთ, დღეს ამ ბლოგზე დღესასწაულია!

დღეს ჩვენ გვყავს იუბილარი, რომელიც ერთი წლის გახდა!

დიახ – „ჩვენ გვყავს!“ – ვინაიდან ეს ბლოგი არ არის მარტო ჩემი საკუთრება.

მართალია, ის ჩემი მეცადინეობით გაჩნდა, მაგრამ გაჩენა ერთია, მთავარია როგორ აღზრდი. აი, ამაში კი მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.

 

gilocav-dabadebis-dges

 

ის ვერ მოაღწევდა თავის პირველ დაბადების დღემდე, რომ არა თქვენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც, პირველივე დღიდან, სიყვარულით ჩაიხუტეთ გულში ახალშობილი და, შემდეგ, შეძლებისდაგვარად, უშურველად უზიარებდით თქვენს წილ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას.

მანამდეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ, ამ ბლოგის შექმნა, იყო ჩემი თვითაღზრდის პროცესის გასაჯაროების მცდელობა…  

ჩემი პოსტებით, მე ვცდილობდი, გზა გამენათებინა პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის იმ უცნობ ლაბირინთში, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ შევაბიჯე და ამავე დროს იმათთვისაც ვინც შეიძლებოდა უკან გამომყოლოდა, ან შეიძლება ჩემზე წინ იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო “შუქი ჩაუქრა”…

მიხარია, როცა ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩემმა სტატიებმა თუ ბლოგზე განთავსებულმა სხვა მასალამ მათ სარგებელი მოუტანა…

მიხარია, რომ ამ ბლოგის მეშვეობით უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და უამრავი საინტერესო რამ აღმოვაჩინე იმ ადამიანებში, რომლებსაც მეგონა, რომ უკვე ვიცნობდი…

მიხარია, რომ თქვენ გაგიცანით, რადგან ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანში “არის მზე” და თითოეული ადამიანის გზას “აქვს გული.”

მგონი ლერმონტოვის სიტყვებია: თითოეული ადამიანის სულის ისტორია ბევრად უფრო ღრმა, ყოვლისმომცველი და დიადია, ვიდრე მთელი ერის ისტორიაო.

ვეთანხმები და დავამატებ, რომ სწორედ ამიტომაც თითოეული ადამიანის გამოცდილება არის უდიდესი საგანძური და ჩვენ  უნდა ვისწავლით ამ საგანძურის ერთმანეთისთვის გაზიარება…

ამისთვის კი, საჭიროა, პირველ რიგში მივიღოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ, ყოველგვარი შელამაზების, პრეტენზიების და პირობების გარეშე…

ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი, მდიდარი, წარმატებული ადამიანი…

ყველას უნდა, რომ უყვარდეს, რომ უყვარდეთ… და თუ ვინმეს ცხოვრება არ ეწყობა ასე, თუ ვინმეს აქ ყოფნაც ჯოჯოხეთად აქვს ქცეული, ან თუნდაც თვითონ არის მიზეზი ვინმეს ჯოჯოხეთური ცხოვრებისა, იმიტომ კი არა, რომ მას ასე უნდოდა…

ისიც, როგორც ყველა, ამ ქვეყანას მოევლინა სიყვარულით და სიყვარულისთვის… და თუ შემდეგ რამე აურია, ვინ იცის, სად რა პირობებში მოუწია ყოფნამ… ან, ვინ იცის, ჩვენ თვითონ ვინ ვიქნებოდით მსგავს პირობებში რომ მოხვედრილიყავით…

დავფიქრდეთ ამაზე, როცა ვინმეს „უკეთურება“ აღგვაშფოთებს და  ვეცადოთ მოვძებნოთ მასში რაიმე, თუნდაც პატარა სხივი სინათლისა, სიყვარულისა, ჩავებღაუჭოთ ამ სხივს და ვეცადოთ თანდათანობით ამოვქაჩოთ ადამიანიდან ის მზე, რომელიც მასში აუცილებლად იქნება.

არ შეიძლება ადამიანი იყოს აბსოლუტურად ბოროტი, არ აშეიძლება აბსოლუტური ბოროტება არსებობდეს, უბრალოდ შეიძლება ადამიანს არჩევანი ეშლებოდეს და ასეთ დროს მხოლოდ სიყვარულს და ნდობას შეუძლია მისი შემობრუნება…

მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენის სახით გავიცანი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორედ ასეთი კეთილისმყოფელი სიყვარულის და ნდობის გამოვლენა სხვების მიმართ.

უღრმესი მადლობა იმ უდიდესი სითბოსა და ყურადღებისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან ბლოგის შექმნის პირველივე დღიდან.

ყოველი თქვენი კომენტარის და წერილის შემდეგ მე ვხდებოდი ოდნავ მაინც უკეთესი ვიდრე ვიყავი მანამდე…

მე ვისწავლე თქვენგან ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება თქვენ ჩემგან…

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ბლოგის არამარტო “აღზრდის,” არამედ მისი შექმნის საქმეშიც.

რომ არა ქეთევან გოგიაშვლი და გიორგი თვალაძე, არ ვიცი ეს ბლოგი საერთოდ თუ შეიქმნებოდა… უღრმესი მადლობა ჩემო არაჩვეულებრივო მეგობრებო!

უღმესი მადლობა აგრეთვე თამარ საგინაშვილს, ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს, რომელსაც ქეთევანთან და გიორგისთან ერთად ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საშუალება მაქვს, ჩვენი იუბილარის სახელით, მოკრძალებული საჩუქარი გავუკეთო ჩემს ძვირფას მკითხველს.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა ჩემს ცნობიერებაში, აზროვნებაში და შესაბამისად ცხოვრებაში და მე გადავწყვიტილი მაქვს, მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე, წარსულში მიღებული გამოცდილება წიგნის სახით გავუზიარო სხვებსაც.

დღეს გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ წიგნს, სახელწოდებით: „როგორ დავაღწიოთ თავი საკრედიტო მონობას“, რომელიც ეხება ჩვენში ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას – ვალებს.

დღეს ადამიანები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან კრედიტებით ცხოვრების მოწყობაში. იშვიათად გაიგო, რომ ვიღაცამ სახლი ან მანქანა შეიძინა ნაღდი ფულით, ხოლო აი სესხებით – რამდენიც გინდა.

ადამიანები ისე არიან გახვეული ათასნაირი საკრედიტო ქსელების აბლაბუდაში, რომ უკვე ვალის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ.

თვითონ მე, ბოლო რამოდენიმე წელი ჯოჯოხეთად მქონდა ქცეული ამის გამო, მაგრამ გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელობით, შევძელი ამ თითქოსდა გამოუვალი სიტუაციის ჩემს სასარგებლოდ შემობრუნება.

ამ წიგნში, რომელსაც საჩუქრად გთავაზობთ, სწორედ ის საკვანძო რჩევები და გამოცდილებაა გაზიარებული, რომლებმაც პირადად მე ფასდადუდებელი სამსახური გამიწიეს და რომლებიც შესაძლოა თქვენთვისაც ძალზე ფასეული აღმოჩნდეს.

თუ თქვენ უკვე ხართ ჩემი ბლოგის გზავნილების ხელმომწერი, ისედაც მიიღებთ ამ წიგნს, თუ არადა, მაშინ შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა, დააჭირეთ ღილაკს „წიგნის გამოწერა“, მიყევით ინსტრუქციებს და რამოდენიმე წუთში, თქვენს მიერ მითითებულ ელ ფოსტაზე  მოგივათ წერილი ბმულით, რომლიდანაც შეძლებთ ელ – წიგნის უფასოდ გადმოწერას.

გისურვებთ წარმატებებს!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.


შეიყვანეთ ქვემოთ მოცემულ შესაბამის ველებში თქვენი სახელი და ელ. ფოსტის მისამართი, დააჭირეთ ღილაკს “წიგნის გამოწერა” და მიყევით ინსტრუქციას, რომელიც გამოჩნდება ახალ გახსნილ ფანჯარაში.

თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:




საინტერესო პოსტები

16 thoughts on “დღეს ბლოგის დაბადების დღეა!”

  1. ხვიჩა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს. ერთ წელიწადში მართლაც სანაქებო ნაბიჯები გადადგი, რამაც თავისი ბუნებრივი შედეგებიც გამოიღო და ჩვენ დღეს ვხედავთ გამართულ რესურს, რომელიც რჩეული “კონტენტით” არის დახუნძლული და მართლაც ფასდაუდებელ სარგებელს აძლევს დაინტერესებულ მკითხველს.
    დიდი მადლობა ჩვენი ასე თბილად და ტკბილად მოხსენიებისთვის, შენგან ეს ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, მაგრამ არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ სასიამოვნო ნამდვილად იყო 🙂
    ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო შენი ახალი წიგნის შესახებ. ბრავო მეგობარო, ბრავისიმო – ეს უკვე შენს პროფესიონალიზმზე და თავდადებულობაზე მეტყველებს. 
    კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი, წიგნი ძალიან, რომ არ მაინტერესებდეს. ასე, რომ ახლა წავალ წავიკითხავ და შემდეგ აუცილებლად დაგიტოვებ უკუკავშირს. ისე მართლა, რახან უკუკავშირი ვახსენე, კარგი იქნებოდა წიგნისთვის ცალკე გვერდი შეგვექმნა, სადაც ადამიანებმა, რომლებიც წავიკითხავთ წიგნს, გამოხმაურებები დავტოვოთ 😉

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა გიორგი გამოხმაურებისთვის, მოლოცვისთვის და საერთოდ იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშე ეს იუბალი არც გვეყოლებოდა 🙂

      პასუხი
  2. გილოცავთ ბატონო ხვიჩა და ვულოცავ თქვენს ბლოგს. იმის წარმოთქმა, რომ ვაფასებ ავტორის მიდგომასა და წერის სტილს ალბათ აღარ დამჭირდება. დღეს მიხარია, რადგან ამ პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარებაზე აგებული ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ, ჩვენი ეს მეგობრობა კი მხოლოდ ფორმალურად არ გამოიხატება. განსაკუთრებით ავღნიშნავ ჩემ ბლოგზე თქვენი საიტის ბანერს და პირიქით.
    წარმატებები და ხალხის სიყვარული არ მოკლედბოდეს თქვენს ლამაზ სამყაროს ამ ბლოგის სახით.

    პასუხი
    • გმადლობ თემო! მიხარია რომ შენს ასაკში უკვე ასეთი მონდომებული და მიზანდახული ადამიანი ხარ! დარწმუნებული ვარ წინ დიდი და საინტერესო მოგზაურობა გელის! წარმატებები მეგობარო 🙂

      პასუხი
  3. ხვიჩა, ვერც კი წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ…
    იმით, რომ პირველი დაბადების დღე გაქვს!
    იმით, რომ ასე ჯანმრთელად და ჰარმონიულად განვითარდა შენი ბლოგი!
    იმით, რომ გიყვარს ის, რასაც აკეთებ და იმითაც, იმას რომ აკეთებ, რაც გიყვარს!
    იმით, რომ ასეთი სასარგებლო და სრულფასოვანი ინფოპროდუქტი მოგვიმზადე სიურპრიზად!
    იმით, რომ გულწრფელი, სასიამოვნო, მიზანსწრაფული, საინტერესო, ნიჭიერი და საიმედო ადამიანი ხარ!  მაპატიე, ჩემდაუნებურად შემომექე 😀
    იმით, რომ ხანდახან მასწავლებელს მეძახი, თუმცა მშვენივრად ვხედავ, ჩემგან სასწავლი არაფერი გჭირს!
    ბოლოს და ბოლოს, იმით, რომ ჩემს ხელში დაიბადე, გაიზარდე და ახლა უკვე გამართულად შეგიძლია სიარული! 🙂

    მიხარია! ვამაყობ! მჯერა შენი!

    ეს ერთი და სხვა მრავალი ბედნიერი წელი გაგეტარებინოთ შენ და შენს ბლოგს ქართულ ინტერნეტ სივრცეში 😉

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ქეთევან!

      ვინ ვინ და შენ მშვენივრად იცი, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება  ისწავლო, მითუმეტეს შენისთანა პოზიტიური, ჭკვიანი და “არა–ნორმალური” პიროვნებისგან! 🙂

      “შემომექეზე” ბევრი ვიხალისე – ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები გამახსენდა მაშინვე 🙂

      პასუხი
  4. ახლა შემოვედი ფბ–ზე და ახალი ამბავიც დამხვდა. ხვიჩა, გულითადად გილოცავთ ორივეს – შენ და შენს ბლოგს ერთი წლის იუბილეს. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს დაეხმარებით, სიკეთე და სიყვარული ჯაჭვური რეაქციით გავრცელდება და გავხდებით ბევრნი და ბევრნი.
    წიგნს აუცილებლად წავიკითხავ. ეს პრობლემა მეც მქონდა და კარგა ხანია, თავი დავაღწიე. შენი გამოცდილებაც მაინტერესებს.

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა მარიკა! 

      მიხარია, რომ ეს პრობლემა წარმატებით გადაგიჭრია… კარგი იქნება თუ შენს გამოცდილებასაც გაგვიზიარებ 😉

       

      პასუხი
  5. გილოცავთ, ბატონო ხვიჩა! წარმატებებს გისურვებთ ამ კარგ საქმეში! ჩვენ, ახალგაზრდებს, დღეს განსაკუთრებით გვჭირდება თქვენისთანა ადამიანების და ასეთი ბლოგების დახმარება! უფალი გფარავდეთ!

    პასუხი
    • გმადლობ ვახტანგი!

      განსაკუთრებით მიხარია, როცა ახალგაზრდების დაინტერესებას ვხედავ პიროვნული ზრდის თემატიკით…

      მიხარია, რომ უკვე ადრეული ასაკიდან გრძნობთ თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების აუცილებლობას და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივათ!

      წარმატებებს გისურვებ! 🙂

      პასუხი
  6. სასწრაფოდ გადავიკითხე წიგნი და ძალიან მომეწონა. კიდევ დავუბრუნდები. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას…. 
    ჩემი გამოცდილებაა შემოსავლების სამსახური, ბანკი და სხვა ორგანიზაციები, ჯუნგლის კანონები, არცერთი ადამიანი გვერდით, მხეცის ინსტინქტი, რადიკალური ზომები და ღმერთის წყალობა. 
    ვაიმე, შემეშინდა ჩემი თავის. 

    პასუხი
    • მგონი მკითხველებიც დამიფრთხე მარიკა 😀

      საინტერესო შეხამებაა – “ჯუნგლის კანონები, არცერთი ადამიანი გვერდით, მხეცის ინსტინქტი, რადიკალური ზომები” და… “ღმერთის წყალობა.” 🙂 🙂

       

      პასუხი
  7. გილოცავთ იუბილეს!  მეც თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბლოგი  და ვეღარ მოვცილდი. წიგნი წავიკითხე და ძალიან მომეწონა(სხვა შემთხვევაში კომენტარს არ დავტოვებდი) 100 % გეთანხმებით.  მე კომფორტის ზონას ვეჭიდავები..

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ირაკლი!

      მიხარია კიდევ ერთი თანამოაზრის “აღმოჩენა” 🙂 დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ თქვენი კომფორტის ზონის გარღვევას და გააგრძელებთ გამარჯვებებით სვლას წარმატების მწვერვალებისკენ!

      პასუხი
  8. გილოცავ ხვიჩა.ძალიან კარგად მახსოვს ამ ბლოგის დაბადება,ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ამ ბლოგს ბევრი დახურული გული გაუნათებია.ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს.წარმატებები ყველა კეთილ საქმეში :*

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა მზია! ამ ბლოგის სიცოცხლისუნარიანობა სწორედ თქვენისთანა არაჩვეულებრივმა მკითხველებმა განაპირობეს! 🙂

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.