სუნთქვის შემგროვებელი

 

„თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან თქო“ შევუძახე საკუთარ თავს ერთხელაც,  როცა „სუნთქვის შემგროვებლის“ წალენჯიხაში ჩამოსვლის ლოდინში კიდევ ერთი დღე ჩამადნა ხელებში გაზაფხულის თოვლივით და მაშინვე სიტყვას საქმეც მივაყოლე:  ავდექი, წიგნის „დაუფლების“ დაუოკებელი სურვილი ქალამნებად ამოვიცვი ფეხებზე, ყოველი შემთხვევისთვის მოთმინებაც ავისხი ტანზე აბჯარივით და დავადექი “დიდი ქალაქისკენ” მიმავალ გზას… 

– აუ, ეს რა მაგარი წიგნია, – აღმომხდა როგორც კი ხელში ავიღე „სუნთქვის შემგროვებელი“

– რაზეა? – ინტერესით მეკითხება გამყიდველი გოგონა.

– არ ვიცი, ჯერ არ წამიკითხავს…

– აბა რას ნიშნავს მაგარი წიგნია, ლურსმნის დასაჭედებლად გამოდგება? – ირონიულად იღიმის გოგონა. თან ვატყობ რომ ცოტა ეჭვითაც გადმომხედა.

რას იზამ, ეტყობა ჭეშმარიტი შემოქმდება ისეთია, სიყვარულისა არ იყოს ბრძენსაც რომ გაახელებს… ან  გახელებულსაც რო დააბრძენებს. რა ვიცი ჩემს შემთხვევაში რომელი გაიფიქრა ამ გოგომ…

– უბრალოდ ხელში ავიღე თუ არა თითქოს გული გათბა, ისეთმა საოცარმა ენერგიამ დამიარა მთელ სხეულში. ეტყობა ავტორი უდიდესი სიყვარულით ქმნიდა ამ წიგნს-არ შევიმჩნიე ირონია და სრული სერიოზულობით ვუპასუხე.

– ააა, გასაგებია… – თქვა გოგონამ და კვლავ გამიღიმა, ოღონდ ამ ჯერზე მასში ირონიის ნატამალი არ იყო. უფრო მეტიც ცხადად დავინახე თუ როგორ გამოეფინა ეს ღიმილი მისი მოციმციმე თვალებიდან მაცოცხლებელ სხივებად, რომლებმაც ჯერ მთელ სხეულზე შემომახვიეს თავიანთი სითბო და სინათლე, შემდეგ კი თანდათანობით შიგ გულის გულში შემოაღწიეს.

დედა ტერეზას უთქვამს: „როცა უფლის წინაშე წარვსდგებით არა მგონია მან ის გვკითხოს, თუ რას ვაკეთებდით ამ სამყაროში, ის ალბათ უფრო იმას გვკითხავს თუ რაოდენ სიყვარულს ვაქსოვდით იმაში, რასაც ვაკეთებდით“-ო.

ჩემთვის ლიტერატურა, ხელოვნება ზოგადად შემოქმედება ეს არის საშუალება გადასცე ადამიანებს სიყვარულის ენერგია.  ეს არის სიყვარულის გზა, რომელზეც ჭეშმარიტმა ხელოვანმა სათუთად უნდა გაატაროს ადამიანთა სულები უფლისმიერი ცნობიერებისკენ. ამიტომ არის, რომ როცა ჭეშმარიტი შემოქმედის მიერ შექმნილს უყურებ, კითხულობ, უსმენ, სულში საოცარი სითბო გეღვრება, სიყვარულის, სიკეთის, სინათლის ენერგიებით ივსები და ხდები ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყავი თუნდაც ცოტა ხნის წინ.

ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანები, ისინი ვინც ქმნიან სიყვარულით და ქმნიან სიყვარულისთვის და ავრცელებენ სიყვარულს.

და საოცარი განცდაა, როცა გრძნობ რომ ასეთი ღვთიური  ნიჭით ხელდასხმული ადამიანები მარტო წარსულის ფუფუნება არ არის და ისინი შენს გვერდით ცხოვრობენ,   ოცნებობენ, სწამთ, უყვართ, ალბათ ტკივათ კიდევაც ხანდახან, მაგრამ რწმენას არ კარგავენ, მაინც არ ჩერდებიან, მაინც იღწვიან და ქმნიან საოცარ შედევრებს!

საკმარისია ნათია როსტიაშვილის „სუნთქვის შემგროვებელი“ აიღო ხელში და უკვე გრძნობ რომ რაღაც ბევრად უფრო მეტს ეზიარე ვიდრე უბრალოდ ადამიანის მონათხრობი შეიძლება იყოს თუნდაც მხატვრულად გაფორმებული. ხოლო როცა გადაშლი და კითხვას იწყებ თითქოს ირგვლივ ყველაფერი ჩერდება და მთელი სამყარო შენს გარშემო იწყებს ბრუნვას ისე ნელა, გეგონება ეს წამები მარადისობად უნდა გიქციოს რომ არასდროს დასრულდეს და არასდროს მოსწყდე ამ საოცარი მოთხრობების ჯადოსნურ სამყაროს.

და შენც ზიხარ და კითხულობ… კითხულობ და გრძნობ როგორ ივსება თანდათანობით შენი სამყარო ავტორისეული პერსონაჟების ხატ-სახეების და მეტაფორების მრავალფეროვნებით: აპარეოს „არაცაცხვისხე“ და დურგლის „უკუღმაბიჭი“, სესილის „უამბებო“ ცხოვრება და ლუკას „არამოკვდავური“ ნიჭი, ბონდოს „ეგდო-ეგდო“ ფირი და „მასწავლებლის კეფაზე საფანტივით დამჯდარი იმედგაცრუებისგან გაფართოებული თვალის გუგის ზომის ექვსი ცალი ნახვრეტი“. კითხულობ და თითქოს ცხადად ხედავ როგორ „მოფრინავენ პეპლებივით იაკოს სახელის ასოები ეზოდან“ და გრძნობ რომ შენც როგორც სინათლე პეპლებს ისე გიზიდავს და გისრუტავს ავტორის მიერ საოცარი ოსტატობით და სიყვარულით შექმილი პერსონაჟების ზოგჯერ ტკივილით და იმედგაცრუებით მაგრამ მაინც უდიდესი სითბოთი, სინათლით, სიკეთით და მსუბუქი იუმორის გრძნობით გაჯერებული სამყარო.

„რა ჭირად გინდა დურბინდი თუ შენს ოცნებას ვერ გაჩვენებს?“ – სვამს რიტორიკულ კითხვას ერთ-ერთი პერსონაჟი და შენ გრძნობ რომ ასეთ შემოქმდებასთან ზიარებით შესაძლებელია ყველაზე შორეული ოცნებასაც მისწვდე და შენს ზღაპრულ რეალობად აქციო.

„ალბათ, ჩემმა ქვეცნობიერმა, ჩემი და როზას ღმერთთან ერთად მასწავლებლობა იმიტომ გადამაწყვეტინა, რომ როცა ცხოვრება ბორბალს დიდ წრეზე დაატრიალებდა და იმ ორმოსთან მიმიყვანდა, სადაც ჩემი ბავშვობის სცენა დროის სხვა სარტყელში ისევ მეორდებოდა, შანსი მქონოდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამეკეთებინა, რომ ამ ბორბლის შემდეგ წრეზე, ჩემს მერე მომსვლელს, აქ, ამ წერტილში, კიდევ ერთი ასეთი ორმო აღარ დახვედროდა“ – ამბობს ავტორი ერთ-ერთ პერსონაჟის პირით და შენც თითქოს ცხადად ხედავ როგორ ივსება თანდათანობით ეს ორმო და შემდეგ კი ისე ქრება თითქოს არც არასდროს  ყოფილა.

„შავი რეალობიდან ფერად სიზმარში გადასვლას ჰგავდა ეს ყველაფერი. ყველა ტკივილი დამიამდა. ავმჩატდი. ალბათ, ყველაზე ძლიერმოქმედ ნარკოტიკსაც არ ექნება ასეთი ძლიერი ზემოქმედება. სხვანაირი, რეალურობას გაცდენილი ბედნიერება იყო: დედა, რომლისგანაც ცხრა ცა, ცხრა მიწა, ცხრა ზღვა და ცხრა განზომილება მაშორებდა, ასე იოლად „დავიბრუნე“ – ერთი შესუნთქვით“

ვკითხულობ ამ სტრიქონებს და უცებ გაოგნებული ვაფიქსირებ, ავტორმა ხომ ნენსის პირით ზუსტად ის აღწერა რაც მე ეს ეს არის ამ წიგნის კითხვისას თავად ვიგრძენი. ავტორის მიგნება სუნთქვის შემგროვებელზე თუ ამ წიგნის დანარჩენი მოთხრობების სიუჟეტებზე და პერსონაჟებზე  იმდენად მრავალფეროვანი, ხშირად მოულოდნელი და რაც მთავრია, ისეთი ღვთიური სიყვარულით და სიკეთით არის გაჟღენთილი რომ თავად იქცევა სხვანაირი, რეალურობას გაცდენილი ბედნიერების მომტანად ნებისმიერისთვის ვინც მათ შეეხება.

და თუ თქვენ ჯერ არ შეხებიხართ მათ, ჯერ არ წაგიკითხავთ ეს საოცარი წიგნი, უკვე დროა შეაბიჯოთ ნათია როსტიაშვილის ჯადოსნურ სამყაროში. სამყაროში, რომელიც ნამდვილად მხოლოდ „არამოკვდავური“ ნიჭის ადამიანს შეეძლო შეექმნა.

ხოლო იქიდან დაბრუნებულებმა კი გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები აქვე კომენტარებში ან ნებისმიერი თქვენთვის მოსახეხებელი ფორმით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

საინტერესო პოსტები

1 thought on “სუნთქვის შემგროვებელი”

  1. ნათია როსტიაშვილის შემოქმედება თანამედროვეობისთვის ნამდვილად დიდი ძღვენია. სევდა, იუმორი, სამართლიანობა, სიყვარული საოცარი ოსტატობით არის წარმოჩენილი. ბატონო ხვიჩა, თქვენ ისე ლამაზად გადმოეცით თქვენი შთაბეჭდილება, მეგონა კიდევ ერთ ახალ ნოველას ვკითხულობდი. 🙂

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.