იგავის ძალა

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც  ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან:

– მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი «სიბრძნით!» თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ  ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი.

 ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა:

რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?! 

– თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა არის კატაპულტა  გეკითხებათ: „რა არის ეს?“ თქვენ კი პასუხობთ: „კატაპულტა არის კატაპულტა!“ როგორ ფიქრობთ, გაიგებს რამეს?

– რა თქმა უნდა არა. – უპასუხა ხელმწიფემ.

– მაგრამ, თუ ეტყვით, რომ კატაპულტა რაღაცით წააგავს მშვილდს და ის გაკეთებულია ბამბუკისგან – ეს მისთვის ცოტათი უფრო გასაგები იქნება?

– დიახ! – თქვა ხელმწიფემ.

–ესე იგი, გასაგები რომ  გავხადოთ , ის  რაც ადამიანმა არ იცის — უნდა შევადაროთ იმასთან რაც მან უკვე იცის. ასევეა ჩემი იგავებიც – მათი მეშვეობით მე ადამიანებს ვაწვდი იმ ცოდნას, რომლის პირდაპირ მისაღებადაც მათი გონება ჯერ მზად არ არის.  

იგავი უძველესი დროიდან ცოდნის გადაცემის განსაკუთრებული საშუალებაა, ის არის ერთგვარი გასაღები, შრიფტი ახალი ცოდნისა და ამავე დროს ის არის ჩვენი ყოფიერების ანარეკლი, რომელშიც იკითხება სულიერი და გონებრივი მონაპოვარი კაცობრიობისა, მისი უდიდესი სიბრძნე და გამცდილება და სწორედ ამის გამო,  იგავი არის ერთ–ერთი უძლიერესი ხელშემწყობი საშუალება ადამიანის პიროვნული ზრდის, მისი სულიერი და გონებრივი განვითარების პროცესისა.

ამიტომ, გადავწყვიტე, რომ, კვირაში ერთი დღე, ყოველი ხუთშაბათი, ამ ბლოგზე დავუთმო იგავებს, თქმულებებს, სხვადასხვა სახის მოგონილ, თუ ნამდვილ ისტორიებს, რომლებშიც ნებისმიერი მკითხველი შეძლებს აღმოაჩინოს ადამიანური სიბრძნისა და ღვთიური ჭეშმარიტების ის მარცვლები, რომელთა გონივრული გამოყენება  ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მას წარმატების მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე!

წაიკითხეთ, ჩაუღრმავდით, გაიაზრეთ, გამოიტანეთ თქვენეული დასკვნები და გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები აქვე კომენტარების სახით.

ახლა კი, ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს- პირველი ხუთშაბათი და პირველი იგავი:

მდინარის პირას ჩამომჯდარ მოხუცს მიუახლოვდა ახალგაზრდა და უთხრა:

– როგორც ამბობენ, თქვენ ყველაზე ბრძენი ადამიანი ხართ ამ მხარეში და იქნებ დამეხმაროთ…

– რა შემიძლია შენთვის გავაკეთო?

– მითხარით, სად შეიძლება ვიპოვო ღმერთი?

მოხუცმა დაკვირვებით შეხედა ახალგაზრდას, შემდეგ წამოდგა, მდინარისკენ წავიდა და უთხრა:

– გამომყევი!

ახალგაზრდა მიჰყვა. როცა წელამდე წყალში შევიდნენ, მოხუცი გაჩერდა და ეუბნება:

– ჩაიხედე წყალში და კარგად დააკვირდი რასაც დაინახავ!

ახალგაზრდა  წინ გადაიხარა და ჩააშტერდა მდინარის წყალს. მოულოდნელად მოხუცმა კისერში ჩაავლო ხელი და სანამ ის გონზე მოასწრებდა მოსვლას, წყლის ქვეშ ამოაყოფინა თავი. ახალგაზრდამ სცადა გასხლტომოდა ხელიდან, მაგრამ მოხუცი მთელი ძალით დააწვა და არ მისცა თავის ამოყოფის საშუალება. ბიჭი იბრძოდა, ცდილობდა წყლიდან ამოსვლას, მაგრამ მოხუცი არ ეშვებოდა …ბოლოს, ახალგაზრდულმა ენერგიამ და თვითგადარჩენის უძლეველმა ინსტიქტმა მაინც იმარჯვა და ბიჭმა თავი დაიხსნა.

– თქვენ რა გაგიჟდით?! – უთხრა მან, როცა ცოტათი სული მოითქვა და აზროვნების უნარი დაუბრუნდა.

 როცა ღმერთის პოვნა ისევე  ძლიერად მოგინდება, როგორც ცოტა ხნის წინ  სუნთქვა გინდოდა, მაშინ შენ იპოვი მას! — უპასუხა მოხუცმა.

 

P.S. როგორ ფიქრობთ – რა არის ამ იგავის მორალი, რა დასკვნა შეიძლება მისგან გამოვიტანოთ?! ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ხომ სწორედ თქვენგან  ვსწავლობ! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები  კომენტარებში და თანაც, მიეცით იგივეს გაკეთების საშუალება თქვენს მეგობრებსაც – გაუზიარეთ ეს პოსტი მათ, ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

იგავები თარგმნა ხვიჩა მებონიამ


       

 

 

25 комментариев ჩანაწერზე “იგავის ძალა”

  1. იგავები ბრძენი ადამიანის ხელში ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ასრულებს — ერთი დაქნევა და ყველაფერი გასაგები ხდება 🙂 ამ იგავმა კი კიდევ ერთხელ შემახსენა ჭეშმარიტება: რისკენაც მთელი არსებით არ ისწრაფვი, ვერასოდეს იგემებ. მივესალმები ხუთშაბათობებს! ბლოგი ჯერ ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ტრადიციების დამკვიდრებას იწყებს — ეტყობა, ვისი გორისაა 🙂

    • admin:

      გმადლობ ქეთევან! 

      ძალიან მანებივრებ შენი კომენტარებით :)  

      აი იგავის ფუნქცია კი არაჩვეულებრივად ახსენი. ისე, შენისთანა ჭკვიანი ადამიანის ხელში ყველაფერი შეიძლება ჯადოსნურ ჯოხად იქცეს! 

      ადრე, როცა ხშირად მიწევდა თამადობა ( :) ) იგავი ჩემი უსაყვარლესი «იარაღი» იყო, ხოდა ახლაც გადავწყვიტე ამ ნაცადი, ერთგული მეგობრის გვერდში ამოყენება. თუ რა გამოგვივა, ამას  დრო გვიჩვენებს!

  2. კატო:

    ადამიანი კი მთელი არსებით მაშინ ისწრაფვის, როცა ცაიტნოტშია, ან სხვა გზა აღარ დარჩენია. არ გაგიგიათ? როცა მოსაკლვად მოსდევენ, მანამდე არასპორტულ ადამიანს შეუძლია ორ მეტრიან სიმაღლეს გადაახტეს. ღვთის ძიებაც სასიცოცხლო საჭიროებად უნდა გვექცეს ალბათ, სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ…

    • admin:

      უღრმესი მადლობა კატო, რომ თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში და თანაც ასე ლამაზად და შინაარსიანად!

      და კიდევ – ბოდიშს გიხდით! თქვენი კომენტარი რატომღაც სპამში აღმოჩნდა და ახლა «დავიხსენი» ტყვეობიდან.

  3. ნათია:

    იგავი სწავლების საუკეთესო საშუალებაა და გმადლობთ ხვიჩა, რომ ამ იგავით კიდევ ერთხელ შეგვახსენე ის თუ რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად :))  ჩემი აზრით კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მიზანს, იმას თუ  რა გვსურს, ეს არის ყოველი ქმედების (ან უმოქმედობის) წინაპირობა.
    მოუთმენლად ველი ხუთშაბათობას 🙂
     

    • admin:

      მართალი ხართ ნათია! მიზანი რაც უფრო დიადია და მის მისაღწევად განხორციელებული ქმედებები რაც უფრო ღირსეული, მით უფრო მეტია შანსი სასურველი შედეგის მიღებისა…

      მეც მოუთმენლად დაველოდები თქვენს სტუმრობას და განსაკუთრებით თქვენს კომენტარებს 🙂 

      • ქეთი ღვინჯილია:

        პასკალი ამბობდა: ,,ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.» 
        უფალმა ყველას მოგვცა არჩევანის უფლება და აწი ჩვენზეა დამოკიდებული რა გზას ავირჩევთ და ვიქნებით თუ არა უფლისგან ბოძებული ბედნიერი ცხოვრების ღირსი… ეძებეთ უფალი თქვენს გულებში და მჯერა, რომ  აუცილებლად იპოვით … თუ თქვენი გული სიყვარულით ძგერს….

        • admin:

          აი ასეთი ქეთი მომწონს! ახლაც, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე მყოფი!აქამდე, შენს კომენტარებს რომ ვერ ვხედავდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რღაც ვერ იყო რიგზე, რომ თითქოს რაღაც მაკლდა… ახლა ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილზე დადგა…

          უღრმესი მადლობა ქეთი! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! (ნუ ახლა ვიცი მეგობრების შერჩევა და :) )

  4. ასეთი ამბავი აღწერილია დიოგენეს ცხოვრებაში, ოღონდ ახალგაზრდა   ბრძნად მეტყველება უნდოდა.
     
     რაც შეეხება ასეთი ფრმით ღვთის ძიებას, არასწორად მიმაჩნია. თუ იგავი გვინდა, უკეთეები მაქ გაგონილი.
     
    რუბრიკას რაც შეეხება, ძალიან კარგი იდეაა.
     
     
    პ.ს  ამ ბლოგს პოსტის ჩანიშვნის ფუნქცია რომ აქვს იცით? არ არის აუცილებელი ხუთშაბათს დაწეროთ. შესაძლებელია ორშაბათს დაწეროთ და  მიუთითოთ სისტემას,რომ ხუთშაბათს გამოაქვეყნოს.

    • admin:

      უღრმესი მადლობა დავით, რომ პირველივე დღიდან აქტიურად მონაწილეობ ბლოგის საქმიანობაში და ყოველთვის გამოხატავ შენს მოსაზრებებს კომენტარებში! ეს მე ძალიან მეხმარება.

      რაც შეეხება იგავს, არა მგონია ის ღვთის ძიების ფორმებზე იყოს. ალბათ აქ უფრო იგულისხმება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ – სურვილის ძალას მიზნის მიღწევის საქმეში და მერეს მხრივ – თავად მიზნის რაობასაც.

      თუ გვინდა მიზანს მივაღწიოთ – თავად ეს მიზანი უნდა იყოს ღირსეული, ხოლო მისი მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველი, რომ ის იქცეს ჩვენთვის აუცილებელ საციცოცხლო პირობად, რომლის გარეშეც ისევე ვერ წარმოგვიდგენია არსებობა, როგორც სუნთქვის გარეშე.  
       
      გმადლობ აგრეთვე ამ ბლოგის შესაძლებლობებზე გამოცდილების გაზიარებისათვის. თუ დამჭირდა – აუცილებლად გამოვიყენებ 🙂 

  5. ხვიჩა, მშვენიერი იდეაა! იგავებს მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათში ძალიან დიდი სიბრძნე ძევს… ასევე ჩვენს ბლოგერულ საქმიანობაშიც კარგ სამსახურს გვიწევს — პირველი ის, რომ ადამიანებს სიღრმისეულად აფიქრებს; ახალი და საინტერესო კონტენტით ამდიდრებს ბლოგს; ხელს უწყობს ახალი ვიზიტორების შემოდინებას და ავსებს სხვა პროექტებზე/საკითხებზე მუშაობითა და მოუცლელობით გამოწვეულ ვაკუუმს!!!

    • admin:

      გეთანხმები გიორგი!

      ვინ ვინ და შენ კი მოგეხსენება იგავის ძალა და დანიშნულება 🙂 ამიტომაც იყენებ მას (თანაც ძალზე ოსტატურად და ჭკვიანურად) შენს სწავლებებში!

      უღრმესი მადლობა, რომ ყოველთვის ახერხებ ჩემთვის სტიმულის მოცემას!

  6. სევე:

    momewona zogadad idea  konkretuki igavic sainteresoa  da schinarsiani tumca komentarisagan am etapze tavs schevikaveb didi survili maqvs scheni tamadobis dros mogaxseno hemi azri aba schen ici

    • admin:

      გმადლობ სევე! ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ 🙂 და თუ მართლაც ასეა, მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ჩემი თამადობის დრომ კარგა ხანია ჩაიარა 🙂

  7. მზია დოლიძე:

    ძალან მიყვარს იგავები,მათში დევს დიდი სიბრძნე და თან ადვილად გასაგებია.რაც შეეხება ამ კონკრეტულ იგავს,ჩემი აზრით აქ მარტო ღმერთის ძიებაზე კი არ არის გამახვილებული ყურადღება,არამედ- თუ გინდა იპოვო რასაც ეძებ,ის სუნთქვასავით უნდა გინდოდეს.

    • სრულიად გეთანხმებით მზია და უღრმესი მადლობა რომ მუდმივად გვსტუმრობთ და თქვენს მოსაზრებებსაც ყოველთვის აფიქსირებთ კომენტარებში.  ეს ყველაფერი სტიმულს მმატებს და ძალიან მეხმარება!

  8. სევე:

    ase grmad gadaeschvi igavebis morevschi aramgonia ver mixvdi rogor moutmenlad velodebit scheni ketilismsurvelebi schen mier warmotqmul sadgerdzelos kargad ici rasac vgulisxmob

  9. მარიკა:

    Chemi azrit adamiani gmerts mashin edzebs, rodesac dzalian uchirs, an rodesac ashkarad khedavs garshemo arsebuli realobis sazizgrobas da metis atana agar sheudzlia.

  10. ნინო:

    ხვიჩა მოგესალმები პირველ რიგში შენ და მივესალმები შენს წამოწყებას ძალიან გამიხარდა ასეთ ლამაზ საქმეში რომ ხარ ჩართული… ინტერნეტში უამრავი საიტებია მაგრამ ჩემი დიდი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია ამ საიტმა ,მახარებს ის რომ ერთი გვარისანი  ვართ… კეთილი საქმის კეთება არასდროს არ არის გვიან ,დიდ პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს ვინც ახალგაზრდა თაობას დაეხმარება ესეთ შემეცნებით საქმეებში ჩაერთონ, ისწავლონ და გაუზიარონ ჯანსაღი აზრები ერთმანეთს…ისევ და ისევ ჩვენი ლამაზი მომავლისთვის… უდიდეს წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო… 
     

    • admin:

      გამარჯობა ნინო! კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ბლოგზე 🙂 სასიამოვნოა შენი გამოჩენა, თანაც ძალზე საინტერესო კომენტარით! ძალიან გამახარე 🙂 ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს? ფეისბუქის გვერდზე გამომეხმაურე, გთხოვ 🙂

       უღრმესი მადლობა 🙂

  11. ქეთევანი:

    :))) ზოგადად კარგის,სიკეთის სურვილი,ძიება და საქმით აღსრულება არის ადამიანის მოწოდება, ყოველი გადადგმული კეთილი ნაბიჯით კი უფალს ვუახლოვდებით, რაც უფრო დიდი კილომეტრაჟია ამ გადადგმული ნათელი ნაბიჯებისა მით უფრო ახლოს ვდგევართ უფალთან, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ კარგის ქმნაში უფალი  და მფარველი ანგელოზი გვეხმარება ჩვენი კეთილი ნების დართვით…უფალი ასეთ ადამიანებთან განუწყვეტლივ კავშირშია, ამასთან ერთად რწმენა, ეკლესიურობა სრულყოფილს ხდის ადამიანის ამქვეყნიურ არსებობას…უფალო შეგვაძლებინე…:))) თემასთან ახლოს ვარ? ძიება, სურვილი, ქმედება, უფალის პოვნა…  ზოგადად ცხოველი სურვილი + ქმედება = მიზანიც მიღწეულია, როგორც თქვენ მოგვიწოდებთ ხვიჩა ხოლმე თქვენს წერილებში :))) თუ გაგვაჩნია რაღაცის ძლიერი სურვილი, მისკენ მართებული გზაც უნდა შევარჩიოთ, თუმცა ძლიერი მისწრაფება უკვე არის ამ მართებული გზის პოვნის ყველაზე მყარი გარანტი…რაღაც გავცდი მე მგონი თემის ფარგლებს…:) მადლობა
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
    შეგვაძლებინებს მთავარი მიზნის მიღწევას — უფალთან დამკვიდრებას

    • ელენე გოგალაძე:

      ბიბლიოთეკაში ვატარებთ ს.ს. ორბელიანზე ღონისძიებას.ჩართულია თემა «იგავარაკები და თანამედროვეობა’,რით დაგვეხმარებით.

      • admin:

        მოგესალმებით ქალბატონო ელენე.

        მე დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ მეტყვით რაში გჭირდებათ დახმარება…  რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო?

  12. ძალიან მომწონს ეს გვერდი დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა რომ შევამჩნიე დიდი მადლობა ამისათვის რომ ეს იგავ-არაკები დადეთ ამ საიტზე ჩემს დას დაეხმარა იგავ-არაკი ჰქონდა დასაწერი სკოლისთვის მოსაძიებელი და ძალიან გამოგვადგა ძალიან კარგიი რამ არის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის!!!

  13. admin:

    მიხარია, რომ სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის აქ სტუმრობა ლიკა 🙂 გმადლობთ გამოხამურებისთვის, მადლიერებისთვის! წარმატებებს გისურვებთ! 🙂

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.