წინასწარმეტყველება… ანუ – მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…

“არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც კი ითვლებოდა.

საქმე იმაშია, რომ ბარის ინტერესის სფეროში მოსახვედრად უბრალოდ მდიდარ ადამიანად ყოფნა საკმარისი არ იყო.  მის მომავალ კლიენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ძვირად ღირებული ანტიკვარიული ნივთები ან უმაღლესი ხარისხის ძვირფასეულობა და თან აუცილებელად უნდა ყოფილიყო საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენელთა სიაში.

ამავე დროს, ის იპარავდა არა ყველაფერს რასაც თუნდაც ამ ადამიანთა სახლში წააწყდებოდა.  ბარი იყო ანტიკვარიულობის და ძვირფასი ქვების უბადლო ექსპერტი, თანაც ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა ძალზე დახვეწილი გემოვნება და იპარავდა მხოლოდ ძალზე იშვიათ და განსაკუთრებულ ნივთებს.

სწორედ ამიტომ, არტურ ბარის მიერ გაქურდულთა სიაში ყოფნა,  მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ერთგავრ სიმბოლოდაც კი იქცა. 

მრავალწლიანი წარმატებული „მოღვაწეობის“ შემდეგ არტურ ბარი, როგორც იქნა მაინც დააკავეს და მან 18 წელი გაატარა ციხეში. სასჯელის მოხდის შემდეგ ის თავის პროფესიას არ დაბრუნებია.  ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე ომის ვეტერანთა  იქაური ორგანიზაციას საპატიო ხელმძღვანელი იყო.

ერთხელ მას ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა:

– მისტერ ბარი, მრავალწლიანი დანაშაულებრივი ცხოვრების განმავლობაში თქვენ გაქურდეთ უამრავი უმდიდრესი ადამიანი. საინტერესოა, გახსოვთ თუ არა ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი მოპარეთ?

– რა თქმა უნდა მახსოვს, – უპასუხა ბარიმ – ადამიანი, ვინც მე ყველაზე მეტად გავქურდე არის არტურ ბარი! დიახ, ყველაზე მეტი სწორედ საკუთარ თავს მოვპარე. იმის მაგივრად, რომ სათანადოდ გამომეყენებინა ჩემი ტალანტი და შესაძლებლობები და გავმხდარიყავი წარმატებული, საზოგადოებაში დაფასებული პიროვნება, მე ავირჩიე დამნაშავის გზა და ჩემი მოწიფული ცხოვრების ერთი ნახევარი გავატერე ქურდობაში, მეორე ნახევარი კი – ციხეში.”

როცა ეს ისტორია პირველად წავიკითხე, მე მართლაც გულის სიღრმემდე შემძრა ერთის მხრივ ამ ადამიანის მრავალმხრივმა ტალანტმა და მეორეს მხრივ მისი ცხოვრების ტრაგიზმმა, თუმცა მაშინ რატომღაც აზრად არ მომსვლია, რომ მე თვითონაც მთელი ცხოვრება სწორედ არტურ ბარივით ვიცხოვრე.

დიახ, მე მთელი ცხოვრება ვქურდავდი საკუთარ თავს. ყოველი წუთი, რომელიც  არ მიმიძღვნია ჩემი ოდესღაც სანუკვარი ოცნებების განხორციელებისთვის, ჩემი პიროვნული ზრდისა და წინსვლისთვის არის დრო, რომელიც საკუთარ თავს და ცხოვრებას მოვპარე, დრო, რომელიც საკუთარი ოცნებების ღალატში გავატარე.

„რას ამბობ ხვიჩა?“ – მითხრა ერთმა ჩემმა ძალზე ახლობელმა ადამიანმა –  „მარტო ის ღირს ზოგიერთების მთელ ცხოვრებად, რაც შენ წიგნები გექნება წაკითხულიო“…

მერე რა? ჯერ ერთი, თუ არ გამოიყენებ რა მნიშვნელობა აქვს წიგნები თაროებზე აწყვია თუ თავში? ასეთ შემთხვევაში მათ წაკითხვაზე დახარჯული დროც ხომ მოპარული დროა?

და თუ ხვდები, რომ წიგნები სინამდვილეში უზარმაზარ გავლენას ახდენენ შენზე, მაშინ, ხომ ყურადღებით უნდა შეარჩიო რას წაიკითხავ და გაანალიზო რასაც წაიკითხავ?

მე კი რას ვაკეთებდი? მთელი ცხოვრება ვკითხულობდი, მაგრამ ვკითხულობდი განურჩევლად და ვინაიდან ყოველთვის ვკითხულობდი მთელი გულით, მთელი არსებით და  პრაქტიკული თვალსაზრისით ყოველგვარი ანალიზის გარეშე ჩემს წარმოსახვაში ვცხოვრობდი ნაწარმოებების გმირების ცხოვრებით, ჩემი განწყობაც და თქვენ წარმოიდგინეთ რეალური ცხოვრებაც იმის და მიხედვით იცვლებოდა, თუ რას ვკითხულობდი დროის კონკრეტულ პერიოდში.

თან, ამ დროს, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამხელა ძალადობას ჩავდიოდი ჩემს ქვეცნობიერზე, რა ურთიერთგამომრიცხავი რწმუნებულებებით ვკვებავდი მას და მერე მიკვირდა, თუ რატომ იყო თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსი.

ამასწინათ ერთი, საკმაოდ საინტერესო პიროვნების, ყოფილი მილიონერის (თუმცა ვერ გავიგე რატომ უწოდებენ მას „ყოფილს“, რადგან მილიონერობა ეს გარკვეული აზროვნების ფორმაა და თუ ადამინს აქვს ასეთი აზროვნება, ასჯერაც რომ წაართვათ ეს მილიონები, ცეცხლშიც რომ დაუწვათ მთელი ქონება, სადმე აფრიკის ჯუნგლებში გადაასახლოთ, ის მაინც იშოვის მილიონს) გერმან სტერლინგოვის ინტერვიუს ვუყურე, სადაც ის ერთგან დოსტოევსკის შემოქმედებას იდიოტიზმს უწოდებს და ამბობს, რომ საკამარისად უყვარს თავისი შვილები იმისთვის, რომ მათ თავი მსგავსი სისულეებით არ გამოუტენოს.

მე არც ასეთ რადიკალიზმს ვემხრობი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ დღეს კლასიკოსების კითხვა სიამოვნებას უკვე არ მანიჭებს. ეს არ არის მობეზრება.  არა, ასეთი რამეები არ ბეზრდებათ, უბრალოდ როცა ვნახე, რომ სხვის მიერ შექმნილით ტკბობაში  წლები ისე გავიდა, რომ მე თვითონ ჯერ არაფერი შემიქნია ღირებული, მოტივაცია დავკარგე… 

ანდა ავიღოთ თანამედროვე მსოფლიო კინოინდუსტრიის, განსაკუთრებით ჰოლივუდის მიერ შექმნილი პროდუქცია. როცა რენდი გეიჯის ბესტსელერში „რატომ ვართ ავადმყოფები, სულელები, ღარიბები და როგორ გავხდეთ, ჯანმრთელები, ჭკვიანები და მდიდრები“  წავიკითხე, თუ როგორ აპროგრამებენ  ჰოლივუდის „კინოშედევრები“ (მაგალითად: „ტიტანიკი“, „ადამიანი ობობა“ და ა.შ.)  ადამიანის ქვეცნობიერს წარუმატებლობაზე, მივხვდი, თუ რატომ იყო ასეთი ფილმების ყურება თავის დროზე ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი გართობა.

მსგავსი ფილმები თავბრუდამხვევი წარმატებით იმიტომ სარგებლობენ, რომ გათვლილია ღარიბთა ფსიქოლოგიაზე, ასეთები კი კაცობრიობის 99% –ია.

მათი შემქმნელები  ერთის მხრივ გვანახებენ მდიდართა ამაზრზენ სახეს, მათ სიხარბეს, ვერაგობას და გაუტანლობას, იმას, თუ რა უბედურია მათი ყოფა მიუხედავად უზარმაზარი სიმდიდრისა, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე შთამბეჭდავად გვიხატავენ ღარიბი ადამიანების კეთილშობილებას, აღტაცებით გვიყვებიან ცხოვრებით ტკბობის მათ ნიჭზე, სიყვარულის და ერთგულების ისეთი განცდის უნარზე, როგორიც მდიდრებს არც კი დაესიზმრებათ.

ამ ყველაფრით აღტაცებაში მოჰყავთ მილიონობით ადამიანი, რომლებიც თვალზე ცრემლმოდგარნი უყურებენ ადამიანთა ყოფის ამ „ჭეშმარიტებას“, როგორც მათი ერთფეროვანი, უღიმღამო ცხოვრების გამართლებას და ფილმის ნახვის მერე ამაყად თავაწეულები დააბიჯებენ: „მართალია, ჩვენ არ ვართ მდიდრები, სამაგიეროდ კეთილშობილი, ღირსეული ადამიანები ვართ“…

ვერ გახდები წარმატებული და მდიდარი ადამიანი, თუ მთელი ცხოვრება ასეთ ფილმებს უყურებ…

არადა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი შედევრების შემქნელები, ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად სიღარიბის რეკლამას ეწევიან, თვითონ უსაშველოდ მდიდრდებიან სწორედ ამის ხარჯზე.

სამწუხაროდ ადამიანთა 99%  და მათ შორის ალბთ თქვენც, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობთ, ცხოვრობს ამგვარი „დანაშაულებრივი“ ცხოვრებით.

ვიცი, ეს ბევრს არ მოგეწონათ, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი რომ ყოველთვის დაუფარავად გითხრათ სიმართლე… ან ყოველი შემთხვევისთვის „ჩემი სიმართლე“

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ წარმატება, ისევევ როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, ექვემდებარება გარკვეულ კანონებს და გამიჩნდა ამ კანონების შესწავლის და მათ შესაბამისად ცხოვრების სურვილი, გადავწყვიტე, რომ ეს თვითაღზრდა გამეხადა საჯარო.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეგრძნო და მეორეც – მინდოდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო ინფორმაცია ამ კანონების შესახებ, რათა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს  გასჩენოდა შანსი სულ სხვა კუთხით, ახლებურად ჩაეხედა საკუთარ თავში, გადაეხედა საკუთარი აზროვნების ფორმის, ცხოვრების სტილისთვის  და ჰქონოდა საშუალება ამის შემდეგ გაეკეთებინა არჩევანი – გააგრძელებდა ძველებურად, თუ დაიწყებდა ახალ ცხოვრებას.

მე თვითონ დიდი ხანი მომინდა ამ ყველაფერში გასარკვევად. დღეს 41 წლის გავხდი, მაგრამ მხოლოდ ერთი წელია რაც მღვიძავს (!)

უფრო ზუსტად თვალი პირველად 2 წლის წინ გავახილე, როცა ერთხელ, „შემთხვევით“ ხელში ჩამივარდა ჯორჯ კლეისონი წიგნი „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“.  მას მაშინვე მოყვა ორისონ სუეტ მარდენის „უდიდესი საიდუმლო–აზროვნების წარმოუდგენელი ძალა“ და რობერტ კიოსაკის „ფულის ნაკადის კვადრანტი“.  შემდეგ უკვე ვერ ვჩერდებოდი: კიოსაკი, ჰილი, შეფერი, კენფილდი, ბრენსონი… და ეს ყველაფერი ისე მოულოდნელი და თვალისმომჭრელი იყო რომ გონზე მოსვლასა და ბოლომდე გამოღვიძებას კიდევ ერთი წელი დასჭირდა.

და აი ახლა, როცა ჩემი დღევანდელი დღის და გასული წლების შედარებით ანალიზსს ვაკეთებდი, მომინდა ეს ანალიზიც საჯარო გამეხადა, მაგრამ ვინაიდან პოსტის ფორმატში ყველაფერს ვერ ჩავატევდი, გადავწყვიტე აქ ერთ–ერთ უმთავრეს მომენტზე გამემახვილებინა ყურადღება:

ჩვენი წარმატების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვკითხულობთ, რას ვუყურებთ, რას ვუსმენთ და რაც მთავარია როგორ ვიყენებთ იმ ინფორმაციას, რასაც წაკითხულიდან, ნანახიდან თუ მოსმენილიდან ვღებულობთ.

ამიტომ, გადახედეთ თქვენც ცხოვრებას კიდევ ერთხელ. გაიხსენეთ თქვენი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებები ლიტერატურაში, მუსიკაში, კინოხელოვნებაში და შეეცადეთ გაანალიზოთ მათი შინაარსი იმის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

არის თუ არა მათში ის, რასაც შეუძლია რამე შეგძინოთ პრაქტიკული თვალსაზრისით. რასაც შეუძლია ისეთი რამ გასწავლოთ, რის გამოყენებასაც პრაქტიკულად შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში რეალური შედეგების მისაღებად და შემდეგ, გაგვიზიარეთ თქვენი ანალიზის შედეგები ან აქვე კომენტარებში, ან ნებისმიერი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით, რომლებიც ამ ბლოგზე მაქვს მითითებული, რომ მერე ერთად ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე.

თუ არ დაიზარებთ ამის გაკეთებას. თქვენ ძალიან ბევრს შეიტყობთ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და იმ მიზეზებზე, რომელმაც თქვენი დღევანდელი რეალობა შექმნა.

დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ მთელი დღეები ნაცრის ქექვაში ხართ გართული იმის იმედით, რომ ერთ დღესაც გადეყრებით დევს, რომლის ქონებასაც მისი გაბრიყვებით დაეპატრონებით და მერე იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად–ძალიან შემცდარხართ, რადგან ასეთი რამ არ ხდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ დევის ქონება ჩაიგდოთ ხელში, მაგრამ ბედნიერებას ნამდვილად ვერ ეღირსებით.

დამიჯერეთ… მე თვითონ 40 წელი ვქექავდი ნაცარს(!)

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

35 thoughts on “წინასწარმეტყველება… ანუ – მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…”

  1. მიუხედავად, ნაცარქექიას მიმართ ჩემი უსაზღვრო სიმპათიისა (ნაცრის ქექვასაც — ალეგორიულად, აზროვნებას — დიდი სიმამაცე სჭირდება ), ეს პოსტი ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა. ბევრეჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ხვიჩა, შენში უზარმაზარი პოტენციალია, იყო საუკეთესო მასწავლებელი პიროვნული განვითარების სფეროში, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ… საუკეთესო მოსწავლე ხარ შენ მიერ სტატიაში ჩამოთვლილი თითოეული პიროვნებისა.

    რაც შეეხება, თავად სტატიას, მარტო ამ ორი ფრაზისთვის ღირდა მისი წაკითხვა: 
    «თუ არ გამოიყენებრა მნიშვნელობა აქვს წიგნები თაროებზე აწყვია თუ თავში
    «გადავწყვიტე, რომ… თვითაღზრდა გამეხადა საჯარო.«
    კიდევ ერთხელ, გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის მიგეწვდინოს ხმა!!! 

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ქეთევან! მოლოცვისთვისაც, კომენტარისთვისააც და საერთოდ ყველაფრისთვის. ჩემი ერთ–ერთი მასწავლებელი ხომ შენც ხარ! 

      რაც შეეხება ნაცრის ქექვას, რაღაც არ მახსენდება, რომ ბავშვობაში, როცა ეს ზღაპარი წავიკითხე, ალეგორიებზე და მსგავსი კატეგორიებით აზროვნებაზე წარმოდგენა მქონოდა… მე მაშინ ყველაფერს პირდაპირ აღვიქვამდი, სწორედ ისე  როგორც ეწერა… 🙂

      პასუხი
  2. ბავშვობაში, ალბათ :), ახლა კი, ეს უფრო დაგაინტერესებს:

    “ზ. გამსახურდია წერს: ,,იგი მედიატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ყველა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით, იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე»”

    პასუხი
    •  ქეთევან, ამ შემთხვევაში მე სწორედ ის მაინტერესებს, ბავშვის გონება, მისი ქვეცნობიერი როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს, რადგან ზღაპრები პირველ რიგში სწორედ ბავშვებისთვისაა…და არა იმ ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბევრად უფრო ღრმა შინაარსი, ეროვნული ან/და ზოგადსაკაცობრიო იდეები ეძიონ მათში… და იპოვონ კიდეც. მითუმეტეს თუ ზ.გამსახურდიასავით  გენიალური ნიჭი დაანათლა უფალმა 🙂

      პასუხი
  3. Xvicha, Qeti, ra sicocxleebi xart, vamayob tqvenit! Gilocav iubiles, Xvicha da minda gkitxo, – ar ggonia, rom swored im 40 wliani ,,nacris qeqvis” damsaxurebaa,  dges am ,,ganzebis” agmochena  profesionalur doneze rom gamogidis?!  

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ნინო მოლოცვისთვის… და შეკითხვისთვისაც!

      რა თქმა უნდა, 40 წლიანმა “ნაცრის ქექვამ” უდიდესი გამოცდილება შემძინა – მან დამარწმუნა, რომ მარტო ნაცრის ქექვით წარმატების მიღწევა შეუძლებელია 🙂

      ედისონის სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ამ 40 წლის განმავლობაში მე თვითონ მოვსინჯე თითქმის ყველა გზა, რომელსაც არ მიყვავართ წარმატებისკენ… არადა არსებობს უამრავი გზამკვლევი, რომელსაც შეუძლია თავიდანვე მოგვცეს სწორი მიმართულება და ჩემი ბლოგით მე ვცდილობ მკითხველებს სწორედ ამ გზამკვლევების არსებობაზე მივაწვდინო ინფორმაცია… 

      კიდევ ერთხელ გმადლობ ნინო და მიხარია, რომ უკვე აქაურობის მუდმივი სტუმარი ხარ 🙂

      პასუხი
  4. არ გიცნობთ პირადად, მაგრამ მინდოდა დიდი მადლობა მეთქვა ასეთი სტატიისათვის, ამით ჩემი სათქმელი თქვით… სრულიად შემთხვევით ვიპოვე ქართული საიტი, რომელსაც ჩემს ფეივორიტებში ჩავნიშნავ იმედია მალე პირადად გაგიცნობთ… 
     
     

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, მარინა, რომ მეწვიეთ, და თან საკუთარი აზრიც გამოხატეთ…

      დარწმუნებული ვარ სათქმელი კიდევ ბევრი გაქვთ და მათ პირადად თქვენგან მოვისმენთ…

      რა თქმა უნდა გამიცნობთ და არამარტო მე 🙂 საქართველოში მართალია ჯერ იმ დონეზე არ ვართ პიროვნული ზრდის თემატიკით დაინტერესების მხრივ, როგორც იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მაგრამ გარკვეული ძვრები უკვე დაწყებულია და როცა ჩამოხვალთ აქ უამრავ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ… და დარწმუნებული ვარ თქვენის სახით ჩვენც არანაკლებ საინტერესო ადამინის გაცნობის პერსპექტივა გველოდება წინ 🙂

      პასუხი
  5. ხვიჩა, მოგვიანებით წავიკითხე ეს სტატია. ყოჩაღი ბიჭი ხარ, რომ მიხვდი და აღიარე :), გვიან არასდროს არაა გამოსწორება. მილიონერობისკენ სწრაფვაში, თვითაღზრდაში ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორად მე ოჯახი მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ შენის მიერ შექმნილი და მოპოვებული ( ყველა სფეროში )გადასცე ყველაზე საყვარელ არსებებს , შვილებს.
    ამის მიხვედრას რამდენი წელი მოუნდები? 🙂 🙂
     
    იმედია, არ მიწყენ.

    პასუხი
    • რა თქმა უნდა არ გიწყენ მანანა 🙂 შენ ხომ მართალს მეუბნები, თანაც მეუბნები სიყვარულით და კეთილი სურვილებით…  და კიდევ – არც იუმორთან ვარ მწყრალად 😀

       

      პასუხი
  6. ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი, ცივი შხაპივითაა, გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში ძილისგან კი არა, ნაცრის ქექვისგან ვფხიზლდებით. მადლობა ამისთვის!!! 

    პასუხი
  7. კიოსაკი, ჰილი, შეფერი, კენფილდი, ბრენსონი…. გთხოვთ ეს სია განავრცოთ )) თქვენი “საყვარელი” ავტორების ჩამონათვალით!

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, ნიკოლოზ, რომ გვეწვიეთ და თანაც გამოგვეხმაურეთ!

      ამ ბლოგზე არის განყოფილება “ბიბლიოთეკა” სადაც მე ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ემაზე გამოცემული წიგნები მაქვს მითითებული, თუმცა გავითვალისწინებ თქვენს რჩევას და უახლოეს მომავალში თანდათანობით დავდებ ყველა იმ წიგნის ჩამონათვალს, პიროვნული ზრდის თემატიკაზე, რომელიც მე თვითონ წამიკითხავს და/ან მაქვს გეგმაში რომ წავიკითხო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის თარგმნილი ქართულ ენაზე 🙂

      პასუხი
  8. ვნახე თქვენი „ბიბლიოთეკა“ და მოხარული ვარ, რომ „არის“ მართლაც დამაფიქრა ამ პოსტმა!

    წიგნები: ჰილი (წარმატების კანონი), კიოსაკი და ლეჩტერი (ფულის ნაკადის კვადრანტი), კარნეგი (როგორ შევიძინოთ მეგობრები როგორ მოვიმხროთ ადამიანები), შეფერი (წინსვლა ფინანსური წარმატებისკენ), მაქვს, და „ვკითხულობ“ კიდეც(არა მარტო ვკითხულობ, ვცდილობ ცხოვრებაში დავნერგო მათში მოცემული რჩევები.

    ასევე ჯიმ რონის (ბედნიერების და წარმატების მიღწევის შვიდი სტრატეგია) „ვკითხულობ“,და მოხარული ვიქნები, თუ: “უახლოეს მომავალში თანდათანობით დადებთ ყველა იმ წიგნის ჩამონათვალს, პიროვნული ზრდის თემატიკაზე, რომელიც თქვენ თვითონ წაგიკითხავთ და/ან გაქვთ გეგმაში, რომ წაიკითხოთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის თარგმნილი ქართულ ენაზე”!

    ასევე “სიურპრიზმაც” დ ათქვენმა წიგნმა:”როგორ დავაღწიოთ თავი საკრედიტო მონობას” ძალიან დამაინტერესა და მოუთმენლად ველი თქვენს ნაშრომს: „აქ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მარტო ფულის გადადება არ არის საკმარისი, საჭიროა მისი ინვესტირებაც, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. მე მას ახლა აქტიურად ვსწავლობ და ჩემ მიერ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ მომავალში“!

    ამ თემის ირგვლივ (ინვესტიციები) წარმატებას გისურვებთ, და იმედი მაქვს:„შემდეგ, რა გზებითაც არ უნდა გვატაროს ცხოვრებამ, ერთ დროს, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს იქ, წარმატების მწვერვალზე და მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ ერთხელაც გაკადნიერდით და გადავწყვიტეთ (ჩემი) „დამოძღვრა!“ და რომ, სიტყვები სიტყვებად არ დარჩება!

    პასუხი
    • არაჩვეულებრივია! თუ თქვენ ამ წიგნებს კითხულობთ, ე.ი. უკვე პირველი ნაბიჯებიც გადაგიდგამთ და ალბათ ისიც იცით, რომ წინსვლისთვის მარტო წაკითხვა არ კმარა 🙂

      წარმატებებს გისურვებთ ნიკოლოზ!.. და წიგნების სიას აუცილებლად დავდებ 🙂

      პასუხი
  9. ვცდილობ 🙂 ჯერ 18 წლის ვარ და მიჭირს ნაბიჯების გადადგმა (პრაქტიკაში დანერგვა მოცემული რჩევების) ! თან, თანატოლებში, “კურსელებში,” (პოტენციურ თანამოაზრეებში) თითქმის “ვერ ვავრცელებ” ასეთ ლიტერატურას, (არ უნდათ მათი კითხვა და როცა მე ვკითხულობ, თუ შემამჩნიეს, მეუბნებიან დაახლოვებით ასეთ რამეს: “რაებს კითხულობ!” ) მაგრამ მაინც მჯერა, გულის სიღრმეში მჯერა წარმატების 🙂 (თუნდაც იმიტომ რომ არსებობთ თქვენ, და თქვენნაირი ადამიანები)
    p.s. (წინა “წერილში” ვთქვი: ჯიმ რონის “ბედნიერების და წარმატებს მიღწევის შვიდი სტრატეგია” 🙂 უნდა დამეწერა: “სიმდიდრისა და ბედნიერების მიღწევის 7 სტრატეგია”)
     

    პასუხი
    • შესანიშნავია ნიკოლოზ! ასე გააგრძელე!

      რაც შეეხება ლიტერატურის თანატოლებში გავრცელებას – არც არის საჭირო! მთავარია შენ თვითონ იმოქმედო და იცხოვრო წარმატების კანონების შესაბამისად და რაც უფრო შორს წახვალ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტ თანამოაზრეს შეხვდები და გაიცნობ, ხოლო შენი დღევანდელი თანატოლი მეგობრებიდან, ვინც შენი “პოტენციური თანამოაზრეა” ის თვითონ მოგძებნის შემდეგ და შემოგიერთდება 🙂

      თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, ან რამის გაზიარება მოგინდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიკავშირდე ნებისმიერი საკონტაქტო საშუალებით.

      წარმატებებს გისურვებ! შევხვდებით მწვერვალზე! 

      პასუხი
  10. “თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, ან რამის  გაზიარება  მოგინდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიკავშირდე ნებისმიერი საკონტაქტო საშუალებით” ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის ბევრს ნიშნავს 🙂 დიდი მადლობა ! ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიმდიდრე; ამ წარმატების ფორმულაზე “ვმუშაობ.” ყოველ დღე, თითო ჩვევაზე ვმუშაობ ! ამჯამად, ბედნიერება – ზე ვერაფერი ჩვევა მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ დავიწყო დღე მანამ, სანამ არ დამამთავრებ ამ დღის დაგეგმვას! ჯანმრთელობა – ვცდილობ ვივარჯოშო დისციპლინირებულად და 2,5ლ წყლის დალევა მოვახერხო! სიმდიდრე – ვინაიდან ჯერჯერობით არ მაქვს სამსახური, შემოსავალ (ყულაბა) – გასავალს (მათხოვრები, ეკლესია) მაინც ვაწარმოებ, თავისი ჩარჩოებით რათქმაუნდა 🙂  21 დღე რომ გავა, (იმედია 90 დღე არ დამჭირდება) საფუძვლიანად რომ დავნერგავ ამ ჩვევებს ყოველდღიურობაში, სხვა ჩვევებზე დავიწყებ მუშაობას! მომავალს რწმენით ვუყურებ და არა შიშით! თუმცა არის საკითხები, რომელსაც ჯერჯერობით ეჭვის თვალით ვუყურებ! მოკლედ, “ფეხს ვიდგამ” 🙂

    პასუხი
    • ნებისმიერ საქმეში მთავარია დაწყება, პიველი ნაბიჯის რწმენით გადადგმა, რაც შენ უკვე გაგიკეთებია. ახლა მთავარია არ გაჩერდე 🙂

      საინტერესო და წარმატებულ მოგზაურობას გისურვებ! 🙂

      პასუხი
  11. გამარჯობა ხვიჩა.დროის დეფიციტის გამო გვიან–გვიან მიწევს ხოლმე შენი სტატიების წაკითხვა.აღფრთოვანებული ვარ.ისე უბრალოდ,მარტივად და გასაგებად გადმოსცემ შენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას,ადამიანს ეგონება,შენთან ხელჩაკიდულმა გაიარა იგივე გზა.თუმცა დასკვების გამოტანა და რეალურ შედეგამდე მისვლა ჩვენზეა დამოკიდებული.სწორედ ამიტომაა სასიხარულო  და საჭირო თქვენისთანა ადამიანების არსებობა,რომ სხვებსაც დაეხმაროთ ჭეშმარიტების შეცნობაში.ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ შენც,თამარიც,გიორგიც და ქეთევანიც.ბედნიერი ვარ,რომ სრულიად შემთხვევით(ან განგების ნებით) შევხვდი სოციალურ ქსელში ჯერ გიორგის,შემდეგ თამარს.იმ ადამიანებს ხომ ეხმარებით,ვისაც ეგონა,რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა და მათ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა აღარ შეიძლებოდა.ამასთან, აკთებთ უდიდეს სამომავლო საქმეს ახალაზრდებისათვის.სამწუხარო მხოლოდ ისაა,რომ ახალგაზრდებში ჯერ არ შეინიშნება  სათანადო დაინტერესება.ნიკოლოზი ხომ წერს,ჩემს გვერდით მყოფნი არ არიან დაინტერესებულებიო.მე იგივე პრობლემა სახლში მაქვს.ჩემი 19 წლის შვილი,რომელიც სტუდენტია,ვერაფრით დავაინტერესე ამ თემატიკის წიგნებით.შეიძლება  გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო,რომ რაღაც–რაღაცეებს მიხვდეს და სხვა თვალით შეხედოს.მაგრამ თუკი იმის შანსი გაქვს ,რომ დაინახო სხვაზე ადრე,რატომ უნდა დაკარგო დრო?ამიტომ მინდა,ჩემი “თავში ჩალაგებული წიგნები” ცხოვრებაში გამოვიყენო.გისურვებ წარმატებებს…

    პასუხი
    • მშვენიერია ლალი! მე მჯერა რომ აუცილებლად შეძლებ «თავში ჩალაგებული წიგნების» ცხოვრებაში გამოყენებას! 🙂 და აი სწორედ ეს იქნება შენი შვილისთვისაც ყველაზე დიდი “არგუმენტი”. რადგან შვილის დაინტერესება, ისევე როგორც სხვათაშორის ნებისმიერი ადამიანის, ყველაზე მეტად პირადი მაგალითით შეგვიძლია… 🙂 

      უღრმესი მადლობა რომ ხშირად მსუტმრობ და საკუთარ აზრებსაც აფიქსირებ 🙂

      პასუხი
  12. gmerts madloba tqven rom wwagawydit 22wlis var da yvelaferi dakarguli megona cxovrebashi.madloba ufals da tqven.vloculobdi rom chemtvis cxovrebis gzis povnashi damxmareboda….,da ai tqveni am statiit gza machvena.madloba madloba madlobaaaaaaaaaaa.gmerti shegewiot 

    პასუხი
    • უღმესი მადლობა შთაბეჭდიელებების გაზიარებისთვის მედეა! ძალიან მიხარია, რომ ჩემს ბლოგზე სტუმრობა სასარგებლო აღმოჩნდა შენთვის 🙂

      არ არსებობს ყველაფრის დაკარგვა, არ არსებობს დასასრული, საბოლოო წერტილი. ყოველი დანაკარგით ჩვენ რაღაცას ვპოულობთ, ნებისმიერი დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია… მითუმეტეს როცა ასეთ არაჩვეულებრივ ასაკში ხარ… 🙂 შენ, ისევე როგორც ნებიმიერი ადამიანი, გაჩენილი ხარ ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის, შენ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხარ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული მიიღებ ამ ყველაფერს თუ არა… 🙂

      წარმატებებს გისურვებ! და კიდევ:თუ რამე შეკითხვა დაგებადება ან რამე რჩევა დაგჭირდება, ანდა პირიქით–რაიმე იდეის და/ან გამოცდილების გაზიარება მოგინდება, ნუ მოგერიდება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე ნებისმიერი საკონტაქტო საშუალებით შეგიძლია მომაწვდინო ხმა. გინდა აქ კომენტარებში, გინდა სოცქსელებში, გინდა ელფოსტით…

      შევხვდებით მწვერვალზე! 🙂

      პასუხი
  13. დაახლოებით 10წლის წინ დავწერე პატარა ჩანახატი “შეცხადებიდან შეცხადებამდე” სადაც საკუთარ თავს ქურდს ვამსგავსებ და ვწუხვარ ამის გამო, წუხილით დღემდე ვწუხვარ… მგონია ფული ვერ შევიყვარე საკმარისად რომ მის საშოვნელად გავისარჯო

    პასუხი
    • მარუ, ცოტა ხანში ამ ბლოგზე გაიხსნება ახალი რუბრიკა “მკითხველის გვერდი”, სადაც ჩემი ბლოგის მკითხველთა სტატიები, ჩანახატები, ნოველები და სხვადახსხვა სახის პოსტები გამოქვეყნდება და შეგვიძლია შენი ჩანახატი ამ რუბრიკაში გამოვაქვეყნოთ… თუ გექნება ამის სურვილი რა თქმა უნდა :)))

      რაც შეეხება შეყვარებას და გარჯას, მე მგონი ჩვენი (ადამიანების) პრობლემა პირველ რიგში იმაშია რომ გვიჭირს საკუთარი თავის მიღება და შეყვარება ისეთებად როგორებიც ვართ… და შესაბამისად, სხვებიც (მათ შორის ფულიც) გაგვირბიან ან არ გვღებულობენ 🙂

      პასუხი
  14. cxovrebas didi chkua da gamocdileba chirdeba. bednierebaa vinc am gamocdilebas gamocdilebidan igebs da sxvisi shecdomebis ganmeorebas tavs aridebs. warmatebistvis aucileblad sachiroa sakutari pirovnebis mowesrigeba.

    პასუხი
  15. სტატია გიტაცებს გულახდილობითა და გააზრებით, თუმცაღა, ბატონო ხვიჩა, ბევ რაიმეში არ გეთანხმებით. რა თქმა უნდა ყველას თავისი სიმართლე აქვს და თავისი მსოფლმხედველობა. ე პირადად იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც თქვენს მსგავსად ცხოვრობდა და ეხლავ ესე ცხოვრობს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თქვენ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით და თავისთავად ცხადია ამჟამინდელი ცხოვრებისეული ფასეულობების ცვალებადობამ თავისი ზემოქმედება იწონია თქვენს საერთო მისწრაფეფებზე და შეხედულებებზე. ერთის მხრივ ეგ დადებითია, რადგან ადამიანმა უნდა ისწავლოს ახალ პირობებთან ადაპტირება, მეორეს მხრივ კი – კვლავ ხომ არ გამოვიტენით ტავს ჩვენი ყოფისატვის უსარგებლო ინფორმაციით? ღა პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეგძინათ უცხო ჩამომავლობის ავტორტა წიგნებმა? დამისახელეთ მაგალითები, თუნდაც მსიფლიო მასშტაბით, იმ წარმატებული ადამიანებისა ვინ ამ წიგნების მეშვეობით გახდა წარმატებული და მილიონერი. თუ ადამიანში თავიდანვე არ დევს ტალანტი მართოს ხალხი ან თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
    შექმნილი ვითარება, არ გააჩნია წინასწარგანჭვრეტის უნარი და უამრავი სხვა რამ, რაღაც მეეჭვება რომ ეს ადამიანმა იმ დონეზე შეისისხლხორცოს, რომ მიაღწიოს მაღალ მწვევრვალს. რც სტალინს, არც ჩერჩილს ან რუზველტს, არც გენრი ფორდს არ წაუკითხავთ კარნეგი ან მისთანანი და არც გეიტს და არც ცუკერბერგერს. ისინი თავად წერენ მსგავს წიგნებს.

    პასუხი
  16. მადლობა გამოხმაურებისთვის ქ-ნო ნინო. ბზობის დღესასწაულს გილოცავთ ✝️ რუსთაველსაც არ ჰქონდა წაკითხული ვაჟა მაგალითად ისე დაწერა ვეფხისტყაოსანი, მაგრამ რა, ეს რამით აკნინებს ვაჟას გენიას ან მისი შემოქმედების მნიშვნელობას და გავლენას შემდგომ თაობებზე? არც სოკრატეს ჰქონდა წაკითხული პლატონი, არისტოტელე, ნიცშე, კანტი ჰეგელი და ასე შემდეგ, უფრო მეტი თვითონაც არ დაუწერია არაფერი მაგრამ ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსად ითვლება თუმცა ეს არ აკნინებს არც მისი მოსწავლის პლატონის და არც მისი მოსწავლის მოსწავლის არისტოტელეს გენიას და მნიშვნელობას…

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.