
კორეის ომის პერიოდში, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ შეძლებულ ოჯახში ერთ საღამოს ტელეფონმა დარეკა. დაისახლისმა აიღო ყურმილი და სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა როცა საკუთარი ვაჟის ხმა გაიგონა.
უკვე თვეები გასულიყო, რაც კორეაში მყოფი შვილისგან არაფერი ისმოდა და ახლა ქალი კინაღამ გაგიჟდა სიხარულისგან, როცა გაიგო რომ მისი ვაჟი უკვე ამერიკაშია, სან დიეგოში, დასავლეთ სანაპიროზე, საღ-სალამათი და სულ რამოდენიმე საათი აშორებდა მშობლებთან შეხვედრას.
– დედა, ჩემთან ერთად ჩემი ერთი თანამებრძოლია, ის ომში სერიოზულად დაიჭრა. დაკარგა თვალი, ხელი და ფეხი. მე მინდა გთხოვო მისცე უფლება რომ ჩვენთან დარჩეს.
– რა თქმა უნდა შვილო, – უპასუხა ქალმა. – ეტყობა ის ძალიან მამაცი და კეთილშობილი ახალგაზრდაა. მას შეუძლია ჩვენთან დარჩეს რამოდენიმე დღით.
– დედა, შენ ვერ გამიგე. მე მინდა რომ ის დარჩეს საცხოვრებლად ჩვენთან.
– კარგი, – მიუგო შეცბუნებულმა დედამ, – ჩვენ შეგვიძლია ის დავიტოვოთ რამოდენიმე თვით…
– არა დედა, მე მინდა რომ ის დარჩეს ჩვენთან სამუდამოდ. მას მხოლოდ ერთი თვალი, ერთი ხელი და ერთი ფეხი აქვს. ის საშინელ მდგომარეობაშია და ძალიან სჭირდება თანდგომა და სიყვარული.
აქ დედამ დაკარგა მოთმინება.
– შვილო, შენ ახლა არ შეგიძლია სათანადოდ შეაფასო სიტუაცია. მესმის რომ ის შენი თანამებრძოლია, შენი მეგობარია და მის მიმართ საკმაოდ ემოციური დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ ეს ყმაწვილი ხეიბარია და შენც და ჩვენც, მთელ ოჯახს დაგვაწვება უდიდეს ტვირთად და გაგვტანჯავს. ძალიან გთხოვ, მოუხმე კეთილგონიერებას…
ტელეფონი უცებ გაითიშა. მეორე დღეს მშობლებემა მიიღეს დეპეშა, რომელმაც ისინი შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა რომ წინა ღამეს მათმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რამოდენიმე დღის შემდეგ სახლში ცხედარი მოასვენეს. ენით აუწერელი მწუხარებით სასოწარკვეთილი მშობლები გაოგნებული დაჰყურებდნენ საკუთარი ვაჟის ცალთვალა, ცალხელა და ცალფეხა სხეულს.
P.S. გახსოვდეთ, თუ თქვენ ადამიანებს მხოლოდ გარკვეული პირობების მიხედვით იღებთ, ეს დაღუპავს მათაც და თქვენს ურთიერთობასაც.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ბილ ნიუმენის წიგნიდან „წარმატების მიღწევის ათი ფანტასტიკური საშუალება“
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ