ცხენების რემა

ერთ ფერმერს ჰყავდა საუკეთესო ცხენების რემა. ეს ცხენები იყვნენ არამარტო ძალიან სწრაფები და ლამაზები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც. როცა მათ საბალახოდ უშვებდა, ფერმერს არ სჭირდებოდა იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ დაებრუნებინა ისინი უკან. ცხენები ყოველთვის თვითონ ბრუნდებოდნენ სახლში.

ერთხელ, როცა ცხენები საბალახოდ იყვნენ, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, რომელმაც მოწყვიტა ისინი რანჩოს ტერიტორიას და თანდათანობით მიიმწყვდია მთებისკენ. ცხენები მთელი დღე და ღამე უმისამართოდ მიჭენაობდნენ, რომ თავი დაეღწიათ ქარიშხლისათვის.   

დილით ქარიშხალი ჩაცხრა და ცხენებიც შეჩერდნენ.  როცა მიმოიხედეს, მიხვდნენ, რომ კლდოვან უდაბნოში იყვნენ. ირგვლივ არ იყო არც ბალახი, არც წყალი. მხოლოდ მზე აჭერდა უმოწყალოდ.

ცხენები დაიბნენ, რადგან არასდროს აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში და არ იცოდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.  საითაც არ უნდა გაეხედათ, ყველგან მხოლოდ უდაბნო იყო და არსაიდან არ ჩანდა არავითარი ნიშანი იმისა, რომელიც მიახვდერებდა მათ სახლში დასაბრუნებელ მიმართულებას. ისინი ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში.

მაშინ რამოდენიმე ცხენმა მიიღო უჩვეულო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – არ გაჩერებულიყვნენ და ერბინათ წინ მანამ, სანამ ეყოფოდათ ძალა.

„კი მაგრამ საით უნდა წავიდეთ?“ – ვერ გაეგოთ სხვა ცხენებს. პასუხი იყო მარტივი: „თუ არ იცი საით უნდა წახვიდე, მნიშვნელობა არა აქვს საით წახვალ, ასე რაღაც შანსი მაინც არის, რომ როდისმე გააღწევ, თუ არადა აქ დარჩენით ნებისმიერ შემთხვევაში დაიღუპები.“

და ეს რამოდენიმე ცხენი არ დაელოდა სხვების გადაწყვეტილებას და გაიჭრა წინ.

ყოველ რემაში არიან ისეთი ცხენები, რომლებიც არ მიდიან პირველები. ახლა ასეთები, დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ადგილიდან დაძრული რამოდენიმე ცხენის გადაწყვეტილება იყო მტკიცე, თვითონაც მოსწყდნენ ადგილს და გაეკიდნენ მათ.

ყოველ რემაში არიან ასევე სკეპტიკოსი ცხენები, რომლებიც ყოველთვის ფიქრობენ, რომ ისინი, ვინც წინ მიდიან, არ არიან მართლები და მათ აუცილებლად რამე მოუვათ. მაგრამ როცა ცხენების მეორე ჯგუფიც თვალს მიეფარა, ისინიც მიხვდნენ, რომ აქ დგომას აზრი არ ჰქონდა და სანამ წინ წასულთა ფლოქვებისგან ატეხილი მტვრის კორიანტელი ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდებოდა, თვითონაც მიჰყვნენ ამ მტვრის კვალს.

ცხენებს უნდა მოესწროთ, რაც შეიძლება ჩქარა გაეღწიათ უდაბნოდან. ამიტომ ისინი მიჰქროდნენ შეუსვენებლად. ხადახან გზაზე გადააწყდებოდნენ პატარა მინდორს, თითქმის გამხმარი მდელოთი და წყლის პატარა გუბეებით.

და მაშინ ის ცხენები, ყველაზე ჭკვიანები და მამაცები, რომლებიც პირველები წამოვიდნენ,  მიირთმევდნენ აქა იქ ჯერ კიდევ შემორჩენილ მწვანე ბალახს და სვამდნენ გუბეების ჯერ კიდევ სუფთა წყალს და აგრძელებდნენ გზას.

მეორე ჯგუფის ცხენები, რომლებიც მათ მიჰყვებოდნენ კვალში, წიწკნიდნენ უკვე ნაბალახევი მდელოს ნარჩენებს და სვამდნენ გუბეებში ჩარჩენილს ამღვრეულ წყალს და კვლავ გარბოდნენ, რომ არ დაეკარგათ ჰორიზონტიდან პირველი ჯგუფი.

აი მესამე ჯგუფის ცხენებს კი უწევდათ გამხმარი ბალახის ძირების ჩიჩქნა, და გუბურების სველი ძირის ალოკვა, რომ როგორმე მაინც აღედგინათ ძალები და კვლავ განეგრძოთ გზა, სანამ ჰორიზონტოდან დაეკარგებოდათ წინ მიმავალთა ფლოქვების მიერ ატეხილი მტვრის კორიანტელი.

და აი, როგორც იქნა პირველ ჯგუფს ბედმა გაუღიმა და ცხენები გავიდნენ მშვენიერ მწვანე ველზე, რომელიც დასერილი იყო დიდი, ფართო მდინარეებით და უზარმაზარი ხეებით. მათ გადაწყვიტეს აქ დარჩენილიყვნენ და აირჩიეს თავიანთთვის საუკეთესო ადგილები.

დღის ბოლოსთვის ველამდე მოაღწია მეორე ჯგუფმაც. მათ მადლობა გადაუხადეს პირველებს გადარჩენისთვის, შეპირდნენ, რომ მომავალში არასდროს არ დააყენებდნენ ეჭვქვეშ მათ გადაწყვეტილებებს და გადაინაწილეს დარჩენილი ადგილები.

მეორე დღისთვის კი ველამდე მოაღწია მესამე ჯგუფის, მხოლოდ რამოდენიმე ცხენმა. კითხვაზე:

„სად არიან დანარჩენები?“

მათ უპასუხეს:

„ღამით ჰორიზონტზე მტვერი კარგად არ ჩანდა და ისინი ძალიან დიდხანს ფიქრობდნენ, თუ რომელ მხარეს გაუჩინარდა მისი კვალი“.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

თარგმნა ხვიჩა მებონიამ

4 thoughts on “ცხენების რემა”

  1. შენც ხომ იცი, ხვიჩა: მთავარია, “სკეპტიკოს ცხენებს” ყური არ ათხოვო :). ვინც ცდილობს, მოქმედების სურვილი უფსკრულში გადაჩეხვის “წინასწარმეტყველებით” დამიკარგოს, ამ სიტყვებით ვპასუხობ ხოლმე: “რად მეჩვენება, რომ უფსკრული ახლოა ცასთან (იგულისხმე “ხსნასთან” :)), ვიდრე ცხოვრება თქვენს აზრებში გამომწყვდეული” (20 წლის ასაკში დაწერილი ლექსიდანაა… მარადიული პრობლემა… დრო გადის, სიუჟეტი არ იცვლება).

    პასუხი
    • არაჩვეულებრივი პასუხი გქონია ქეთევან! 🙂

      ხშირ შემთხვევაში სწორედაც რომ ჩვენი დამახინჯებული აზროვნების ფორმების ტყვეა ჩვენი ცხოვრება და  ვერც კი ვგრძნობთ ამას. უფრო მეტიც – გვგონია რომ მივფრინავთ ციხკენ და ვერც კი ვგრძნობთ სინამდვილეში როგორ ვეშვებით უფსკრულისკენ…
       
      უღრმესი მადლობა! ისე, სამოვნებით მოვისმენდი ამ ლექსის სრულ ვერსიას 🙂 

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.