ეს წერილი ორი წლის წინ მივწერე ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს, ჩემს მაშინდელ მკითხველს და შემდგომში ფბ-მეგობარს და მისი არსებობა საერთოდ არ მახსოვდა, მაგრამ გუშინ თავად ადრესატმა გადმომიგზავნა დაკოპირებული საკუთარ მადლიერების წერილთან ერთად, რომელშიც ასევე დეტალურად მომიყვა მასში მომხდარი საოცარი ტრანსფომაციის შესახებ.
გადავიკითხე რა წერილი ისევ, მივხვდი, რომ მასში არის პასუხი ბევრ ისეთ კითვაზე, რომელსაც დღესაც მიგზავნის ზოგიერთი ჩემი მკითხველი თუ ფბ მეგობარი. ამიტომ თავიდან ვიფიქრე სტატია დამეწერა მასზე დაყრდნობით, თუმცა ბოლოს გადავწყვიტე უცვლელად გამომექვეყნებინა, რადგან ვფიქრობ ასე უფრო ბუნებრივი და შესაბამისად უფრო გასაგები იქნება ის სათქმელი, რომლის მიტანაც თქვენამდე მინდა.
გამარჯობა… უკაცრავად რომ ამდენ ხანს ვერ გიპასუხე. ყოველთვის ვერ ვახერხებ ოპერატიულად, ალბათ თვითონაც ხვდები რატომაც…
კიდევ ერთხელ გადავიკითხე ყველა შენი წერილი. ვცდილობდი კიდევ ერთხელ ჩამეხედა ღრმად ყველაფერში. ამ შემთხვევაში მათ შინაარსს არ ვგულისხმობ, რადგან მას ფაქტიურად არა აქვს მნიშვნელობა, აქ მთავარი ის განცდებია, რომლებიც სტრიქონებს მიღმა იგრძნობა, გასაღები სწორედ მათშია და არა თავად კონკრეტულ მაგალითებში, ისინი შეიძლება სულ სხვა შინაარსისაც ყოფილიყვნენ.
იცი, ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ძალზე ღრმა სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი, როცა იცვლება დამოკიდებულება გარესამყაროსადმი და ზოგადად ცხოვრებისადმი. როცა ხდება მორალური, ზნეობრივი ღირებულებების გადაფასება, როცა იცვლება ყველაფერი ადამიანის გარშემო და თავად ადამიანში.
უფრო სწორედ, გარეგნულად ყველაფერი რჩება იგივე, უბრალოდ თავად ადამიანის დამოკიდებულება იცვლება ამ ყველაფრისადმი. ჩვენ უკვე სხვა თვალით ვუყურებთ და ვაფასებთ განვლილ ცხოვრებას, წარუმატებლობებს რომლებიც შეიძლება გადაგვიტანია ამ გზაზე, ცდუნებებს რომლებსაც შეიძლება თავის დროზე ხშირად ვნებდებოდით, აგრესიას და უკონტროლო ემოციებს, რომლებიც ხშირად გვიპყრობდნენ და ა.შ. ეს არის დიდი სულიერი გამოღვიძების პერიოდი, რომლის შემდეგაც იწყება შეიძლება ითქვას ერთგვარი „აღორძინების ხანა“ ადამიანის ცნობიერებაში, აზროვნებაში და ზოგადად ცხოვრებაში.
მაგრამ არის გარკვეული შუალედური რგოლი, როცა ასეთი მოულოდნელი ტრასფორმაცია დაბნეულობას იწვევს ადამიანში და ამაში საშიში არაფერია. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანი მკვეთრად, ერთბაშად გადადის პიროვნულად, ზნეობრივად და სულიერად გაცილებით მაღალ დონეზე და უცებ ვერ ასწრებს ყველაფრის გააზრებას და გაცნობიერებას.
ან შეიძლება გააცნობიეროს რაც მოხდა, მაგრამ ვერც კი დაიჯეროს რომ შეიძლებოდა ასე უცებ, ასეთი ცვლილებები მომხდარიყო. შეიძლება ადამიანში მანამდე მიმალულმა სხვადასხვა ნეგატიურმა პროგრამებმა წამოყონ თავი და დაუწყონ დარწმუნება რომ შენ ასეთი და ასეთი შეცდომების, ცდუნებების და წარსულის მქონე ადამიანს როგორ შეიძლებოდა ასე „გაგმართლებოდა“ და ა.შ.
საქმე იმაშია რომ ეს შინაგანი ბრძოლა თავად ადამიანისთვის არ არის შესამჩნევი, რადგან ეს ბრძოლა მიმდინარეობს ქვეცნობიერის დონეზე და ცნობიერში ის გამოვლინდება სხვადასხვა მაგალითებით, როცა ახსენდება რაიმე დეტალები, რომლის დროსაც ფიქრობს რომ არასწორად, უღირსად მოიქცა.
მაგრამ, აქ მთავარია, ადამიანმა გააცნობიეროს, რომ არ არსებობს უპატიებელი შეცდომები. არსებობს შეცდომები რომლებსაც ადამიანები გპატიობენ ან არ გპატიობენ… მაგრამ შენთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა. მას შემდეგ რაც აღიარებ, მოინანიებ და თვითონვე აპატიებ საკუთარ თავს – უფალიც გაპატიებს. ხოლო თუ იმ ადამიანმა არ გაპატია, ეს ისევ მისთვისაა ცუდი.
აქ არის ერთი მომენტიც. ჩვენ ქვეცნობიერად ვგრძნობთ რომ რაღაც შეგვეშალა, მაგრამ იგივე ქვეცნობიერი თავისი ჭკუით ცდილობს რაღაცნაირად დაგვიცვას. ამიტომ ჩნდება თავისაგასამართლებელი რაღაცეები „კი, მე შევცდი, მაგრამ არცთუ ისე ცუდი ადამიანი ვარ, უბრალოდ ასე გამომივიდა“ და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, ადამიანის საქციელი და მისი ადამიანობა სულაც არ არიან პირდაპირპროპორციულები. თუ რამე შეგეშალა, შეცდომა დაუშვი, ან სულაც ცუდად მოიქეცი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. ეს უბრალოდ შეცდომა იყო და მეტი არაფერი.
უფრო მეტსაც გეტყვი. თუნდაც ჰგონებოდა იმ ქალს რომ ეს შენ ჩაიდინე, ან თუნდაც მართლა შენ ჩაგედინა – არც ეს არი იქნებოდა ტრაგედია. ეს იქნებოდა ცუდი საქციელი, მაგრამ არა იმის ნიშანი რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. პირიქით შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც გემახსოვრებოდა ეს ამბები, ან არც მიაქცევდი მათ ამდენ ყურადღებას.
ამიტომ, უბრალოდ აღიარე, ოღონდ აღიარე ყოველგვარი თავისმართლების გარეშე, მოინანიე და აპატიე საკუთარ თავს. შემდეგ კი, თუ გაქვს იმ ქალთან დაკავშირების საშუალება, მაშინ აღიარე მის წინაშეც, ოღონდ მასთანაც ყოველგვარი თავისმართლების გარეშე. უთხარი, რომ შეცდი, რომ ცუდად მოიქეცი და ახლა ძალიან ნანობ და თხოვე პატიება. თუ გაპატია, ხომ კარგი, თუ არადა ილოცე მისთვის, რადგან ეს არპატიება ისევ და ისევ მხოლოდ მისთვის იქნება ცუდი.
შენ კი ნუ გეშინია იმ დადებითი ცვლილებების რაც შენს ცხოვრებაში ხდება. ნუ გეპარება ეჭვი რომ შენ ისინი დაიმსახურე, გასწორდი წელში, ამაყად გაიმართე და გასწიე წინ. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფრი რაც ჩვენში და ჩვენს გარშემო დღეს ხდება, არის ჩვენი გუშინდელი აზრების და ქმედებების შედეგი, და თუ დღეს შენს ცხოვრებაში მოულოდნელად ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ეს შენი გუშინდელი უკეთესობისკენ შეცვლილი აზროვნების და ქმედებების შედეგია.
თანაც დაიმახსოვრე, მსგავის ფორმით ტრასფორმაციები ყველაზე ხშირად ხდება ადამიანებში, რომლებიც არიან ძალიან მგრძნობიარე, ემოციური, ხშირ შემთხვევაში ფეთქებადი ხასიათის, მაგრამ ძალიან გულგახსნილნი, დაუზარებელნი, მუდმივად სხვების დამარებისთვის მზადმყოფნი და ძალზე ენერგიულები. მათ შეუძლიათ თავიანთი ენერგიით, თუ სწორად გამოიყენებენ, უზარმაზარი პოზიტიური მუხტი, სითბო, სინათლე და სიყვარული შეტანონ სხვა ადამაინების გულებშიც და ცხოვრებაშიც. ამიტომ ნუ ფიქრობ ამდენს წარსულზე. იფიქრე იმაზე, რაც დღეს მოგცა უფალმა და იმ დიდ საქმეებზე, რომლებიც მომავალში გაქვს გასაკეთებელი….
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
Sen Zalian kargi adamiani xar xviCa, es werili ki is aris rac guliT itqva da gulamde chadis.