– მოვედი
– გისმენ
– სულ ის ღამე მახსოვს. მე რომ სწორი გადაწყვეტილება მიმეღო შეიძლებოდა გადარჩენილიყავი.
– შენ რა, ღმერთად ხომ არ წარმოგიდგენია შენი თავი?
– ეს რა შუაშია?
– შენის აზრით იმდენი ხელგეწიფება, რომ შენს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ვიცოცხლებდი თუ არა?
– კი მაგრამ ხომ…
– არავითარი მაგრამ. შენ არაფერ შუაში ხარ. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, ხვიჩა. შენი გადასაწყვეტი არ იყო ვიცოცხლებდი თუ არა. როგორ ფიქრობ სხვანაირად რომ ყოფილიყო საჭირო, უფალს გაუჭირდებოდა შენი “დარწმუნება”? ამოიგდე ეგ აზრები თავიდან და ნუ მიყურებ შეშინებული, დამნაშავე ბავშვივით… შენ ყველაფერი გაკეთე რაც შეგეძლო!
და საერთოდ, რა გჭირს, რატომ ხარ რაღაცნაირად მუდამ მორიდებულივით თითქოს მთელი სამყაროს ვალი გაწევსო კისერზე/
– მე არ ვარ მორიდებული . ასე მხოლოდ შენთან ყოფნის დროს ვჩანვარ…
– რატომ?
– ალბათ შენი ძალა და ავტორიტეტი მთრგუნავს.
პაუზა…
– როგორ გგონია, ისინი ვინმესთვის საზიანოდ ქცეულა?
– არა… მგონი პირიქით. შენ უამრავი ადამიანისთვის გაგიწვდენია დახმარების ხელი. რამდენადაც ვიცი ზოგიერთი სიცოცხლესაც კი უნდა გიმადლოდეს.
– მართალია… და თუ ადამიანებისთვის ამდენი სიკეთე მოუტანია ჩემს ძალას და ავტორიტეტს,შენ რატომ გრთგუნავს? პირიქით – უნდა გიხაროდეს და გეიმედებოდეს.
– დიახ, მე მიხარია და მეიმედება, სანამ ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ….
– მაგრამ, რა?
– მაგრამ…. ყოველთვის ხომ არ იქნები?
– მე დღეს შენთან ვარ, შენს გვერდით და მზად ვარ ყოველთვის მხარი დაგიჭირო და საჭიროების შემთხვევაში დაგიცვა. მაგრამ როცა მოვა დრო და მე აღარ ვიქნები ფიზიკურად შენს გვერდით, მაშინ დარჩება ჩემი ენერგია და ჩემს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები. სწორედ ისინი იქნებიან შენი მხარდამჭერებიც, დამცველებიც და ორიენტირებიც.
დაიმახსოვრე, ყველაფერს რასაც სხვებისთვის ვაკეთებ, სინამდვილეში ვაკეთებ შენთვის. ეს ყველაფერი იქნება ის საძირკველი რომელზეც შენ უნდა ააშენო შენი ცხოვრების ციხესიმაგრე, შენი ცხოვრების სასახლე. შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ღმერთმა ყველაფერ საუკეთესოს, რაც მე და დედაშენს გვქონდა შენში მოუყარა თავი და ბონუსად განსაკუთთრებული, ორიგინალური შტრიხები დაგამატა.
გაიმართე წელში, თამამად გაუსწორე თვალი ცხოვრებას. შენ მბრძანებელი ხარ, საკუთარი თავის, ცხოვრების მბრძანებელი. წინ გასწი, ნუ შეგაშინებს დაბრკოლებები. უშიშრად იარე მწვერვალებისკენ! შენ ახვალ იქ და მწვერვალებიც მიგიღებენ სიყვარულით. შენ შეძლებ ამას.
ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამას. ჩვენ შევხვდებით მწვერვალზე!
ეს შეხვედრა ერთი წლის წინ შედგა, თამარ საგინაშვილის ერთ–ერთ კოუჩსესიაზე.
დღეს კი მამაჩემის გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდა…