ბაბუას დედა, დედაჩემის ბებია იყო ვიბლიანების ქალი, ანეტა ვიბლიანი.
ერთხელ, როცა ბაბუაჩემი პატარა ბავშვი იყო, მთელი ოჯახი სვანეთში, ჭუბერში წავიდა სტუმრად. რამდენი დღე იყვნენ არ ვიცი მაგრამ გაცილებისას სვანებმა ისე დაათვრეს სიძე ანუ ბაბუჩემის მამა, რომ ოთხმა კაცმა ძლივს აიყვანა თურმე მანქანის საბარგულზე. ანეტა და ბავშვებიც, ბაბუას უმცროსი ძმა და კიდევ მეზობლის გოგო საბარგულზე მოთავსდნენ.
გზაზე მანქანა მოცურდა და ხრამზე გადაეკიდა. მძღოლი და კაბინაში მის გვერდით მჯდომი გადმოხტნენ და გაქცევით უშველეს თავს. ანეტამ ჯერ მეზობლის გოგო გადააგდო მანქანიდან, (ეს კიდევ ცალკე თემაა – სხვისი, მობარებული ბავშვის სიცოცხლე უფრო წინ დააყენა ვიდრე საკუთარის) მერე თავისი შვილი და არავინ იცის საიდან ამდენი ძალა და თავისი გათიშული ქმარიც, მაგრამ თვითონ ვერ მოასწრო გადმოხტომა და მანქანასთან ერთად გადაიჩეხა ხრამში…
ბაბუაჩემი ამის მერე ბიძებთან იზრდებოდა სვანეთში, მერე ისევ სამეგრელოში დაბრუნდა და აქ დაფუძნდა. ყველაფერს გაგიგებდა, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და უყვარდა ენამოსწრებული ხალხიც, მღეროდა და შაირობდა კიდევაც მაგრამ ორ რამეს ვერ იტანდა, სვანებზე ანეგდოტები და დედის უდიერად მოხსენიებას ვისი დედაც არ უნდა ყოფილიყო…
დღეს ბაბუა აღარ არის ცოცხალი, არც მისი ბიძები არიან, მაგრამ არის ეს ისტორია როგორც საოცარი ლეგენდა ქალის, დედის, მეუღლის უდიდესი თავგანწირვისა…
დღეს ზუგდიდში სრულიად შემთხვევით გადავეყარე ამ ორ მშვენიერ ქალბატონს დიდი ანეტა ბებიას და ბაბუაჩემის სისხლსა და ხორცს, ელისო და ნანა ვიბლიანებს… ჩემს სისხლს სისხლთაგანს და ხორცს ხორცთაგანს… და კიდევ ერთხელ ვიგრძენი თუ რაოდენ ძვირფასია ჩემთვის როგორც ანეტა ბებიას ხსოვნა ისე ვიბლიანების მთელი საგვარეულო… მადლობა სიცოცხლისთვის
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია