მიდის თუ არა ყველა გზა რომში?

უძველეს დროში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ოცნებობდა რომში მოხვედრაზე, რადგან იცოდა რომ ის იყო დიადი ქალაქი, სადაც იყო უამრავი შესაძლებლობები ადამიანისთვის. იქ შეიძლებოდა ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, გამდიდრება, ოჯახის შექმნა და ბედნიერად ცხოვრება.  

და აი ერთხელ დაადგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა გზაჯვარედინს.

– ახლა რა ვქნა? რომელი გზა უნდა ავირჩიო?–ჩაფიქრდა ახალგაზრა.

– თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყველა გზა ხომ მაინც რომში მიდის! – წამოიძახა მან ბოლოს და გააგრძელა სიარული პირდაპირ.

იარა, იარა და მიადგა ჭაობს, მან იფიქრა, რომ გზის არჩევაში შეცდა და დაბრუნდა უკან, გზაჯვარედინთან. ცოტა ხნით ფიქრის მერე, წილი ყარა და დაადგა მეორე გზას.   იარა, იარა და მოხვდა უღრან ტყეში.

– აქ ხომ ნადირი დამგლეჯს!– თქვა მან და დაბრუნდა ისევ გზაჯვარედინთან.

ახლა უკვე კარგად დაფიქრდა, დაზვერა ყოველი გზის მიმდებარე ტერიტორია, გაანალიზა  მიღებული ინფორმაცია, ამოირჩია ერთ–ერთი გზა და დაადგა მას.

იარა, იარა და მოხვდა უდაბნოში, ირგვლივ მხოლოდ ქვიშა და ქარია… ამ უდაბნოში ბევრი ხეტიალის შემდეგ, ის “მიხვდა” რომ შეცდა: – რამდენი დრო და ენერგია დავხარჯე ტყუილუბრალოდ, რატომ მაშინვე არ მივხდი რომ დავბრუნებულიყავი? თუმცა არც ახლაა გვიანი… და დაბრუნდა!

ასე იარა ამ კაცმა წლების განმავლობაში, სანამ არ დაბერდა… თუმცა, ბოლოს და ბოლოს, რომში მაინც ჩააღწია.

ხედავს – დიდებული ქალაქია, ულამაზესი შენობები, უამრავი ხალხი, უამრავი შესაძლებლობები, ოღონდ ახლა რაღა დროსია – ის უკვე ძალიან მოხუცია!

მივიდა ეს კაცი ხალხთან, გაესაუბრა მათ და დაუწყო გამოკითხვა, თუ ვინ როგორ მოხვდა რომში.

– მე მოვდიოდი დიდხანს, – დაიწყო ერთმა, –  მომიწია ჭაობებში ხეტიალი, კინაღამ დავიღუპე, მაგრამ არ დავნებდი, ბოლოს როგორც იქნა გამოვაღწიე და ჩამოვედი აქ. ვინაიდან ვიყავი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე, შევძელი კარიერის მოწყობა, საყვარელ ქალზე დაქორწინება, გამდიდრება და ახლა ვცხოვრობ ბედნიერად!

– მეც ბევრი ვიხეტიალე სანამ აქ მოვხვდებოდი, – თქვა მეორემ. – ოღონდ მე უდაბნოს მცხუნვარე მზესთან, ქვიშასა და ქართან მომიწია გამკლავებამ, მაგრამ არ დავნებდი და მაინც მოვხვდი ამ ქალაქში, სადაც შევძელი კიდევაც წარმატების მიღწევა!

– მე კი ტყე–ღრეში მომიწია წლობით ხეტიალმა, რამოდენიმეჯერ კინაღამ ნადირმა დამგლიჯა, მაგრამ მაინც მოვაღწიე აქამდე ჯერ კიდევ ჯანღონით და ენერგიით  სავსემ  და არ გამჭირვებია ამ ქალაქში თავის დამკვიდრება!

– მე კი…– წამოიწყო მეოთხემ… მაგრამ კაცი უკვე აღარ უსმენდა.

ის იქვე ჩამოჯდა ქვაზე, თავზე ხელები შემოიჭდო და… ატირდა!

ის მიხვდა, რომ ტყუილუბრალოდ დაკარგა ახალგაზრდობის წლები აქეთ–იქით ხეტიალში. თურმე ყველა გზა მართლაც რომში მიდიოდა!

უბრალოდ საჭირო იყო ერთი რომელიმე მათგანის  ამორჩევა და მისი ბოლომდე მიყოლა!

თქვენ როგორ ფიქრობთ, სად არის თქვენი რომი და მიდის თუ არა ყველა გზა იქით?

გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით და აგრეთვე გაუზიარეთ ეს იგავი მეგობრებს, ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების მეშვეობით. 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით,  ხვიჩა მებონია

უცნობი ავტორი. თარგმნა ხვიჩა მებონიამ

19 thoughts on “მიდის თუ არა ყველა გზა რომში?”

  1. კარგია ყველა გზა რომ რომში მიდიოდეს.  სამწუხაროდ, ჩემი გზა ჩიხში შევიდა და იქიდან ვერ გამოდის, საცალფეხო ბილიკი მაინც რომ მაპოვნინა, ბედნიერი ვიქნებოდი. 

    პასუხი
    • ბილიკის ძებნას შეეშვი ქეთი, ახალი გზა გაკვალე, შენი გზა! 

      შენ ეს შეგიძლია, მე ხომ ვიცი… და შენც დროა იცოდე :)  

      პასუხი
  2. ნამდვილად მშვენიერი იგავია, ხვიჩა. 
     
    ამ შეცდომას თითქმის ყველა ვუშვებთ – პატარა დაბრკოლება და აღარ გვინდა გზის გაგრძელება, არადა, დაბრკოლებები ხომ ყოველი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, გზის ნაწილია. დაბრკოლებებისგან თავისუფალი მხოლოდ უმოწყალოდ გადათელილი, “ასფალტმოსხმული” შარაგზაა და ის, მერწმუნე, ნამდვილად არ მიდის რომში ანუ, იგავის მიხედვით, იქ, სადაც უამრავი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, შეიძლება ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, გამდიდრება, ოჯახის შექმნა და ბედნიერად ცხოვრება 🙂
     
    არ დაიჯერებ და კარგად ვიცი, ეს იგავი რატომ გამოაქვეყნე სწორედ აქ და ახლა, მაგრამ ამას საიდუმლოდ შევინახავ 😉 , ხმამაღლა კი მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სწორ გზას ადგახარ და აუცილებლად ჩახვალ რომში. შევხვდებით სადმე, ვილა ბორგეზესთან… ))
     
     

    პასუხი
    • გმადლობ ქეთევან!

      შენი კომენტარი ყოველთვის ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს! შენ ყოველთვის ზუსტად იქ, იმ დროს და იმას ამბობ, რაც ყველაზე მეტად მჭირდება მოცემულ სიტუაციაში, თითქოს მართლა ჩემს აზრებს კითხულობო 🙂

      ამიტომ, წარმოიდგინე რომ მჯერა 🙂 შენ ისეთი უნიკალური, მრავალმხრივი ნიჭით და ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი ხარ, არ გამიკვირდება, რომ უკვე დაწერილის თუ თქმულის მოტივი კი არა ჯერ მხოლოდ გონებაში ფიქრად დატრიალებული მომავალში სათქმელიც გამოიცნო 😀

      პასუხი
  3. გმადლობ, რომ გჯერა, მაგრამ გამაფუჭებს ამდენი ქება… თანაც, ვიღაცამ შეიძლება მართლა დაიჯეროს… ან იფიქროს, რომ რასაც მე ვაკეთებ, მხოლოდ “მრავალმხრივად ნიჭიერმა და ტალანტით დაჯილდოებულმა” ადამიანმა უნდა აკეთოს და კიდევ ერთი “ხელისშემშლელი” მიზეზი დაემატება უმოქმედობის გასამართლებლად საგულდაგულოდ შედგენილ, უამისოდაც ძალიან გრძელ, სიას. ხომ გესმის, არა? ვიცი, რომ გესმის 🙂 

    პასუხი
    • თუ იმან, ვისაც “უმოქმედობის გასამართლებლად საგულდაგულოდ შედგენილი გრძელი სია” აქვს,  აქ  “კიდევ ერთი ხელისშემშლელი მიზეზის” მეტი ვერაფერი იპოვა, ის ამას მაინც “მოახერხებდა” რაც არ უნდა დაგვეხვედრებინა!

      რაც შეხება ქებას: როცა რამე მომწონს, აღმაფრთოვანებს, აღტაცებას მგვრის – არ შემიძლია ემოციები დავმალო. ყოფილა – არასწორად გაუგიათ (?!) მაგრამ რას ვიზამთ “აქა ვდგავარ და სხაგვარად არ ძალმიძს” 😀

      პასუხი
  4. უძლიერესი იგავია! ადრე სადღაც მქონდა მოსმენილი, უბრალოდ ოდნავ განსხვავებული ვერსია, მაგრამ შინაარსი იგივე… დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი ბევრ ადამიანს დააფიქრებს და საკუთარ ყოფას დაანახებს!

    მაგრამ, იმ რომში, რომელშიც მე მივდივარ, ნამდვილად არ მიდის ყველა გზა, იქ მხოლოდ ერთი გზა მიდის და ის ერთი გზაც ძალიან ვიწრო და რთულია. პირადად ჩემი წარსული ცხოვრების სტილით და შესაბამისად იმ გზით, რომლითაც მაშინ დაცდიოდი, ვერასოდეს ჩავიდოდი რომში!!!

    ხოლო ახლა? ახლა უკვე რომში ვარ… უკვე იქ ვაააააარ :)))))))))) 

    პასუხი
    • საკმაოდ მიუვალ ადგილებში ყოფილა შენი რომი გიორგი 🙂

      მაგრამ ჩვენ მაინც მოგაგნებთ და გეწვევით ოდესმე! 🙂 

      პასუხი
  5. xviha magari xar ra    schen   kargad   gaxsovs sityvebi kinofilmidan  ris maqnisia gza tu is tadzartan ar migviyvans arada aranairi gza ar aris sadzebni hven yvelani iq vart ubralod gvian vxvdebit amas

    პასუხი
    • გეთანხმები “სევე”  რომში მიმავალი გზა არსად არ არის საძებნი, ის თვითონ ჩვენშია… 🙂

      პასუხი
  6. მშვენიერია, ხვიჩა.  ძალიან მომეწონა, ისევე როგორც შენი ყველა თემა 🙂 მომწონს როგორ წერ. შენი პოსტები კარგი საკითხავია, შინაარსიანია, საინტერესო და რაც მთავარია დამაფიქრებელი.  საინტერესოდ სვავ კითხვას :))
    დიდი მადლობა 🙂

    პასუხი
    • ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ნათია! :)

      უღრმესი მადლობა, რომ პირველივე დღიდან აქტიური სტუმარი ხარ ამ ბლოგზე.

      პასუხი
  7. chemi romi chemi misiaa. dzebna gzas ki ar unda, aramed sakutari misiis dzebnas. tues ici, martla kvela gza migikvans iqamde. shen carmoidgine, mec mivxvdi, ratom cer amas. mjera, rom kargi qartveli xar.

    პასუხი
    • კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ბლოგზე მარიკა! ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი თანამოაზრე “აღმოვაჩინე” 🙂

      სრულიად გეთანხმები. სწორედ საკუთარი ცხოვრებისეული მისიის, დანიშნულების არცოდნაა ყოველი ადამიანის წარუმატებლობის უპირველესი მიზეზი!

      უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო კომენტარისთვის!

      პასუხი
  8. აბა რა გითხრა ხვიჩა,შენი პოსტები სასიამოვნოც არის და სასარგებლოც,ძალიან მომეწონა,ცხოვრებაში რთულია სწორი არჩევანი,იმდენი მოულოდნელობა გვხვდება გზად და რომ არ შევჩერდეთ შენნაირი ადამიანები გვამხნევებევ და გვეხმარებიან,მადლობა:)

    პასუხი
    • დიახ მზია, გეთანხმებით! ნამდვილად რთულია არჩევანის გაკეთება და კიდევ უფრო რთული – არჩეული გზის ბოლომდე მიყოლა, მაგრამ სწორედ ეს სირთულეები გვაწრთობენ და გვმატებენ ოსტატობას, გამოცდილებას, ხოლო მათი დაძლევა კი გვმატებს რწმენას და ღირსებას. მე მჯერა რომ თქვენი ღირსეული ადამიანი ხართ! 🙂

      პასუხი
  9. ნამდვილად საინტერესო და მართალი იგავია ხვიჩა.
    სწორედაც რომ.!!!!!.. ჩვენი რომი  ჩვენი  დასახული მიზანია და  მისკენ სავალი გზა ჩვენი გასავლელი…თავისი სირთულითა თუ სილამაზით….
                           “მივდივარ….მივყვები და ასე…მგონია…” ესეც სახალისოდ..
    მომწონს თქვენი პოსტები..საოცრად კეთილი და დადებითია…

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.