ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს…

 საკონკურსო ნაშრომი N1

ქართული ანდაზაა – “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”, თუმცა ყოველთვის ამართლებს კი ეს გაქცევის ხერხი? – საკითხავია… 

მე არ ვიცი, ან ვერ ვხვდები სად უნდა გაიქცნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოვლედღიურად გამოდიან ქუჩაში და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ორი კაპიკის შოვნას. იქნებ გაიქცნენ კიდეც, გასაქცევი რომ არსებობდეს. ვინ იცის… ფაქტი არსებობს და ვერავინ უარყოფს იმას, რაც დღევანდელ დღეს ჩვენს ძვირფას დედაქალაქში ხდება.

სად იწყება ან სად მთავრდება ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარება? ვფიქრობ, რომ ბავშვობის ასაკშივე ეჩვევი რაღაც სტანდარტებსა და საყოველთაოდ დამკვიდრებულ ნორმებს, თუმცა შესაძლოა წინააღმდეგობის სურვილი გაგიჩნდეს არსებული რეალობის მიმართ და მოგინდეს ყველაფრის შეცვლა, შენებურად მოწყობა.

მე მინდა, მოგითხროთ იმ დღეებზე, როდესაც დედაქალაქს პირველად ჩავხედე თვალებში და პროტესტის გრძნობა დამეუფლა გულის სიღრმეში. დღე არ გავიდოდა ქუჩაში გამოსულ ადამიან(ებ)ს არ შევხვედროდი, მოწყალების მომლოდინე განსხვავებულ სახეებს. ახლაც ასე ხდება, თუმცა ჩემი პირველი შთაბეჭდილება სულ სხვაგვარი გახლდათ.

  • ერთ საღამოს მეტროს ამოსასვლელთან მეგობარი უნდა მენახა და  მის ლოდინში იქვე კიბეზე მჯდარ მთვრალ კაცს მივუჯექი. უცნობი თავჩღუნული იჯდა, თითქოს მისთვის არავინ და არაფერი არსებობსო. ცოტა ხნის შემდეგ ჩემკენ გამოიხედა და ოცდაათი თეთრი მთხოვა. ჭოჭმანით მოვიქექე ჯიბეები და საბოლოოდ ხურდები გავუწოდე, თურმე სიგარეტისთვის ხარჯავდა. ცხოველმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე, რატომ იყო მთვრალი. კაცმა ამ დროს ტირილი დაიწყო და მიპასუხა, რომ დილით  ნაყურებმა ფილმმა მასზე ძალიან იმოქმედა… ორი წუთის შემდეგ უცნობი უეცრად  კიბეზე გადაწვა და ძილს მიეცა, იქვე მდგარი ხალხი  კი გაიძახოდა: “ვაი, საწყალი”, “უი, რა ცოდოა” – მათი  სიტყვები ჰაერში ირეოდა, არავის მოსვლია აზრად დარწმუნებულიყო იმაში, კაცი ცოცხალია თუ მკვდარი.
  • ავტობუსის გაჩერებასთან ვიყავი თითქმის უკვე მისული, როდესაც ქალი გამოვარდა და ხელზე მაკოცა. გამიკვიდა, უცბად გამოვიწიე და ამ დროს მითხრა: – გეხვეწები, ოცი თეთრი მაჩუქე შენი ლამაზი თითების ჭირიმეო… მე კი გავუწოდე ოცი თეთრი სამოცდაათ  წელს მიტანებულ ქალბატონს, თუმცა იმ საღამოს სულ მომხდარი შემთხვევა მედგა თავლწინ.
  • ერთხელ , მეტროში ქურთი ბავშვი ამოვიდა და წარმოთქვა: “დეიდებო, ბიდზიებო, დამეხმარეთ!… ცოდო ვარ, 5-10 თეთრი გაიმეტეთ ჩემთვის რა…”
  • ამას წინათ მატარებლის სადგურზე მდგარმა უცბად შევამჩნიე დაახლოებით 18-20 წლის ახალგზარდა. ნაგვის ურნებში იხედებოდა და რაღაცას ბუტბუტებდა. შემდეგ ჩემკენაც მოვიდა და წარმოთქვა: “ეჰ, არც აქ არ არის”… გამიკვირდა და ბიჭის მოძრაობას ვაკვირდებოდი, რომელსაც ხელში პარკი ეჭირა. ცარიელი ბოთლების ჭრაჭუნი კი რამდენიმე წამში მიწყდა.

ფაქტია, მოწყალების თვალებით მომლოდინე ხალხი ყველგან შეგხვდება, ავტობუსის გაჩერებაზე, ბაზრობასთან, მეტროს ამოსასვლელ-ჩასასვლელში, ეკლესიებთან და უბრალოდ ქუჩაში – ხალხმრავალ ადგილებზე. ზოგიერთი ბავშვით ხელშია, ბევრი თვითონაა ბავშვი. ერთი შავკანიანი ახალგაზრდა კი რუსთაველის მეტროსთან დგას და ხმამაღლა გაიძახის: დამეხმარეთ, ფლიიზ”…

ამჟამად მიჩვეული ვარ ასეთ ფაქტებს, ვუყურებ რეალობას და გული მწყდება, ხომ შეიძლება არსებობდეს გზა ყოველდღიური “ქუჩის მონობისგან” თავის დასაღწევად. ადამიანისათვის შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია მიზანი, მონდომება და შეუპოვრობა. ნიცშე ამბობდა – ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს!”… პირველ რიგში, აუცილებელია  გავაცნობიეროთ რისთვის გვჭირდება კეთილდღეობა ცხოვრებაში და შევადგინოთ წარმატების მისაღწევი საკუთარი გეგმა.  ჩვენ ხომ ვიცით, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მოქმედებაა საჭირო! ყოველდღიურად სხვისი მოწყალების იმედით უამრავი დამცირების მომსწრე ხდება ადამიანი და რაც ყველაზე სამწუხაროა, დღითიდღე კარგავს  თავის პიროვნებას.

მაშ სად ვეძებოთ გამოსავალი? ნუთუ გაქცევით ეშველება ამ მდგმომარეობას? – მე ვფიქრობ, არა! მთავარია, გქონდეს რწმენა, იმოქმედო და გჯეროდეს, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება.

 

ავტორი: თემურ იკოშვილი

 

 

4 thoughts on “ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს…”

    • დიდი მადლობა ნინო. უბრალოდ ეს მთელი საქართველოსთვისთვის ტკვილი და სამწუხარო რეალობაა. რამდენიმე დღის უკან ცრემლები დამიგროვდა თვალებში, როდესაც მხოლოდ 20 თეთრი მივაწოდე ერთ ქალბატონს ბავშვით ხელში და მთელი რამდენიმე წუთი მლოცავდა. ეს ამაღლებული განწყობა იყო, თითქოს არაფერი, მაგრამ ნებისმიერი სახის დამხმარება ძვირად ფასობს გაჭირვებული ადმიანისთვის.

      პასუხი
  1. ძალიან მტკივნეული თემაა. ზალიან მინდა დავეხმარო თითოეულ მათგანს, მაგრამ როგრო? მხოლო ხურდა ფულიით?! ჩვენ ნამდვილად მეტიც შეგვიძლია. თემო ისიც დასაფასებელია, რომ შენთვის ეს მტკივნეული და მნიშვნელოვანია, ზოგიერთი მსგავს ფაქტებს ვერც კი ამჩნევს, ქალაქში.
    დიდი მადლობა. წარმატებბეს გისურვეებ. 

    პასუხი
    • გმადლობთ ქალბატონო მარიკა! მიხარია, რომ თქვენც მტკივნეულად აღიქვამთ აღნიშნულ თემას და ვაფასებ ამ დადებით შეფასებას.

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.