„თითოეულ ადამიანში მე ვხედავ გენიოსს!“
ეს ნიკოლაი ლატანსკის სიტყვებია, ადამიანისა, რომელმაც ნულიდან შექმნა საკუთარი წარმატება და უზარმაზარი სიმდიდრე იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ახლა თავისი საკმაოდ ორიგინალური ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების მეშვეობით მთელ მსოფლიოში უზიარებს ადამიანებს.
რამოდენიმე დღის წინ, ის თავის არაჩვეულებრივ მეუღლესა და პარტნიორთან ტატიანა ლატანსკასთან ერთად თბილისს ეწვია და ჩაატარა თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტრენინგი „Прорив к успеху“.
კოლიას და მის მეუღლეს ასისტენტობას უწევდნენ ასევე ძალზე წარმატებული, არაჩვეულებრივი ადამიანები – დიანა რუნოვა და ბიძინა ღამბაშიძე, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში: დიანა – უკრაინიდან, ბიძინა კი – ინგლისიდან.
ლატანსკის საქართველოში ჩამოყვანის იდეის ავტორი, ჩემი მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცობი ადამიანი, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი ქართული წიგნის „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი, ლატანსკის კოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული, არაჩვეულებრივი ქალბატონი თამარ საგინაშვილი იყო, რომელსაც ამ ღონისძიების დაგეგმაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში პარტნიორობა გაუწიეს ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, მშვენიერმა ქალბატონებმა: ქეთი ჩიქოვანმა და მარიკა ხალიანმა.
უღრმესი მადლობა ყველას იმ საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მოგვიწყვეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ეს იყო სიბრძნის, სიყვარულის, მადლიერების ზეიმი, პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული ორი არაჩვეულებრივი დღე!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ, რაც იმ ტრენინგზე გაჟღერდა, უკვე არაერთხელ მქონდა მოსმენილი და მათ შორის თავად ლატანსკის აუდიო თუ ვიდეო მასალებისგან, ეს მაინც აღმოჩენის ტოლფასი იყო. აქ თითქოს ყველაფერმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა…


