მიეცით ადამიანებს წასვლის ნება!

 

ჩვენს შიგნით ცხოვრობს მუდმივი მკვლევარი და მუდმივი კონტროლიორი.

მუდმივი მკვლევარი მიგვაქანებს წინ, გაურკვევლობაში. ის ამბობს: „მოდი, წავიდეთ იქით! მოდი, გავაკეთოთ ეს! მოდი, გავიცნოთ ეს საინტერესო ადამიანი! მოდი, მოდი!…“

ის ყველგან წინ მიძვრება, ცხვირს ყოფს სადაც უნდა და მუდმივად აფართოებს ჩვენს საზღვრებს. და ამ მუდმივი მკვლევარის წყალობით ჩვენ გვიჩნდება ახალი მეგობრები, გატაცებები, შესაძლებლობები. მუდმივმა მკვლევარმა არ იცის მოსვენება. ის მზადაა ახლავე  წამოხტეს და მოირბინოს ყველა კუთხე, გადმოხტეს პარაშუტიდან, გადაიღოს სურათი ლომთან და….

მაგრამ არსებობს მუდმივი კონტროლიორიც. ის დროზე აჩერებს მუდმივ მკვლევარს, რათა არ გადეყაროს ხიფათს – ლომთან სურათის გადაღებისას. და მიდის მუდმივი წინააღმდეგობა მკვლევარსა და კონტროლიორს შორის.

თუ მუდმივი მკვლევარი – ესაა სული, მუდმივი კონტროლიორი – ცნობიერებაა. წლებთან ერთად ადამიანს სულ უფრო უჭირს, მოუსმინოს სულს, რადგან გამოცდილებით დაბრძენებული ცნობიერება სულ უფრო ძლიერად მოქმედებს.

kontrolior

მუდმივი კონტროლიორი ჩრდილში აქცევს მუდმივ მკვლევარს და სულ უფრო მეტად იღებს ძალაუფლებას. ადამიანის საზღვრები წყვეტს გაფართოებას.

-ამიტომ უჭირთ ადამიანებს ჩვენი გაცნობა!

-ამიტომაა გვიანი რაღაც ახლის კვლევა – ჯობს შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს…

ადამიანი იწყებს იმის ზედმეტად დაფასებას, რაც აქვს. ის ეჯაჭვება ყველაფერს, რაც მის გარშემოა. მას ესმის, რომ ცხოვრება მუდმივი არაა და უნდა დააფასოს მეგობრები. არ ღირს ახლების საძებნელად შეწუხება. უნდა უყვარდეს მხოლოდ ისინი, ვინც აქვეა!

მაგრამ ადამიანები ჩვენგან მიდიან. არ აქვს მნიშვნელობა როგორ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ვინც ჩვენს გარშემოა, ყველა წავა. ზოგიერთი საცხოვრებელს იცვლის, ზოგიერთს სამუდამოდ დავემდურებით, ზოგი კი საერთოდ ცხოვრებიდან მიდის.

ამის მცოდნე მუდმივი კონტროლიორი ამბობს: „აი, ხედავ, რა ცოტა დავრჩით ნამდვილად ერთგული ადამიანები. საჭიროა დაფასება! საჭიროა მათთან მეგობრობა! და არა სირბილი „ჰორიზონტის გასაფართოებლად“. გარეთ აღარ დარჩა ნორმალური ხალხი, გარისკვაც არ ღირს.“

ყოველი მორიგი დანაკარგისას მუდმივი კონტროლიორი „უფრო მეტად გვაიძულებს სიყვარულს“ და მიჯაჭვულობას დარჩენილ ადამიანებთან.

მუდმივ მკვლევარს ჩუმად ყოფნისა და მოწყენის გარდა აღარაფერი რჩება. იმიტომ, რომ იცის, მუდმივი კონტროლიორი მართალია. ცხოვრებიდან მიდიან საუკეთესოები, გარშემო კი რჩებიან ისეთები, ვისთანაც არ შეიძლება გზის გაგრძელება. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ, მაგრამ …. სწორედ ის ადამიანი, რომელიც დამეხმარა, ყველაზე უკეთესი იყო. ახლა ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება, რატომაა სამყარო ასეთი მკაცრი?!

შესაძლოა „სამყარო ასეთი მკაცრია“ იმიტომ, რომ მუდმივ მკვლევარს არ ეყო ენერგია აეხსნა კონტროლიორისთვის, რომ როდესაც ადამიანი მიდის, მას უკვე შესრულებული აქვს მისია ჩვენს მიმართ. მას ჭირდება გზის გაგრძელება ან საფეხურით ზემოთ, ან ქვემოთ.

შესაძლოა „სამყარო ასეთი მკაცრია“ იმიტომ, რომ მუდმივ მკვლევარს არ ეყო სიყვარული, აეხსნა კონტროლიორისთვის, წასულმა ადამიანმა წაიღო ყველაფერი, რისი მიცემაც ჩვენ შეგვეძლო მისთვის და ახლა ის ასრულებს სხვა ამოცანებს.

ადამიანები მიდიან იმიტომ, რომ აღარ შეუძლიათ იმ სივრცეში ყოფნა, სადაც აქამდე იყვნენ. ისინი ან იზრდებიან ჩვენთან ერთად, ან მიდიან იმიტომ რომ თავს ვიწროდ გრძნობენ ჩვენს საზღვრებში.

ჩვენ კი არ გვესმის, რომ საჭიროა მსუბუქად და სიყვარულით გავუშვათ და უფრო ვავიწროვებთ საზღვრებს, რათა შევინარჩუნოთ ისინი, ვინც დაგვრჩა. ზოგჯერ პირველ მასწავლებელსაც კი ვექაჩებით ინსტიტუტში, რადგან მას მივეჩვიეთ.

იქნებ მოვიდა დრო, სიტყვა მივცეთ მუდმივ მკვლევარს? მივცეთ მას სიყვარული, რათა აუხსნას კონტროლიორს, რომ სამყარო არც თუ ის მტრულია, შემდეგ კი ვნახოთ, რა გამოვა აქედან…

ვლადიმირ (ფეი) ივანოვი

რუსი ფსქიოლოგი, “პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ ფეი” –ს დამფუძნებელი

თარგმნა მარიკა ფიროსმანაშვილმა

–––––––––––––

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.