2011 წელს საუბარი მქონდა ერთერთ ჩემს მასწავლებელთან, ვადიმთან, რომელიც კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიაში. მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მოვისმინო მისი გამოსვლები. ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე და რაღაც მომენტში მან მკითხა, თუ რითი ვარ დაკავებული.
ჩემი პასუხი ამოიწურა ლიფტში 30 წამიანი საუბრით:
-მე ვარ წარმატების ტრენერი და ბიზნეს კოუჩი. ვეხმარები ადამიანებს იმ წყალქვეშა ღუზების მოხსნაში, რომლებიც ხელს უშლიან მათ ცხოვრებასა და ბიზნესში. და ა. შ.
სხვაგვარად ვერც ვუპასუხებდი, რადგან ახალი დამთავრებული მქონდა კოუჩინგის სკოლა და სავსე ვიყავი შემართებით.
-შენ ამბობ, რომ ტრენერი ხარ, გაქვს დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომ კარგად იცი შენი საქმე. და შენ გაქვს რწმენა, რომ ხარ ტრენერი!
მე მჯერა შენი, მაგრამ მინდა მოგიყვე ერთი ისტორია. ამის შემდეგ კი თავად გადაწყვიტე, ნამდვილი ტრენერი ხარ, თუ უბრალოდ გქვია ტრენერი…
ვადიმმა დაიწყო მოყოლა.
ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა. ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი ისტორიულ-სათავგადასავლო რომანებით. განსაკუთრებით შემიყვარდა ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“. ვცხოვრობდი ამ წიგნის გმირებით და რომანიც რამდენიმეჯერ გადავიკითხე. სულით უკვე მუშკეტერი ვიყავი. მზად ვიყავი მემსახურა მეფისთვის და დამეცვა სამშობლო. ჩემდა სასიკეთოდ მქონდა ნამდვილი მუშკეტერის ყველა თვისება – პატიოსნება, გამბედაობა და სიმამაცე. რჩებოდა მხოლოდ ფარიკაობის შესწავლა.
მე ვნახე ჩემს ქალაქში სპორტული სკოლა და ნებართვა ვთხოვე დედას, რომ მევლო ფარიკაობაზე. დედა რა თქმა უნდა, დამთანხმდა. მე დავდიოდი უდიდესი სიამოვნებით და ყოველი შემდეგი მეცადინეობის მოლოდინში ღიმილით ვიძინებდი.
მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი ისე აღარ წავიდა. არ მახსოვს, რა მოხდა, მაგრამ დავკარგე აზარტის შეგრძნება, რამაც მიმიყვანა ამ სექციაში, ამ ტრენერთან. თანდათან მეკარგებოდა მეცადინეობებზე სიარულის სურვილი. ერთ მშვენიერ დღესაც დედას გამოვუცხადე, რომ აღარ მინდა ფარიკაობის სკოლაში სიარული. დედამ მკითხა:
-შენ გადაიფიქრე გახდე მუშკეტერი?
-არა, უბრალოდ არ მინდა ფარიკაობაზე სიარული.
-კარგი, – თქვა დედამ ოდნავი სიჩუმის შემდეგ. – მოდი, ასე გავაკეთოთ: წადი კიდევ ორ მეცადინეობაზე და თუ არ დაგიბრუნდება ფარიკაობაზე სიარულის სურვილი, მეტს ნუღარ გააგრძელებ. მუშკეტერები ხომ უცებ არ ნებდებიან?
შვებით ამოვისუნთქე – დედამ მშვიდად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. მე კი მეშინოდა, რომ მას იმედს გავუცრუებდი.
დადგა დღეც, როდესაც მივედი ბოლო მეცადინეობაზე. მე ვიცოდი, რომ უნდა წამოვსულიყავი და შევაგროვე ჩემი ნივთები.
ტრენერმა ჩვეულებრივად ჩაგვამწკრივა და მოგვესალმა. მაგრამ რაღაც არ იყო მთლად ჩვეულებრივ. მას ზურგსუკან რაღაც შეკვრა ეჭირა და მშვიდად გვიყურებდა. შემდეგ კი დაიწყო საუბარი:
-3 თვის შემდეგ იწყება სამხარეო ჩემპიონატი სპორტულ ფარიკაობაში. ჩვენი სკოლა რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას. უახლოეს 3 კვირაში შევადგენ ნაკრებს, რომელიც დაიცავს ჩვენი სკოლის პატივსა და ღირსებას. მაგრამ შეზღუდული იქნება იმ მონაწილეების რაოდენობა, რომლებიც გაემგზავრებიან ჩემპიონატზე. უფრო მეტიც, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობთ და გაქვთ თუ არა რაიმე მიღწევები დღემდე.
ფარიკაობა – ეს უპირველესად მოწინააღმდეგესთან ურთიერთობაა. აქ საჭიროა ემოციების კონტროლი და მართვა. ფარიკაობაში ყველა თქვენი მხურვალედ გამოხატული ემოცია ისჯება ჩხვლეტით. თქვენ არ შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, რომ სხვებზე უკეთესი ხართ. რამდენად ძლიერი ხართ, ამას გვიჩვენებს მხოლოდ თქვენი ცოდნა.
პაუზის შემდეგ მან სათითაოდ ჩაგვხედა თვალებში.
-ფარიკაობაში თქვენ არ გაქვთ უპირატესობა ფიზიკური თვისებებით. შესაძლოა ყველა არ იყოს ისეთი სწრაფი, როგორც მოწინააღმდეგეა, მაგრამ იყოს უფრო ამტანი. შესაძლოა თქვენ არ გამოირჩევით ამტანობითა და სისწრაფით, მაგრამ მოქნილობის წყალობით, სიტუაციის შეფასებით შეძლოთ გადამწყვეტი ჩხვლეტის მიყენება.
ფარიკაობა ეს არაა ფიზიკური ძალის დემონსტრირება. ის უფრო ჭადრაკს წააგავს. მაგრამ თამაში მიდის მდგომარე პოზაში და მოითხოვს სწრაფ აზროვნებას. ამიერიდან ჩვენი დევიზია:
ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის!
მოულოდნელობისგან შევკრთი. ეს იყო ტკივილამდე ნაცნობი ციტატა ჩემი საყვარელი რომანიდან!
ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის!
-ფრაზა, რომელიც წარმოთქვა დარტანიანმა თავის თანამებრძოლებთან. ჩემი წამოსვლის დღეს არ ველოდი იმ სიტყვების გაგონებას, რომლებიც მე ყოველთვის შთამაგონებდნენ და მიბიძგებდნენ გმირობისკენ.
მაგრამ ეს იყო დასაწყისი. რაც შემდეგ მოხდა, იმდენად გამიკვირდა, რომ პირი ღია დამრჩა.
ტრენერმა გახსნა შეკვრა და დაგვანახა ნამდვილი დაშნა.
მან ასწია დაშნა მაღლა, თავს ზემოთ და წარმოთქვა:
-ვინც სამხარეო ჩემპიონატზე დაამტკიცებს, რომ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის, პირადად ჩემგან მიიღებს ამ საბრძოლო დაშნას და შეირაცხება მუშკეტერად.
იმ დღიდან ჩემი გამოთრევა სპორტდარბაზიდან შეუძლებელი გახდა. დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. დავიწყე ვარჯიში მოძრაობაში, დგომაში, ხელების სწორედ მოძრაობასა და მიზანში მოხვედრაში. ვმუშაობდი წყვილში და ვცდილობდი, მიმეღო ტრენერის ინდივიდუალური გაკვეთილებიც.
საღამოობით კი სახლში დიდხანს ვპოზირებდი სარკესთან, რათა მეკონტროლებინა პოზების სისწორე.
დედა რა თქმა უნდა, გაკვირვებული იყო ჩემში მიმდინარე ცვლილებებით, და გულწრფელად უხაროდა ის, რომ არ დავკარგე სახელისა და ღირსების რწმენა.
დადგა შეჯიბრების დღე… მე ვიყავი ყველაზე გამოუცდელი (გამოსვლებისა და შეჯიბრებაში მინაწილეობის რაოდენობის მიხედვით) მონაწილე ჩვენი სკოლიდან.
სამაგიეროდ მე მქონდა ყველაზე მაღალი სულიერი მიზანი. მე მედლისთვის არ გავსულვარ ჩემპიონატზე. მე გავედი იმიტომ, რომ
-დამეცვა სამშობლოს პატივი და ღირსება
-მეჩვენებინა მისი მებრძოლების სიმამაცე და გამბედაობა
-რომ კარდინალის ყველა გვარდიელს სცოდნოდა. ვისთან ექნებოდა საქმე თუ … რაიმე ცუდს ჩაიდენდა … მაგალითად აწყენინებდა დედაჩემს.
იმ დღეს მე მოვიგე ჩემპიონატი დ გავხდი სამხარეო ჩემპიონი.
მეორე დღეს მე საზეიმოდ მაღიარეს მუშკეტერად და ტრენერმა გადმომცა დაშნა.
საღამოს კი ჩემი ტრენერი სტუმრად გვეწვია. ის მოვიდა უზარმაზარი თაიგულით და ბოთლი ფრანგული ღვინით. როგორც ნამდვილმა მუშკეტერმა, მუხლი მოიყარა დედაჩემის წინაშე და თქვა:
მთელი გულით გმადლობთ, რომ მწვრთნელად მაქციეთ!
მე ვიდექი და ვუყურებდი სცენას, საიდანაც არაფერი მესმოდა.
შემდგომში, მრავალი წლის შემდეგ გავიგე ამ ისტორიის დეტალები.
იმ დღეს, როცა მე უარი განვაცხადე ფარიკაობაში მეცადინეობაზე, დედამ გამაცილა, თვითონ კი წავიდა საფარიკაო სკოლაში. მივიდა ჩემს მწვრთნელთან და უთხრა:
-მე ვადიმის დედა ვარ. შემიძლია მის წვრთნელს გავესაუბრო?
-მე ვარ მისი მწვრთნელი.
-არა! განაცხადა დედამ, მე მჭირდება მწვრთნელთან დალაპარაკება! თქვენ კი მწვრთნელი არ ხართ! თქვენ არავინ ხართ!
მწვრთნელი გაოგნდა და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა.
დედა კი განაგრძობდა.
-როგორ შეგიძლიათ თავს უწოდოთ მწვრთნელი, როდესაც კლავთ ბავშვის ოცნებას? ის ბავშვობიდან ოცნებობს, გახდეს მუშკეტერი. რა მაგალითს აძლევთ ბავშვს, რომ თქვენთან ურთიერთობის შემდეგ აღარ სჯერა სიმამაცისა და გამბედაობის?! თქვენ გაქვთ ზუსტად ორი მეცადინეობა რათა კვლავ გახდეთ მწვრთნელი და აღადგინოთ ბავშვის ოცნება. სხვა შანსი თქვენ არ გექნებათ!
დედა შებრუნდა და წავიდა.
ასე, რომ, დაფიქრდი, სანამ პასუხს იტყოდე – ნამდვილად მწვრთნელი ხარ?
მას შემდეგ ადამიანებთან მუშაობის დაწყებამდე მე ჩემს თავს ყოველთვის ამ კითხვას ვუსვამ – ვლადიმირ, შენ ნამდვილად მწვრთნელი ხარ?
ვლადიმერ ფეი
რუსი ფსქიოლოგი, “პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ ფეი” –ს დამფუძნებელი.
თარგმნა – მარიკა ფიროსმანაშვილმა