გამოხმაურება სტატიაზე: “შემთხვევა ავიალაინერში”
ბავშვი სუფთა გულწრფელი და გახსნილი იბადება. ის დიდ სამყაროს თავის თავთან ერთად აღიქვამს. არ არსებობს მისთვის უცხო. არ ეშინია ცხოველის. თამაშობს ყველგან და ყველაფერთან. არასწორი აღზრდის შედეგად ადამიანი კარგავს ამ მდგომარეობას და მის გონებაში ჩნდება: ნაციონალური ხაზები, იდენტობები, სტერეოტიპები, კომპლექსები…რომელთა დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს.
რატომ აღიქვამს ადამიანი განსხვავებული კანის ფერის მქონეს განსხვავებულ ადამიანად, ან თუნდაც საშიშ არსებად?
ეს მხოლოდ მის გონებაში ჩალექილი სტერეოტიპის “დამსახურებაა”, რეალობა კი სულ სხვა რამ გახლავთ.
რომში რომ ჩამოვედი იმდენი შავკანიანი დავინახე შეუძლებელი იყო მეფიქრა სად ვიყავი. მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები რომ მე დღეს მათთან არანაირ უცხოობას არ ვგრძნობ. თითქოს პირიქითაც ხდება. ისინი უფრო მეტ ყურადღებას გითმობენ, ვიდრე თეთრკანიანები.
ჩემს პალატაში ახალგაზრდა ჩინელი გოგონა მოიყვანეს ტვინზე ტრავმით. გათიშული იყო. ქმარი მობუზული იდგა და ტიროდა. როგორც კი ვუთხარი რომ მეც ასე ვიყავი მაგრამ დღეს კარგად ვარ, მაშინვე მოიწმინდა ცრემლები და გამიღიმა. მარტო იყო. ისიც ადამიანურ თანადგომას ელოდა. მისთვისაც ზუსტად ის აღმოჩნდა ძვირფასი, რაც ყოველი ჩვენთაგანისთვის იქნებოდა. ოპერაციის შემდეგ სხვა პალატაში აღმოჩნდნენ, მაგრამ არ დავიწყებია “შინაურები” და მათი მოკითხვა. ერთ დღეს პალატაში დაბრუნებულს ჩემს საწოლთან ტორტის პატარა ნაჭერი დამხვდა კოვზთან ერთად. მითხრეს იმ ჩინელმა ბიჭმა ყველას შემოგვიტანა და შენ მანდ დაგიტოვაო.
მერე უკვე ქალაქში: რუმინელები, აფრიკელები, მაროკოელები როგორ უანგაროდ მეხმარებიან, მიცავენ, მასწავლიან…თქვენ ვერ წარმოიდგენთ. თითოეული ამბის მოყოლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ვიტყვი: მათ არა აქვთ არავითარი უცხოობის გრძნობა, ზიზღი (რომელიც ყოვლად მიუღებელია პირადად ჩემთვის), მუდამ მზად არიან უანგარო დახმარებისთვის, იცავენ თავის და შენს უფლებებს, ყველგან ღიმილით გხვდებიან…ისინი სრულფასოვანი ადამიანები არიან როგორც სხვა ყველა დანარჩენი.
ადამიანს, რაც ამ საერთო ჰარმონიას ასე აშორებს, გახლავთ მხოლოდ საკუთარი გონება და მეტი არაფერი. რომელიც საბოლოო ჯამში ისევ საკუთარ მტანჯველად ევლინება მთელი ცხოვრება.
ვიცხოვროთ ჩვეულებრივ, ლაღად, უბრალოდ, სიხარულისა და სიყვარულის ატმოსფეროში!
მადლობა ყურადღებისათვის!
სიყვრულით, ნაია მინდიაშვილი
რომი. 9.10.2017.
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია