მე მსურს, მოგიყვეთ უეცარი სიხარულის შესახებ, რომელიც უდრის გაფრენას?
ზამთრის სუსხიანი დილა… აი ისეთი, შენი და თბილი საწოლის მეგობრობის სადღეგრძელოს ცხელი ჩაით სავსე განსხვავებულით რომ გასმევს. დაუდევრად მოვიგდე კაშნე და შევაბიჯე ზამთრის საყინულეთში.
მივაბიჯებ ჩამოცვენილ ფოთლებს შორის და ერთი აზრი მიტრიალებს – ნეტავ, რაზე ჩურჩულებენ ქარისაგან დევნილი ფოთლები…
იქნებ, არ უშინდებიან დევნილობას და ბედნიერების ტანგოს ასრულებენ უკანასკნელად…
იქნებ, სიშორეზე ტირიან… სიშორეზე, რომელსაც მალე უნდა შეუერთდნენ…
ან იქნებ, სიხარულით მიიწევენ „დიდი ქარაფისკენ“, რომელშიც მალე უნდა გადაეშვან, თუმცა, იციან, რომ კვლავ მოვა გაზაფხული და მკვდრეთით აღადგენს მათ გაყვითლებულ „სხეულებს“…
ალბათ, სწორედ სევდანარევი სიხარულისა და უვდავყოფის სიმღერას ასრულებენ და სწორედ ამას ნიშნავს მათი ზუზუნი…
და მაინც… ნეტავ, რაზე ჩურჩულებენ შემოდგომის ქარისაგან დევნილი, ათრთოლებული ფოთლები?!
წარმოვიდგენ ფოთლების ტანგოს და მეღიმება. ვგრძნობ, როგორ ვთბები შინაგანად… ლამისაა, მეც ავცეკვდე შუა ქუჩაში, ტანი ავაყოლო მოფარფატე უკანასკნელი ფოთლის ნარნარს….
მოხუცი ბებო მიახლოვდება, შეფუთული და შეცივებული… ვუღიმი, მინდა, მანაც შეიგრძნოს ბედნიერება, რომელსაც მე ვგრძნობ ამ წამს… ვხვდები, ისიც როგორ თბება შინაგანად 🙂
საპასუხო ღიმილსაც ვიღებ და ახლა თითქოს ორმაგად გავთბი…
“თუ შენს სულში ერთი აყვავებული ტოტი მაინც დარჩა, მას აუცილებლად დააჯდება მგალობელი ჩიტი”, მახსენდება ერთგან ამოკითხული. რატომაც არა, ხომ შეიძლება ღიმილები ავაყვავო ჩემს სულში და დავარიგო უშურველად. არ შემრცხვეს იმის, რომ გიჟად შემრაცხავენ, არასერიოზულად აღმიქვამენ. მერე რა, მომღერალ ჩიტებს მაინც გავახარებ.
ვერასოდეს იქნები დიდი, თუ ბავშვი არასოდეს ყოფილხარ. ჰოდა, დღეს ბავშვად ვიქეცი (სიმართლე გითხრათ, არც სხვა დროს გამოვირჩევი ღიმილებისა და ბავშვურობის ნაკლებობით, მაგრამ დღეს სხვაგვარად განვიცადე, სხვაგვარად გავთბი, სხვაგვარად შევიგრძენი წამიერი ბედნიერების ფასი…).
ვუღიმოდი ყველას და ყველაფერს, ვუღიმოდი ადამიანებს, ცას, მიწას, ჩიტებს, ხეებს… თავად ღიმილსაც ვუღიმოდი. არ ველოდი იმას, რომ ვინმე თავად გამიღიმებდა, უბრალოდ, ვიღიმოდი… ვიღიმოდი მთელი გულით… მშვიდობა ხომ ღიმილით იწყება, ჰოდა, დღეს ჩემი წილი მშვიდობა მოვიპოვე…
ერთი სიტყვით, „გზა–გზა ღიმილები დავარიგე, აღარ დავიტოვე ხურდა“. დღეს სანთელი ვიყავი, ანთებული სანთელი… ბევრ ადამიანს გადავდე ჩემი ალი, მაგრამ კი არ ჩავქრი, პირიქით, უფრო და უფრო ავკაშკაშდი და გავთბი.
ჩვენ, შესაძლოა, ვერც კი ვაცნობიერებთ, რამხელა ძალა აქვს უბრალო გაღიმებას. ის წამიერად გრძელდება, მაგრამ მეხსიერებაში სამუდამოდ შეიძლება დაგვრჩეს… და ვინ იცის, ვის როგორ სჭირდება ჩვენი ერთი უბრალო, თუმცა, გულითადი ღიმილი…
გამიგია, ღიმილი უმოკლესი მანძილია ორ ადამიანს შორისო. მე დღეს ნამდვილად ვიარე ადამიანურობის ბილიკებზე, სადაც მრავლადაა სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა, ბედნიერება, პოზიტივი, მეგობრობა და რაც მთავარია, ხალასი, ჭეშმარიტი ღიმილი.
გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ, თუმცა, ეს არასოდეს იქნება საკმარისი. მიუხედავად ამისა, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ…
თუ თქვენ გულღია ხართ და გიყვართ ღიმილი, ადამიანებმა, შესაძლოა, არასერიოზულად აღგიქვან. მიუხედავად ამისა, გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად…
თუ თქვენ ბალახებში ჩაბუდებული სიმწვანეც გაბედნიერებთ, ადამიანებმა შეიძლება ვერ გაგიგონ. ამისდა მიუხედავად, გაბედეთ ბედნიერება. იბედნიერეთ ნებისმიერი წვრილმანით…
იყავით ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება:
სიკეთე ჩვენს სახეზე,
სიკეთე ჩვენს თვალებში,
სიკეთე ჩვენს ღიმილში…
ავტორი: თაკო ჯანუაშვილი
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელეთ სიყვარულის ენერგია. გავუადვილოთ ერთმანეთს სიცოცხლე
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
დავკარე ძვირფასი რაც კი გამაჩნდა – მშობლების სახლი წამართვეს,ჯანმრთელობა თან გაყვა,ნათესავები ჩამომეცალნენ(ვის ვჭირდები ღარიბი ნათესავი).უფლის რწმენამ ამარიდა თვითმკვლელობა.გავაგრძელე სიცოცხლე, ძველი ნაცნობები მხვდებიან და უკვირთ, რომ გაღიმებული ვხვდები –კარგად ყოფილხარ, გვეგონა გამხდარი და მოწყენილი იქნებოდი, შენ კი კარგად ყოფილხარო, გაკვირვებულები მიყურებენ.ჩემი გაჭირვბა ჩემია და სხვას რატომ უნდა მოვახვიო თავს.მინდა ყველა კარგად იყოს ამ ქვეყნად.სამსახურიდან ,,სახლში” მიმავალს ძახილი შემომესმა – მანანა დეიდაა!ჩემი ძველი მეზობლის ბავშვები იყვნენ, გადამეხვივნენ,ღიმილით მეკითხებოდნენ როგორ ხარო.უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი იმ დღეს.და კიდევ მეზობლის ბიჭი თოვლ–ჭყაპში წინ გადამეღობა,ქუდი მოიხადა და მოგვენატრეთო.ამდენი ბოროტების გვერდით ალბათ ეს გვაძლებინებს.ოღონდ როდმდე გაძლებაზე?მეც მინდა მწვერვალზე,მაგრამ ფსკერზე ვარ …