ღვინის საიდუმლო

 

ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.

«რატომ არ სვამო», ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: «იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო»

— რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, — შეიცხადა მასპინძელმა. 

— შეიძლება ნატურალურიც არის, მაგრამ ღვინო რომ წამლად შეგერგოს, მარტო ეგ არ კმარაო, — უპასუხა კაცმა.

— აბა კიდევ რა არის საჭირო? — ჰკითხა მასპინძელმა.

— აბა, ჯერ შენ მიპასუხე, თუ იცი, ჩვენი წინაპრები როგორ წურავდნენ ყურძენს?

— საწნახელში იდგნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, — უპასუხა მასპინძელმა.

— მთავარი გამოგრჩა: ამ დროს მღეროდნენ, გალობდნენ, მხიარულობდნენ, და იცი რატომ? — იკითხა სტუმარმა.

— არ ვიცი, — მხრები აიჩეჩა ოჯახის უფროსმა.

— იმიტომ, რომ დაწურულ ყურძენს უცნაური მეხსიერება აქვს, ის იმახსოვრებს იმ სულს, იმ გარემოს, რა გარემოშიც იქცევა წვენად და ის სული ცოცხლდება შემდეგ ღვინოში.

ამიტომაც ხარობდნენ ჩვენი წინაპრები ყურძნის დაწურვისას, რომ ღვინო გამხდარიყო სამხიარულო, სასიყვარულო, საჯანმრთელო, და სასიკეთო.

— მერე?

— მერე ის, რომ ვინც ეს ღვინო დააყენა და მოგყიდა, ვიცნობ იმ კაცს, მის ოჯახში სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბოროტი სული ტრიალებს მაგის სახლში და მისი ღვინოც ბოროტი სულის მატარებელი იქნებაო, — უპასუხა კაცმა.

შეგონება — თუ გინდა შეგერგოს და სხვასაც შეარგო, — ღვინოს ნურც გააკეთებ და ნურც დალევ ცუდ გუნებაზე.

 

ავტორი: ბესიკ კაიშაური

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

P.P.S. ნებისმიერ საქმეში, რასაც ადამიანი აკეთებს, მთავარი არის ის ენერგია რასაც მაში აქსოვს. თუ საქმეს სიყვარულით კეთდება, მაშინ ნებისმიერს, ვინც ამ ქმნილებას ეზიარება, გადაეცემა სიყვარულის ენერგია და პირიქით — თუ საქმეს აგრესიით, შურით, ბოღმით და სხვა ნეგატიური ენერგიებით დამძიმებულნი ვაკეთებთ, მაშინ სწორედ ამ უარყოფით ენერგიებს ვავრცელებთ სამყაროში.

ასე რომ, ჩააქსოვეთ რაც შეიძლება უფრო მეტი სიყვარული ნებისმიერ თქვენს საქმეში, სიტყვაში და ფიქრშიც კი.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

1 კომენტარი ჩანაწერზე “ღვინის საიდუმლო”

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.