მე დავიბადე სოფლად, სადაც ქალები მზეს ასწრებენ გაღვიძებას და ნამიან მდელოს გრძელი ქვედაბოლოებით შეისისხლხორცრბენ. მე დავიბადე სოფლად, სადაც მამლის ყივილი მოასწავებს ახალი დღის გათენებას.
მე დავიბადე სოფლად, სადაც მამაკაცები დღენიადაგ უხვ მოსავლიანობაზე ზრუნავენ და მთელი წლის სარჩოს ძიებაში დაღალულნი საღამოს შემოუსხდებიან მაგიდას ოჯახთან ერთად. მე დავიბადე სოფლად, სადაც სხვადასხვა მხრიდან მომავალი ნახირი ერთ დიდ საძოვარზე გადაინაცვლებს, წყურვილს კი მდინარე აბაშის პირთან იკლავენ. მე დავიბადე სოფლად, სადაც ყოველი სეზონის შემოსვლას, არათუ კალენდრის დათხელებული ფურცლებით, არამედ სურნელით ვგრძნობ.
ყველა მოგონება ერთად იკინძება, როცა ძველებური ფერთა აღქმითა და მშვენიერებით არის გაჯერებული.
მე დავიბადე, იქ სადაც ბავშვობას მიწისა და ბუნების სურნელი აქვს. მე დავიბადე სოფლად, სადაც შორ მანძილზე გავლილი გზა სკოლისკენ ათეულ ადამიანთან ღიმილიან შეხვედრას გულისხმობდა. მე დავიბადე სოფლად, სადაც კლასში ხუთი მოსწვლე ზოგჯერ ერთ ფუნთუშას ვუნაწილებდით მაძღარი გულითა და თვალებით ერთმანეთს. მე დავიბადე სოფლად, სადაც ყოველი დღე რაღაც ახალი იყო. მე დავიბადე სოფლად სადაც სხვენში შემონახული აკვანი მახსენებს, რომ რაღაც ახლისა და ძველის გზაგასაყარი ერგო ჩემს თაობას. მე დავიბადე სოფლად, სადაც მთელი ენთუზიამით წარმოვიდგენდით ყველაფერს უსულოს სულიერ არსებად. მე დავიბადე სოფლად, სადაც ბავშვობას კვლავინდებური მუხტი ახლავს, როცა უყურებ, როგორ იზრდებიან შენს გარშემო ახალი თაობები, ჯგუფ-ჯგუფად რომ გამოვლენ სახლებიდან ერთმანეთთან გასაჯიბრებლად. აქ არ არ არსებობს უმცროსი და უფროსი. ისინი რაღაც საერთო ჯაჭვს ქმნიან და ავსებენ ერთმანეთს.
მეც მახსენდება მორიგეობით გატარებული დღეები მეზობლებთან ცხელ ზაფხულში, სადაც თამაშით ბოლომდე ვიჯერებდით გულს. მე დავიბადე სოფლად, სადაც მრავალშვილიანობა ნიშნავს ბედნიერებას. და ასე უსასრულოდ შემოვუსხდებოდით ბებოს მიერ გაწყობილ საუზმეს, დილის ნიავი და ბრჭყვიალა ნამი, რომ ანათებდა მზის ფონზე. ბებია გვიდუღებდა ჩაის, აკეთებდა უგემრიელეს “ჭუმუტიას”, რომელიც ჩემს ჭირვეულ მადასაც კი მალამოდ ედებოდა. არ ვიცი მართლა ისეთი გემრიელო იყო, თუ ბიძაშვილებთან შეჯიბრი მიორკეცებდა გემოვნებას…
მერე იყო დაუსრულებელი ძიება სიახლისა. მახსოვს, როგორ გვიკერავდა მამიდა პატარა ბალიშებს, საექიმო ატრიბუტისთვის. რათა წყლიანი ნემსებით გაგვეწუწა, თეთრ ხალათში გამოეყობილ პატარა ექიმებს. როგორ ძალიან გვიხაროდა, როცა ასე ერთად ზანის პირას წავიდოდით ლოკოკინებისა და ნიჟარების საძებნელად. მამიდა კი ზღაპრულ ისტორიებს გვიყვებოდა და ჩვენც სულმოუთქმელად ვუსმენდით გაოცებული თვალებით.
მე დავიბადე სოფლად, სადაც ბავშვობიდან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა უხუცესებთან ურთიერთობა, რამდენჯერ გადაგვიკვეთავს მდელოები და ყანები საინტერესო ისტორიების მოსმენით. მე ველოდებოდი ყოველ ახალ დილას ახალი მუხტითა და ენერგიით, რადგან თითქოს ყოველი დღე ჩემს არსებობას ამართლებდა სხვაგვარად.
შეიძლება ბავშვობაში არ მინახავს, როგორ გამოიყურება მაღალი ცათამბრჯენები, ან თუნდაც როგორია გასართობ პარკში თამაში. თუმცა ბაბუა და მამები თოკითა და პატარა ფიცრით გვიფერადებდნენ ბავშვობას. გვიკეთებდენენ ძალზედ უბრალო საქანელას, ფასდაუდებელი სიყვარულით. ჩვენ კი ერთმანეთს ვეხმარობოდით მაღლა აფრენაში და რა სასიამოვნო იყო განცდა, შიშნარევი სიხარულისა, რომელიც ჟრუანტელად დაგვივლიდა ყოველ ჯერზე გაძლიერებული ბიძგით. ზოგჯერ კი ბოლო ხმაზე გავყვყვიროდით საკმარისია.
აქ თითქოს არ იყო არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ყოველ ახალ დღეს რაღაც ჯადოსნობა ახლდა თან.
ბებიასთან მიმავალს გზად ცარიელი მინდორი მხვდებოდა, რომელსაც გარედან უდიდესი ჭიშკარი ფარავდა, უფრო სწორად იმ დროს დიდად მეჩვენებოდა. ის არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ ჟანგმორეული საზღვარი. როდესაც მას ჩავუვლივდი ვჩერდებოდი, ჩემთვის იმ ზღაპრული სამყაროს გალავნად წარმომედგინა, რომელსაც ჩემს გონებაში ვაგებდი. ვუყურებდი, დიდხანს ვუყურებდი და მისი ყურებით მაძღარი გავუდგებოდი გზას ბებიასა და ბაბუასკენ. წლების შემდეგ სტუნტობისას, როდესაც ზაფხულში სოფლად დავბრუნდი ვნახე, რომ ჩემი ზღაპრული “გალავანი” ჩამოეხსნათ. ძალიან დამწყდა გული, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრების რწმენა დიდი ხანია დაკარგული მქონდა.
მე დავიბადე სოფლად, რომელმაც მასწავლა დაფასება, სიყვარული, სხვისი შრომის პატივისცემა, სიხლნარევი ხელებით მოპოვებული ლუკმის პატივისცემა. არ ვიცი, ერთი კვირის, თვის, წლის შემდეგ სად ან როგორ ამპლუაში მომიწევს ყოფნა. თუმცა ეს სოფელი იქნება ჩემი ბავშვობის მოგონების, ოცნებებისა და წარმოდგენების ზარდახშა. სადაც თითოეული ფეხის შემოდგმა ერთბაშად გახსნის მყარად ჩაკეტილ საზღვრებს.
მე ვერასდროს ვერავის ვერ მივცემ უფლებას, ჩემი თანდასწრებით ესირცხვილებოდეთ, ირონიით საუბრობდნენ, ზემოდან უყურებდნენ თითოელ სოფელსა, თუ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. შეიძლება აქ მცხოვრებლებმა არ იციან რა არის მოდაში სამოსსა, თუ ტექნიკაში. შეიძლება არ იციან ერთი ძვირადღირებული ნივთის სახესხვაობები. თუმცა დამიჯერეთ, აქ იციან ყველაზე მთავარი, როგორ ესაუბრო ბუნებას. არ არსებობდა ამინდის პროგნოზი, რომელსაც ჩვენი ბებია-ბაბუები ვერ განსაზღვრავდნენ. აქ იციან რას მოასწავებს წითლად შეფერილი ცა, ან ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.
და უბრალოდ მე დავიბადე იქ, სადაც გენიოსმა საკუთარ თავს უწოდა პატარა მდინარის პირას დაბადებული:
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიფციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან.
არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი:
“შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა” …
კ. გამსახურდია
სტატიის ავტორი: ანნა გვილავა
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
Var am realobis nawili… shen ki chemi bavshvoba. Cremlebi madgeba … chemi siamaye da sisxli xar … shen chemi nawili xar