ცხოვრების კიბე

 

ალბათ ბევრჯერ თუ არა ერთხელ მაინც გვიფიქრია, რა მოხდებოდა, რომ… 

“რომ”-ის მნიშვნელობა კი საკმაოდ ვრცელი და ინდივიდუალურია. მაგრამ ადამიანების უმრავლესობას ერთი საერთო აქვს, იშვიათად წარმოვიდგენთ თავს სხვათა ადგილზე. უფრო სწორად გვგონია, რომ ის რაღაც ჩვენ არასდროს შეგვეხება. ეს წარმოდგენა უკავშირდება, როგორც დადებით აზრებს ასევე უარყოფითს. მაგალითად, ჩვენთვის წარმოუდგენელია ისეთივე წარმატება, რომელიც სხვას ერგო, წარმოუდგენელია ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რომელიც სხვას გააჩნია, წარმოუდგენელია ისეთი ტკივილი, რომელსაც სხვა განიცდის.

ხშირ შემთხვევაში სხვათა ცხოვრებას ვუყურებთ მესამე თვალით, რომელიც თითქოს კადრებად აღბეჭდილ ფილმს ემსგავსება, დიდი ეკრანიდან რომ უნდა უმზირო. მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება, ცხოვრებას საკუთარი წესები და კანონზომიერება გააჩნია, ცხოვრებისული კიბე ძალზედ კარგად აბალანსებს ყველაფერს გარკვეულ დროსა და სივრცეში. შეიძლება გვიან, თუმცა აუცილებლად.

და რა არის ცხოვრების კიბე? ეს არის კიბე, რომელზეც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, კიბე, რომელზეც ვიმყოფებით ყველანი. უბრლოდ ზოგი ადამიანი იმდენად შორს გვეჩვენება, რომ გვგონია სამუდამოდ ჩამოვშორდით, ვეღარასდროს ვნახავთ. ზოგჯერ კიდევ გვგონია, რომ ადამიანთა ნაწილი იმდენად დიდ მანძილზე ჩამოვიტოვეთ, რომ მათთან საერთო დავკარგეთ.

ამ უწონასწორობას ყოველდღე ვხედავთ, ყოველდღე ვებრძვით. მაგრამ თითქოს გვიმტკიცებენ, რომ ვცდებით. თითქოს ამ კიბის რაღაც ნაწილი ჩამოტეხეს და უნებურად მხოლოდ შენ მოექეცი ნანგრევების ქვეშ სრულიად მარტო და ეს სიმარტოვე ცოტა არ იყოს გაშინებს. გაშინებს, რომ შენი სიმართლე სადღაც გაუჩინარდა, გაქრა. თითქოს უკვე მოემზადე შეეჩვიო სიმარტოვეს და ამ დროს ხელს შეგავლებენ, შემოგიძახებენ, გაგახსენებენ, რომ ადამიანი სიმარტოვისთვის ვერ იქნება გაჩენილი ესოდენ დიდ სამყაროში. ხვდები, რომ სიმარტოვის განცდაც შენი ღრმა წარმოსახვა არის. უბრალოდ ადამიანთა ნაწილმა ჩამოგიტოვა, ნაწილიც ჩამოიტოვე და დარჩი შორეულ ჰორიზონტზე, სადაც გარშემო მხოლოდ სიცარიელე იყო. მაგრამ მანძილის სიშორე არ გულისხმობს, მის დაუძლევლობას. ადამიანები იღლებიან, ხშირად იღლებიან, იმდენად, რომ მოქმედების უნარს კარგავენ. აღარ უჩნდებათ სურვილი ამ კიბეზე გადაადგილების.  სურვილის დაკარგვაც და განახლებაც კვლავ ადამიანებზეა დამოკიდებული.

მაშინ კი როცა ერთ ადამიანს მაინც იპოვი, რომელიც ხელს გაგიწვდის. შენ უმალვე აივსები ძალით, რომელიც არათუ ერთ, არამედ რამდენიმე საფეხურს დაგაძლევინებს, ამ დროს კი უკან მოიტოვებ იმ ადამიანთა ნაწილს, რომელმაც ვერ შეგაფასა, ვერ დაინახა, ბრძოლის უნარი დაგაკარგვინა. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენი წინსვლით არ დაიზარო სხვისთვის ხელის შეშველება, რომ დასჭირდებათ შენი მხარში დგომა. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ვერ დაემსგავსები მათ, ვინც რაღაც დადებითის ჩაკვლა მოისურვეს შენში.

შენ არ გაჩენილხარ ამ ქვეყნად, რათა ვინმეს რამე უმტკიცო, ან ვინმეს დაემსგავსო. შენ დაიბადე, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს აჯობო ყოველდღე. გახდე უკეთესი ვიდრე გუშინ იყავი. გახადო სამყარო ფერადი, თუნდაც მცირედით. შენ ხარ ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ადამიანი ადამიანის სწორია, ყველანაირი მატერიისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ზოგჯერ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იცვლებიან ადამიანები გარემოებების გათვალისწინებით, რა აძლევთ მათ ამის მიზეზს. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი უკან მოტოვებული გზა არის, რომელსაც ნისლი ჰფარავს და ჰგონიათ, რომ წარსული სადღაც მოიტოვეს, გააქრეს. მაგრამ აწყმოც, წარსულიც ჩვენი შინაგანი ნაწილის განუყრელი უჯრედია, რომელსაც ვერ გავექცევით. ასე, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს შეხვედრა, უკვე არსებულთან. ადრე, თუ გვიან გამოვცდით სხვის სადარდებელს. რაღაც პირველად, რაღაც კიდევ განმეორებით ხდება ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ, საკუთარ თავს, არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას განვიკითხოთ სხვები იმ მდგომარეობაში, რომელსაც დაუფიქრებლად, უგუნურად განვსჯით. სანამ, რაიმეს მართლაც, რომ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი ვერ გაიგებ, ვერ დააფასებ, ვერც შეაფასებ. წარმატების მიღწევისას ვფიქრობთ, რომ ეს დაუმსახურებელია, თუმცა ვივიწყებთ ძველ გარემოებებს, ნაცნობებს. მაგრამ ეს ადამიანები არ ქრებიან, მათ აუცილებლად ვხვდებით, გარემოებებიც ბრუნდებიან. ჩვენ კი იმდენი უნდა შევძლოთ რომ არ შეგვრცხვეს შემდეგ საკუთარი თავის. მარადიული, არაფერი არსებობს ამ ქვეყნად. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. უბრალოდ უკან მოხედვისას, საკუთარი თავის, ქმედებისა და სიტყვების გამო არ უნდა გრცხვენოდეს.

ერთადერთი მარტივი რაც შეიძლება გავაკეთოთ. დაფიქრებაა. დაფიქრება თითოეულ სიტყვაზე, ქცევაზე. და იმდენი თვითშეგნება, რომ გააზრებულად მაინც არ გავამუქოთ ერთმანეთის ცხოვრება.

მე კი დროებით გემშვიდობებით …

 

სტატიის ავტორი: ანნა გვილავა

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
 

 

1 thought on “ცხოვრების კიბე”

  1. მშვიდობა!-საუკეთესო აზრთა წყობაა-ტრადიციულად.მამწუხრებს-მარადიული,რომ არაფერია…ეს ცხოვრებას ხდის სასტიკს…ასე მგონია ეს მე!

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.