ქარის მოტანილი საჩუქარი

screenshot_4

 

ძვირფასო მეგობარო,

მართალია, არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, როგორ ხარ… ისიც კი არ ვიცი, ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, შევხვედრივართ თუ არა ერთმანეთს… ან… შევხვდებით, კი, ოდესმე?! არ ვიცი, ეს საკითხი ბედს მივანდოთ… მე კი ერთ რამეს გეტყვი: მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა შენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე!..

ყოველთვის ვფიქრობდი… რა ადვილია, იყო ბედნიერი და გააბედნიერო ირგვლივ ყველა…

რატომ უჭირთ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? ალბათ, იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა… არადა, გაწვდილი ხელი და თბილი ღიმილი სრულიად საკმარისია, რომ ადამიანს, შექმნილს იმისთვის, რომ ფოთლების შრიალი, მუსიკის მოსმენა, უბრალო კომპლიმენტიც კი ახარებდეს, დაუბრუნო ის გრძნობა, რასაც ადამიანური ბედნიერება ჰქვია!

ბედნიერებას არ პოულობენ, მას ქმნიან. ქმნიან ჩემნაირი, შენნაირი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას იღებენ ყველა ასპექტში და ცდილობენ, გაალამაზონ ის.

ყოველი დღე, რომელიც გვეძლევა, არის ახალი დასაწყისი… დიახ, სიცოცხლე მშვენიერია…

“შეიძლება, ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის სწორედ შენ ხარ მთელი სამყარო!“

ასე რომ… ნათელი ფერებით გაალამაზე შენი ცხოვრება… იპოვე საკუთარი თავი სამყაროში და სამყარო – შენში…

შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი: ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისაკენ…

აავსე შენი გული სიმშვიდით, სიყვარულითა და სიკეთით…

შეეცადე, ყოველდღე ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა უკეთესობისკენ, პიროვნული სრულყოფისკენ…

გამოიყენე ყოველი დღე, წუთი თუ წამი საკუთარი თავის საპოვნელად…

ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას, რაც მთავარი და არსებითია…

შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით…

იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ, სიცოცხლის სიყვარულით!

ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი 10 კილოგრამის დაკლებას… ნუ უცდი პარასკევ საღამოს ან კვირა დილას… ნუ უცდი, როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი… ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შასაფერისი მომენტი არ არსებობს! ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება!

ისე იმუშავე, თითქოს ფული საერთოდ არ გჭირდება… ისე შეიყვარე, თითქოს გული არასოდეს უტკენიათ… ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს…

გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის, რაც უმთავრესია, არ იცვლება – შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს!

ყოველი დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი…

ვიდრე ცოცხალი ხარ, იცოცხლე! წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი!…

სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული… ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება – პატარა დაბადება, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა, ყოველი ძილი – პატარა სიკვდილი…

„ადამიანებად“ არ იბადებიან, „ადამიანები“ ხდებინ! სწორედ ესაა ადამიანი ადამიანისთვის! „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, ფერადი და მზიანი, უღრუბლო და ბედნიერებით აღსავსე…

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანურობით ადამიანობს…

გჯეროდეს, რომ დღეს რაღაც კარგი მოხდება შენს ცხოვრებაში!

გაუზიარე პოზიტივი ადამიანებს! შენ ეს შეგიძლია!  მ ი ბ ე დ ნ ი ე რ დ ი !!!

სიყვარულით, უცნობი…

 

ავტორი: თაკო ჯანუაშვილი

 

P.S. ეს წერილი დაიწერა ონლაინ პროგრამა „სუპერეფექტურობა-3“-ის ფარგლებში მოწყობილი ერთ-ერთი აქციის დროს.

აქციას ერქვა: “ქარის მოტანილი საჩუქარი”.  იდეის ავტორი გახლავთ ამ პროგრამის მეორე სეზონის მონაწილე ლუკას შერმადინი.

აქციის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა გაამზადეს და შეფუთეს საჩუქრები წარწერით “ქარის მოტანილი საჩუქარი” და დადეს ისინი ისეთ ადგილებში, საიდანაც მათი აღება შეეძლო ნებისმიერს, ვინც იპოვიდა.

უდიდესი სიყარულის ენერგიით დამუხტულმა საჩუქრებმა უამრავ ადამიანს გაუთბო და გაუნათა გული და ასმაგი პოზიტიუი ენერგიის სახით დაუბრუნდა უკან მათ, ვინც გასცა ისინი.

დღეს კი ამ ბლოგის მეშვეობით თქვენც გიზიარებთ ამ პოზიტივს. წაიკითხეთ, მიიღეთ და გადაეცით შემდგომ…

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.