„გუშინდელი დღე წარსულია, ხვალინდელი – ჯერ არ არის დამდგარი. ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე. მოდით, დავიწყოთ…“
დღევანდელ დღეს გილოცავთ, როგორც ერთ–ერთს იმ დღეთაგან, რომელიც არასოდეს განმეორდება.
სამი რამ არ ბრუნდება უკან არასოდეს: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა.
რატომღაც, არასოდეს მყოფნიდა დრო და ყოველთვის მიწევდა გარკვეული საქმეების გადადება. თუმცა, თუ კარგად დავუფიქრდებით, აღმოვაჩენთ რომ საკმარისზე მეტი დრო გვაქვს ადამიანებს იმისთვის, რომ ვაკეთოთ საყვარელი საქმე, მოვეფეროთ საყვარელ ადამიანებს, გავუღიმოთ ქუჩაში გამვლელებს, დავესწროთ სპექტაკლებს, კონცერტებს, ბალეტს, ვიზრუნოთ გარემოზე…
დაფიქრებულხარ ოდესმე, რამდენი რამის კეთება შეიძლება ამ სამყაროში? როგორ ფიქრობ, რამდენი რამეა ისეთი, რისი გაკეთებაც პირადად შენ შეგიძლია?
დიახ, ძალიან ბევრი რამ. ჩვენ ყველამ ვიცით ეს გულის სიღრმეში, ყველას გვჯერა, რომ ერთ დღესაც გაგვიმართლებს, რომ დრო ყველაფერზე გვეყოფა, რომ „დადგება დღე“, რომ მთავრობა შეიცვლება და უკეთესი გარემო იქნება მიზნების ასასრულებლად, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება და ამის შემდეგ გამოვავლენთ საკუთარ ტალანტებს. მაგრამ ეს „რომ“ არასოდეს მთავრდება.
მუდამ გვგონია, რომ შეუზღუდავი დრო გვაქვს, არასოდესაა გვიან, დიდი დრო დაგვრჩა და ყველაფერს მოვასწრებთ… თუმცა, ისე შემოგვეცლება ხოლმე ეს დრო, როგორც უდაბნოს ქვიშა იფანტება ხელისგულიდან – ვუყურებთ, ვტკბებით, გვსიამოვნებს ქვიშის შეგრძნება საკუთარ ხელებში, თუმცა, რამდენიმე წამიც და… რამდენიმე წამიც და ქვიშა ჩვენთან აღარ არის და ვერც ვერასოდეს დავიბრუნებთ!
ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გადავდოთ, მაგრამ დრო – არა!
არაფერი არ არის ისე შორს როგორც გასული წუთი. ოდესმე გიგრძვნია გასული წუთის სიშორე? თუ ასეა, გილოცავ, შენ ნამდვილად შეგძლებია დროის დაფასება. დროის, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და რომელსაც. უმეტესწილად, ყველაზე ცუდად ვიყენებთ.
წარმოიდგინე, თითქოს ფული არ არსებობს და გაქვს მხოლოდ დრო (წუთები, წამები, საათები), რომლითაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი, მაგრამ თუ ამოგეწურა, მოკვდები. ხომ ეცდებოდი, რაც შეიძლება მეტი მოგესწრო. გერბინა, გეჩქარა, სწრაფად მოგეგვარებინა მოსაგვარებელი საქმეები… ამისათვის კი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოგეყენებინა თითოეული წამი. ხოლო თუ წამის გამოყენება იცი, მაშინ წუთსაც, საათსაც, დღესაც და ცხოვრებასაც აზრიანად გამოიყენებ!
უნდა ვეცადოთ, რომ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვას შორის არსებული 1 პაწაწინა წამი მოვახმაროთ იმ მისიის შესრულებას, რომელიც გვაკისრია.
პეპელას სიცოცხლე მხოლოდ 1 დღისგან შედგებაო, ამბობენ. მაგრამ, ჩემთვის სწორედ პეპელაა თავისუფლების, სილამაზის, ფერადოვნების, ბედნიერების სიმბოლო. ალბათ, პეპელამ ყველაზე უკეთ იცის წამის ფასი და ტკბება მისით, როგორც შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სუბიექტური შეფასებაა, თუმცა, ალბათ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა დავაფასოთ თითოეული წუთი, რომელიც გვეძლევა, ვიცხოვროთ აწმყოთი და არა წარსულით ან მომავლით და ჩვენი ცხოვრება თუ შემოქმედება გახდეს თავისუფლების, სილამაზის, ფერადოვნებისა და ბედნიერების სიმბოლო…
გისურვებთ, იმ ცხოვრებით გეცხოვროთ, რომელშიც თქვენ ყველაზე უკეთ იგრძნობთ თავს… მიბედნიერდით <3
ავტორი: თაკო ჯანუაშვილი
P.S. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები აქვე, კომენტარებში და გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია!
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია