მოულოდნელობა, როგორც ახალი გამოწვევა

 

„მუდამ შეუძლებელი გეჩვენება ვიდრე არ გააკეთებ“

– ნელსონ მანდელა

 

მოგესალმები მკითხველო. გვიფიქრია მოულოდნელობის არსზე, ან რა არის მოულოდნელობა?

ხშირად, ძალიან ხშირად გვაწუხებს კითხვა რა მოხდებოდა რომ? ეს «რომ» კი განუსაზღვრელი ვადით იკარგება დროსა და სივრცეში. ნელ-ნელა კი მოიცავს იმედგაცრუებას, მოლოდინებს, უმოქმედობას და კითხვას, სანამდე?

რუტინა, იმდენად საზრდოობს ადამიანების მასზე მიჯაჭვულობით, რომ უკუაგდებს ყოველ მოულოდნელ შანსს და საბოლოოდ გარდაიქმნება სინანულად. იმდენი ადამიანი, ურთიერთობა, თუ წარმატებისკენ მიმავალი გზა იჩენს თავს მოულოდნელობის წყალობით, ჩვენ კი თითქოს არ ვართ ამ ყველაფრის მისაღებად მზად. ისინი ცდილობენ ჩვენთან დაახლოვებას, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კი ემსგავსებიან დაისს ზღვაში ჩამავალს. ჩვენც ვუყურებთ შორეულ ჰორიზონტზე, როგორ ფერმკრთალდებიან და საბოლოოდ ქრებიან რეალობისგან.

ყოველ დაისს კი თან ახლავს გულს ჩაწყვეტილი გრძნობა, რომელსაც დანაკლისი ჰქვია.

ჩვენ კი ყოველ მზის ამოსვლისას გვიპყრობს შიში,  რომ ისევ დავკარგავთ, ვერ ვუპატრონებთ არსებულ მოულოდნელობას.  მოულოდნელობა თავისი არსით, პირველყოფილი ადამიანის მიერ ცეცხლის აღმოჩენას ჰგავს. რომელსაც ხიბლავს, აშინებს მისი სიმხურვალე, სიამოვნებს მისი სითბო, ამავდროულად კი ვერ გაურკვევია მიუხლოვდეს თუ არა. მოულოდნელობა იმ შუალედს გავს, რომელთაც განისაზღვრება მიიღებ დამწვრობას თუ აღმოაჩენ ახალ შესაძლებობას. ჩვენ გვეშინია მისი, რადგან გვგონია ვერ ვიპოვით ოქროს შუალედს. მაგრამ ერთ დღესაც გვბეზრდება და მზად ვართ ხმამაღლა ვიყვიროთ: «მე მზად ვარ» და არ იარსებებს ცუდი შედეგი. იარსებეს გამოცდილება და ჩვენც ვცდილობთ მასთან დაახლოვებას.

პირველი ნაბიჯი

ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს, ვორჭოფობთ და ისმევა კითხვა არის თუ არა ეს გარემო ჩვენთვის. ერთი სული გვაქვს უკან მოუხედავად გაქცევის. თუმცა არა, უკვე საკმარისია. ჩვენ ვუყენებთ საკუთარ თავს ულტიმატუმს, თუ არა დღეს, ხვალ უფრო საზიანო შედეგს მივიღებთ.

საკუთარი თავის დარწმუნება

ჰეი, არ არსებობს სამუდამო ვალდებულება, არსებობს საკუთარი თავის გამოცდა. გამოგვივა? ძალიან კარგი! არა, სულ მცირე საკუთარ შესაძლებლობებს გამოვცდით.

მცდელობა

ვიწყებთ პირველი მცდელობით. შეიძლება ეს იყოს გასაუბრება, ან ახალ ადამიანთან ურთიერთობის აწყობა, ან თუნდაც ახალ სფეროში ბედის ცდა. ვხედავთ, რომ მცდელობა ამად ღირდა, ჩვენ გადავლახეთ, შევძელით, ვამაყობთ.

მაგრამ კვლავ იმედგაცრუება

მე არ მინდა შევქნა ილუზია სასწაულისა, სადაც მოულოდნელად ყველა ბედნიერია. არ არის ასე. უფრო მტკივნეულია, როცა მიყვები რაიმეს წარმატებით და ისევ იმედგაცრუება გხვდება. მაშინ გვიჩნდება სურვილი დავყაროთ ყველაფერი და საბოლოოდ გავეცალოთ არსებულ რეალობას. მაგრამ რაღაც შინაგანი არ გვაძლევს უფლებას უკუვაგდოთ უკვე შექმნილი საძირკველი და ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენც ვრწმუნდებით რომ ყველაზე საშიშ ბეწვის ხიდზეც შეიძლება გადასვლა, მიუხედავად იმისა, ყოველ ჯერზე უფსკრულში ჩახედვაზე გული რომც გისკდებოდეს. ჩვენც რაღაც ძალით, რასაც საკუთარი თავის რწმენას ვუწოდებთ, ვაგრძელებთ გზას.

პირველი წარმატება

ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს. რაც უფრო რთულია რაიმე მოსაპოვებლად, უფრო ღირებული ხდება ჩვენთვის. დიახ ზოგჯერ ყველა და ყველაფერი გვიბიძგებს, რომ კმარა, მაგრამ ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე დამოკიდებულება ვინმეზე, ან რაიმეზე. ვაკეთებთ იმისთვის, რომ დამსახურებულად დავრწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში, რომ დღევანდელზე ნაყოფიერი და საინტერესო იყოს ხვალინდელი. სამყარო საკმარისად დიდია, რათა ერთი ხელის მოსმით გავაქარწყლოთ ყველა შიში, და დაბრკოლება. თუ დავნებდებით არსებულ შიშებსა, ან დაბრკოლებებს ამით მათი რაოდენობა არ შემცირდება, პირიქით. მაგრამ გამბედაობით მოულოდნელობა თავადვე იპოვის გზას, სწორი მიმართულებისთვის.

გვახსოვდეს!

არ არსებობს რეალობა მცდელობის გარეშე, ურთიერთობებები წყენის გარეშე, წარმატება წარუმატებლობის გარეშე, დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გარეშე, აწმყო წარსულის გარეშე და მომავალი აწყმოს გარეშე. დიახ, არ არსებობს რაიმე ახალი, დაძაბულობის, ნერვიულობისა და იმედგაცრუების გარეშე. უბრალოდ ეს ყველაფერი უხსნის გზას ახალ შესაძლებლობებს, რომლისკენაც მიმავალი ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენც ვიღებთ მოულოდნელობებს ახალი შესაძლებლობებისთვის.

და ბოლოს: “თავად უნდა გახდე ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში“

 

ავტორი: ანნა გვილავა

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია

 


 

 

დატოვეთ კომენტარი