ბავშვობაში, როცა საკუთარ თავთან ვრჩებოდი, ყოველთვის ვთხზავდი რაღაც მოთხრობებს, ზღაპრებს, მითებს, იგავებს… ძალიან ბევრი ჩანახატი შემიქმნია გონებაში თუნდაც ექსკურსიების დროს, როდესაც ავტობუსის ფანჯრიდან ულამაზეს ბუნებას შევყურებდი. ყოველთვის, როცა რაიმე ისტორიას ვიგონებდი ჩემი ბავშვური გონებით და მულტფილმების, ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ასაკში მყოფს, ბოროტი გმირის ტიპაჟი უნდა გამომეძერწა, რათა შემდეგ სიკეთეს გაემარჯვა, ვფიქრობდი, ვინ შეიძლება იყოს ბოროტის „როლში“ ჩემს მოთხრობაში, ვის შეიძლება ვარგუნო ეს როლი–მეთქი…
… ერთი კლასელი მყავდა, ნინო, რომელთანაც თავიდან ძალიან ვმეგობრობდი, თუმცა, შემდეგ ჩვენი ინტერესები აღარ დაემთხვა ერთმანეთს და რატომღაც ძალიან ამითვალწუნა. ხშირად მოვსულვარ სახლში აცრემლებული, ნამტირალები, შეურაცხყოფილი, თუმცა, რატომღაც, ყოველთვის გულში ვიკლავდი ამ ყველაფერს, რადგან, ვფიქრობდი, მეც რომ ისე მოვქცეულიყავი, ისეთი რამეები მეკადრებინა, რასაც ნინო კადრულობდა, მას კი არაფერს დავაკლებდი, მე დავმდაბლდებოდი, მე დამაკლდებოდა რაღაც… ასე რომ, უხმოდ ვიტანდი ნინოს კაპრიზებს მრავალი წლის განმავლობაში :)იმასაც, დედამისი დედაჩემს რომ ურეკავდა და ეუბნებოდა, რა ნიშნები ყავს თაკოს, ნინიკოს დააკლეს მასწავლებლებმა აშკარადო, იმასაც, ჩემს თვალწინვე როგორ ეუბნებოდა რაღაც საშინელებებს ჩემს კლასელებს, იმასაც, როცა დავჭირდებოდი, რომ მომიცუცქდებოდა და მეუბნებოდა, თაა, ეს გამაკეთებინეო, იმასაც… მოკლედ, ბევრ რამეს.
ერთი სიტყვით, თუ მკითხავთ, რა არის შენი ბავშვობის მტკივნეული მოგონება – ნინო–მეთქი, გიპასუხებთ, მაგრამ იცით რა? მაინც არასოდეს მემეტებოდა მისთვის „ბოროტის“ როლი ჩემს მოთხრობებში, ვერ ვიმეტებდი, რადგან თავს ვირწმუნებდი, ყველა ადამიანში არის მზე, აცადე, გამოანათებს ოდესმე–მეთქი. გარდა ამისა, ჩვენ ხომ წლების წინანდელი მეგობრობა გვაკავშირებდა!
დღეს, როდესაც მიტევებაზე ვფიქრობდი, რატომღაც, პირველი ნინო გამახსენდა.:) მივხვდი, რომ მე მივუტევე მას… თუმცა ის…. ის გათხოვდა, შვილი ჰყავს, ცხოვრობს თავის მეუღლესთან და თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა, როდესაც ქუჩაში შემხვდა, არც კი შემომხედა… ჩემნაირი სენტიმენტალური ადამიანისთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ძალიან გული დამწყდა, მაგრამ, რა ვუყოთ, იმედი მაქვს, ოდესმე ისიც გააანალიზებს, რომ ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება იმისთვის, რომ მტრობასა და შუღლში გავატაროთ და რომ მიტევება და ადამიანის მთელი გულით შეყვარება ძალიან დიდი მადლია!
…ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ძალიან ცუდად უნდოდა, რომ გამოვეყვანე… ძალიან ბევრი ვიტირე ამაზე, ჩემი თავი კი არ მანაღვლებდა, იმ ადამიანზე ვტიროდი, ეგეთი რამ როგორ გააკეთა–მეთქი… ერთ დღესაც, ქუჩაში შემხვდა შემთხვევით, თბილად მივესალმე და მოვიკითხე. შენ რა, მაპატიეო? – მკითხა, რა თქმა უნდა, მეგობარო–მეთქი… იცით რა მოხდა? ბიჭი, რომელიც ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს, განსაკუთრებით, ჭეშმარიტ სიყვარულს და მსგავს თემებს, მეუბნება, თაკო, იცი რას მივხვდი, შენში დიდი ძალაა, რადგან ყველას სიყვარული შეგიძლია, მეც უნდა გავხდე ეგეთიო.)
გავიდა ხანი და შუაღამისას მომწერა, მე ეს შევძელი, მეც მიყვარს ყველაო.) ახლა შემიძლია, ნებისმიერის გამო თავიც კი გავწიროო…
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რამდენი რამ შეუძლია მიტევებას, კიდევ ერთი შანსის მიცემას ადამიანისთვის.:
უცოდველი არავინაა ამქვეყნად, ხშირად ვცოდავთ უფლისა თუ ერთმანეთის წინაშე, თუმცა, მთავარია, შევიყვაროთ ცოდვილი ადამიანი, მივუტევოთ მას და დავანახოთ, რამხელა ძალაა სიყვარულში, რამხელა ძალაა მიტევებაში, რამხელა ძალაა მეგობრობაში, რამხელა ძალაა ადამიანში… ჩვენ გავცემთ ჩვენ წილ სიყვარულს, ის გადაედინება ერთი ადამიანიდან მეორეში, მეორედან მესამეში, მესამედან სხვაში და ასე დაუსაბამოდ… იმ სხვა ადამიანიდან კი კვლავ ჩვენ გვიბრუნდება, გვიბრუნდება ორმაგად, სამმაგად, ასმაგად, ათასმაგად… ასეა, ჩვენი სიყვარული მუდამ გადაედინება ერთმანეთში და სწორედ ასე ვავსებთ ერთურთს, სწორედ ეს არის ერთი ადამიანი მეორესთვის, წვეთი სიყვარულისა და სითბოს გამნაწილებელი, თუმცა, ზღვა ხომ იმიტომაა დიდი, რომ ბევრი წვეთისგან შედგება… ასე რომ, ადამიანის გულიც წვეთწვეთობით ივსება და ხდება უდიდესი სიყვარულის დამტევიც და დიდი სიყვარულის გამცემიც… სიყვარული ხომ იმას ნიშნავს, სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერებაც იპოვო…
…
დღეს ჩემს მეგობარს მივწერე, რომელიც თურმე, ჩემზე ყოფილა ნაწყენი… არც კი ვიცოდი ამის შესახებ, არც ის ვიცოდი, რა ვაწყენინე, როგორც აღმოჩნდა არასწორ ვითარებაში ძალიან არასწორად გაიგო ჩემი სიტყვები ერთი წლის წინ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე მე ამის შესახებ… ძალიან ბევრი ვინერვიულე, მიწერისაც ძალიან მერიდებოდა, მაგრამ დღეს გადავდგი ეს ნაბიჯი, მივწერე და გავბედნიერდი… გავბედნიერდი, რადგან ჩემს თავში დიდი ძალა აღმოვაჩინე… გამიგია, სუსტს შეუძლია, არასოდეს აპატიოს, მიტევება ძლიერთა თვისებააო. ჰოდა, კიდევ უფრო გავძლიერდი, მიუხედავად იმისა, რომ თავი დავიმდაბლე, მე ავმაღლდი საკუთარ თავზე, ავმაღლდი, რადგან დამდაბლების გარეშე ვერ წამოდგები, ისევე, როგორც ალპინისტი ეშვება უფსკრულის ძირში, რათა ავიდეს მწვერვალზე, ასევე დავეშვი და შემდეგ ავედი საკუთარ პატარა მწვერვალუკაზე 🙂
…
მინდა დავასრულო ერთი ისტორიით, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, სანამ ცოცხალი ვარ… ერთი წლის წინ ვნახე ვიდეო, რომელშიც ასახული იყო, როგორ ასამართლებდნენ სერიულ მკვლელს… მსგავსი ვიდეოებით არასოდეს დავინტერესებულვარ, თუმცა, რატომღაც, ბოლომდე მომინდა ყურება. მართლაც, ნანახმა შემძრა!…
ბევრი ადამიანი გამოვიდა ტრიბუნასთან, დაწყევლეს, შეაჩვენეს, აგინეს… მკვლელს, თუმცა, წარბიცკი არ შეუხრია, იჯდა გაუნძრევლად და თვალებში შეჰყურებდა გამომსვლელებს…
რაღაცნაირი პროტესტის გრძნობა დამეუფლა და ძალიან გავბრაზდი. ის იყო, უნდა გამომერთო, რომ ერთი თვალცრემლიანი მოხუცი ავიდა ტრიბუნასთან, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა მისი შვილის მკვლელს: უფალმა მიუტევა კაცობრიობას ცოდვები და მე ვინ ვარ, უფლის სიტყვას გადავუხვიო, მე შენ მოგიტევე, შენ თავისუფალი ხარ, რადგან მე შენ მოგიტევეო!…. ამ სიტყვებმა მკვლელი აატირა მე კი შემძრა, ჩემი შინაგანი სამყარო 360 გრადუსით შემობრუნდა და სულ სხვანაირად დამაწყებინა ფიქრი ამ სიტყვებმა… მართლაც, მე ვინ ვარ, როცა ჯვარზე გაკრულმა იესომ მიუტევა მის მწამებელთ!…
ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მივუტევოთ ერთურთს, რადგან, არავინ იცის, რას მოვიმოქმედებთ ჩვენ იმ სიტუაციაში, რომელშიც რაღაც გვეწყინა სხვა ადამიანისგან, არავინ იცის, ვინ როდის შეცდება, ვის როდის დაუცდება ფეხი… და თუ გვსურს, ჩვენც მოგვიტევონ „თანანადებნი ჩვენნი“, მაშინ მივუტევოთ ჩვენც „თანამდებთა მათ ჩვენთა“… რადგანაც, მიმტევებლისთვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება…
ავტორი: თაკო ჯანუაშვილი – სტუდენტი, კომპანია “ჭიკარტის” (ივენთების კომპანია) ერთ–ერთი დამფუძნებელი. „სუპერეფექტურობის“ მე-3 სეზონის გამარჯვებული.
P.S. სულ უფრო ცოტა დრო რჩება უნიკალური ონლაინ პროგრამის “სუპერეფექტურობა-4”-ის დაწყებამდე. ხვალ 22 ნოემბერს გაიმართება შესავალი ვებინარი, სადაც მონაწილეები მიიღებენ პირველად, მოსამზადებელ დავალებებს და 28 ნოემბრიდან კი დაიწყება ძირითადი ნაწილი.
დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგ გვერდზე >>> http://mebonia.net/superefeqturoba
P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია