როგორ ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე თოვლის ბაბუაზე

ნახატი: ნინო ჩაკვეტაძე https://www.facebook.com/ninochakvetadzeart/

ალბათ ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას უწევს რაიმე ფორმით აუხსნას ბავშვს სიმართლე თოვლის ბაბუაზე. არ ვიცი თქვენ როგორ ართმევთ ამ ამოცანას თავს, მაგრამ დღეს მინდა გაგაცნოთ ერთი ტეხასელი მასწავლებლის ისტორია, რომელშიც ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ რას ეუნებიან მის ოჯახში ბავშვებს, როცა შეატყობენ რომ მათ უკვე ეჭვი ეპარებათ სანტა კლაუსის არსებობაში.

ეს ისტორია ერთმა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა სვეტა კისილევსკაიამ Svetlana Kisilevskaya გამომიგზავნა რამოდენიმე დღის წინ და ისე მომეწონა რომ მაშინვე ვთარგმნე თქვენთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის.

“როცა ბავშვი ხდება 6 -7 წლის და ვამჩნევ რომ უკვე დაიწყო დეჭვება სანტა კლაუსის არსებობაზე, ვხვდები რომ ის უკვე მზად არის. ერთ მშვენიერ დღეს ვეუბნები რომ მასთან სერიოზული საქმე მაქვს და ვთავაზობ სადმე განვმარტოვდეთ. მე ვამჯობინებ კაფეში წავიყვანო. როცა მაგიდას მივუსხდებით და შეკვეთას მივცემთ, ძალზე სერიოზული სახით ვეუბნები:

„შენ ძალიან გაიზარდე უკვე, განსაკუთრებით ამ ბოლო წელიწადში. თანაც არამარტო სიმაღლეში, მე ვხედავ რომ შენი გულიც უფრო დიდი და კეთილი გახდა. ახლა შენ მზად ხარ იმისთვის რომ გახდე სანტა.

ალბათ შეამჩნიე, რომ სანტების უმეტესობა გადაცმული ადამიანები არიან. შეიძლება ზოგიერთი შენი მეგობარი იმასაც კი გეუბნება რომ სანტები საერთოდდ არ არსებობენ. ასე ბევრი ბავშვი ფიქრობს, იმიტომ რომ ისინი არ არიან მზად გახდნენ სანტები. მაგრამ შენ მზად ხარ.“

აქ ჩემ ხმას იდუმალებას ვძენ და ვუხსნი ბავშვს თუ რა უნდა გააკეთოს რომ სანტა გახდეს.

მე მას ვთხოვ აირჩიოს ვინმე, მაგალითად, რომელიმე მეზობელი. ბავშვის მისია იქნება საიდუმლოდ გაიგოს რა სჭირდება ამ ადაიმიანს, შემდეგ კი იშოვოს ეს, შეფუთოს სასაჩუქრედ და მიაწოდოს ისე, რომ ვერც ადრესატმა და ვერც სხვა ვინმემ ვერასდროს ვერ გაიგოს რომ ეს მისი გაკეთებულია. იყო სანტა არ ნიშნავს მიიღო მადლობები , ეს ნიშნავს გინდოდეს და შეგეძლოს უანგაროდ გაცემა.

ჩვენმა უფროსმა შვილმა, ადამმა, ამოირჩია მეზობელი მოხუცი ქალი. ყოველ დილით, სკოლისკენ მიმავალი ადამი ხედავდა რომ ქალი ფეხშიშველი გამოდიოდა ვერანდაზე ფოსტის ასაღებად და გადაწყვიტა რომ მას სჭრიდებოდა ჩუსტები. ჩვენს ბიჭს დიდხანს მოუწია „ჯაშუშობამ“ რომ დაედგინა მიახლოებით მისი ფეხის ზომა.

შემდეგ ჩვენ ვუყიდეთ თბილი ჩუსტები, მან ისინი შეფუთა სასაჩუქრედ და დააწერა „შობას გილოცავთ! სანტა!“

ერთხელ საღამოს, ვახშმის შემდეგ ის წავიდა და საჩუქარი ჩუმად დატოვა მისი სახლის კარებთან ვერანდაზე. დილით მთელი ოჯახი ვაკვირდებოდით თუ როგორ გამოვიდა ქალი ვერანდაზე, აიღო ფოსტა, საჩუქარი და შებრუნდა სახლში. ჩემი ბიჭი ინტერესით კვდებოდა ისე უნდოდა გაეგო რა მოხდებოდა შემდეგ.

მეორე დილით ქალი უკვე თბილი ჩუსტებით გამოვიდა ფოსტის ასაღებად. ადამი სიხარულისგან ისეთ ეიფორიაში იყო რომ მომიწია შემეხსენებინა: „ადამ, დაიმახსოვრე, არავინ არასდროს არ უნდა გაიგოს რომ ეს შენ გააკეთე, თორემ მერე უკვე აღარ იქნები სანტა.“

მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ის ყოველ წელს ირჩევდა ვინმეს და არჩევდა მათთვის უნიკალურ საჩუქრებს. ერთხელ მან საგუდაგულოდ გაწმინდა საკუთარი ველოსიპედი, შეუცვალა მას რამოდენიმე ნაწილი რომ არ ეცნოთ და აჩუქა ერთ-ერთ მეზობელ  გოგონას. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ და არ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ თავიანთი გოგონასთვის ველოსიპედი. არ ვიცით რომელს უფრო გახარებული და ბედნიერი სახე ჰქონდა მეორე დილით, გოგონას რომელმაც ეს საჩუქარი მიიღო, თუ ჩვენს ბიჭს, რომელმაც ის გასცა.”

ეს ისტორია 57 წლის ტეხასელმა ისტორიის მასწავლებელმა ლესლი რაშმა 2007 წელს ერთ ერთი ფორუმზე დაწერა, სადაც მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ რა ასაკში და როგორ უნდა აეხსანთ ბავშვებისთვის უმტკივნეულოდ სიმართლე სანტა კლაუსზე. მაშინ ლესლის უფროსი შვილი ადამი 32 წლის იყო და იმ წელს უკვე მან გაუკეთა საუკეთსო საჩუქარი საკუთარ შვილს – ასწავლა როგორ უნდა გახდეს სანტა.

რატომღაც ამ ისტორიას მაშინ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მაგრამ ათი წლის შემდეგ მოულოდნელად ავტორიც და ისტორიაც სუპერპოპულარული გახდა.

ლესლისთვის გაუგებარია რატომ გახდა საკუთარი ოჯახური ტრადიციის შესახებ მის მიერ მოყოლილი ისტორია ასეთი პოპულარული წლების შემდეგ. პოპულარობა კი დიწყო მას შემდეგ რაც ეს ისტორია ფორუმის ერთმა მონაწილემ ფბ-ზე გამოაქვეყნა. ისტორია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში და ძალიან მალე მილიონობით ადამიანმა ნახა. მალე ის გამოაქვეყნა ყველა ცენტრალურმა მედია-გამომცემლობამ. მიიღო გამოხმაურება უამრავი ცნობილი ადმიანისგან.

შესაძლოა სწორედ ამაშია შობის სასწაული – მისცეს ადამიანებს ის რაც მათ სჭირდებათ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში!

მუდამ გახსოვდეთ: სასაწაულები ხდება იქ სადაც მისი სჯერათ!

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ თემაზე აქვე კომენტარებში. შესაძლოა არანაკლებ საინტერესო მეთოდი გაქვთ და ძალიან გამოადგეთ სხვა მშობლებს.

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.