სიმართლის გზა

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

წლების მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა კითხვა, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში, რა შესაძლებლობები გამაჩნდა და რა იყო ის, რისთვისაც ვარსებობდი დედამიწაზე. თითქოს მარტივი უნდა ყოფილიყო ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა, მაგრამ მე ყოველთვის რთულად, თუ არა შეუძლებლად მეჩვენებოდა.

ადამიანთა დიდ ნაწილს გვწყურია ვიცოდეთ, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი, რა საქმიანობა მოგვიტანს სისავსისა და სიხარულის შეგრძნებას, და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ვიყოთ გულწრფელად ბედნიერები.

simartlis-gza

ამდენი სწავლისა და შრომის მიუხედავად, ზოგიერთ ჩვენგანს ისეთი შთაბეჭდილება გვეუფლება, თითქოს ის, რისკენაც მთელი არსებით მივილტვით, ჩვენთვის უბრალოდ მიუღწეველია. გადაღლილები ვფიქრობთ, რომ დროა მიწაზე დავეშვათ და დავჯერდეთ იმას, რაც სევდას უფრო გვგვრის, ვიდრე სიხარულს.

სამწუხაროდ ხშირად, რასაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ვსწავლობთ, ჩვენ ცხოვრებისეულ ტრაგედიას უფრო განაპირობებს, ვიდრე მისი ტკბობით შესაძლებლობას…       

ბავშვობიდან გვეუბნებიან თუ რა არის სწორი და რა არასწორი; თუ რა შეგვიძლია და რისი უნარი არ გაგვაჩნია; ან თუნდაც, რა მოგვიტანს ბედნიერებას და რა გაგვაუბედურებს. შეიძლება ამ ყოველივეს სიყვარულითა და კეთილმოსურნეობით გვასწავლიდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რჩევა-დარიგებების ზედმიწევნით მიდევნა ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შექმნის გარანტია გახდება.

ის, რასაც ადრეულ ეტაპზე ვისმენთ, საკუთარი თავისა და ზოგადად ცხოვრების შესახებ, არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სრულ ჭეშმარიტებას, არამედ კონკრეტული ადამიანისა, თუ ადამიანთა ჯგუფების მოსაზრებას გარკვეული საკითხებისადმი. შესაძლოა, რომ ამ ადამიანთა ნაწილი საკუთარ თავში თავად ვერ გარკვეულა და ცხოვრების დიდ ნაწილს სევდასა და სინანულში ატარებს.

სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ სიმართლეს თავად მივაკვლიოთ და ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობაც თავად ავიღოთ.

ამას გამბედაობა და სითამამე ჭირდება, რათა გადავდგათ ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც გარანტირებული არაფერია და ვიაროთ იქით, საითაც გული გვექაჩება, გონება კი გვაფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომ შეიძლება ვერ გაგვიგონ, არ მოგვიწონონ, სასაცილოდ აგვიგდონ.

ნუთუ მართლაც ასეთი სახიფათოა ჩვენი სიმართლის გზით სიარული?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თავად შეგვიძლია და თანაც, სწორედ ამ გზაზე სიარულით.

ეს ის მოგზაურობაა, რომლის განმავლობაშიც ვსწავლობთ საკუთარი თავის მოსმენასა და მასზე მინდობას. გზა, სადაც ცოტა ხნით მაინც უნდა დავივიწყოთ ის, რაც აქამდე ვიცოდით, რათა გული გავუხსნათ იმ სიბრძნეს, რომელიც ჩვენში მდუმარედ ყოველთვის არსებობდა.

ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, მაშინ გეტყოდით, რომ შიშის უმეტესი ნაწილი მოჩვენებითი ილუზიაა და მაშინაც კი, როცა ის მართლდება, ჩვენში საკმარისი ძალა არსებობს იმისთვის, რომ შექმნილ სირთულეებს გავუმკლავდეთ და წინ გზა უფრო მეტი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებულებმა გავაგრძელოთ.

დაე გვევლოს ჩვენი სიმართლის გზაზე.

 

ავტორი: გვანცა მამაცაშვილი

 

like
 


 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.