ოცნების სახლი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

გათენდა, ჩემს საწოლში გაჭირვებით წამოვჯექი, ერთი ხელით ტუმბოს ვეყრდნობი.

კარი გაიღო, ჩემს ოთახში ახალგაზრდა მედდა შემოვიდა. წნევა გამიზომა…

-კარგი წნევა გაქვს ბებია… გამიღიმა, წამლები ხომ გახსოვს, როგორ უნდა მიიღო?

-კი შვილო, ჯანი აღარ მაქვს თორემ გონება ჯერ კიდევ მიჭრის. ტუმბოზე ჩამწკრივებულ ფლაკონებს და ფირფიტებს შევავლე თვალი… ერთი ტაბლეტი ავიღე გამხდარი, დამჭკნარი ხელებით… ჯერ ეს უნდა დავლიო უზმოზე, მერე მეორე, შუადღეს სხვა, საღამოს კიდევ სხვა. ჭიქით წყალი მომაწოდა. წამალი გადავყლაპე. გაიხარე შვილო.

-იცოცხლე ბებია… მითხრა და ოთახიდან გავიდა.

ocnebis saxli

ბედს არ ვუჩივი, მოხუცებულთა თავშესაფარში ვცხოვრობ. მადლობელი ვარ ქუჩაში რომ არ ვათევ ღამეს. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული. შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მშობლები ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ შვილები ჩამოსვლას და მათ ნახვას ვერ ახერხებენ. მინდა, რომ ყოველდღე ვხედავდე მათ. მინდა ვუყურებდე როგორ იზრდებიან ჩემი შვილიშვილები, როგორ ეთამაშებიან ძაღლს ეზოში, როგორ რწყავენ ყვავილებს, როგორ მეცადინეობენ, რას ჭამენ, რას სვამენ, როგორ იძინებენ და როგორ იღვიძებენ. მაგრამ აქ მარტო ვარ…          

ფეხები ჩუსტებში ჩავდგი ბებრულად, ღამის პერანგზე ბამბაზიის ხალათი გადავიცვი, ჯოხი მოვიმარჯვე, ჩემი მესამე ფეხი და რამდენიმე ნაბიჯი გაჭირვებით გადავდგი. ჩემს ოთახში კედელზე დიდი სარკეა ჩამოკიდებული. თავიდან ბოლომდე მოსჩანს ანარეკლი. მასთან მივჩანჩალდი. ბოლომდე წელშიც ვეღარ ვიმართები. თმები თოვლივით თეთრია, კარგია საერთოდ რომ შემრჩა. შუბლი დაღარული. სახე დანაოჭებული. კბილების მაგივრად პროთეზი. მინდა ახალგაზრდობა მოვიგონო, იქნებ რომელიმე ბედნიერი დღე გამახსენდეს, მაგრამ რატომღაც ერთ დღესაც ვერ ვიხსენებ, როცა გახარებული, კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. სულ გაჭირვებაში როგორ გამიტარებია ცხოვრება? სამაგიეროდ ცუდი არავისთვის გამიკეთებია, საწყენი არავისთვის მითქვამს, ზიანი არავისთვის მიმიყენებია. მთელი ცხოვრება სასწაულის მჯეროდა, მოვხუცდი და ისევ ჯიუტად მჯერა სასწაულის…

სარკეს რაღაც დაემართა, გამჭვირვალე ტალღებმა გადაუარეს. ალბათ მომეჩვენა, შესამოწმებლად ხელი დავადე, ხელი სხვა სივრცეში გავიდა. ტელეპორტატული არხი… გამიელვა გონებაში. ეს ჩემი შანსია ვთქვი და გამბედაობა მოვიკრიბე, თავს ძალა დავატანე, შიგნით შევედი. როგორც კი ორი ნაბიჯი გადავდგი, ჩემს უკან გასასვლელი დაიკეტა. წინ ბურუსი იყო თავიდან, მერე ნიავმა დაჰბერა და თანდათან გაჰფანტა.

სხვა სამყაროში გავედი, მაგრამ სად? ნაბიჯების გადადგმა ვცადე, რატომღაც გამიადვილდა სიარული, ჯოხი აღარ მჭირდებოდა. მიწაში ჩავარჭე ადგილმდებარეობის ნიშნად.

მწვანე მინდორზე გავედი… ვხედავდი, როგორ იცვლებოდა ჩემი სუსტი სხეული, ძალა და ენერგია მემატებოდა. ვგრძნობდი, რომ ახალგაზრდობა მიბრუნდებოდა. მდინარის ხმა გავიგონე, სუსტი ტალღების ერთმანეთზე გადაგორება ჩემს სმენას მისწვდა, ბალახებში ხოჭო მიძვრებოდა, ფუტკარი ყვავილიდან ნექტარს იღებდა, თუთის ხეზე შემომჯდარი აბრეშუმის ჭია ფოთოლს ახრამუნებდა. ამ ყველაფრის აღქმა მე შემეძლო, რა მშვენიერი შეგრძნებაა, მდინარისკენ გავიქეცი. ნაპირთან მივირბინე, მუხლებზე დავეშვი და კამკამა წყალში ჩავიხედე. წყალი ისეთი გამჭვირვალე და სუფთა იყო, რომ ფსკერზე კენჭები და წყალში თევზები მოჩანდნენ. საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი. იქიდან ახალგაზრდა ჩემი თავი მიყურებდა.

აი, სასწაული… ტყუილად როდი მჯეროდა…

ახლა ისევ შავი თმები და ახალგაზრდა კანი მამშვენებდა. პირში ზედმეტი ნივთი ვიგრძენი, პროთეზი გადმოვაგდე. აღარც ეს მჭირდება, მაგრამ ვერ გადავაგდებ, ბუნებას ვერ დავანაგვიანებ. ჯიბეში შევინახე, სუვენირად გამომადგება, იმის საბუთად საიდან მოვედი. პირი საკუთარი კბილებით ამევსო. სიხარულმა მთელ სხეულში დამიარა. აი, თურმე როგორი ყოფილა ბედნიერება… გაღმა ლამაზი, კერძო სახლები მოჩანდა, ღია, შეუღობავი ეზოებით. არც ერთი მაღალი შენობა არ იყო არსად. ლამაზი ქვის ხიდი გადავიარე და მეც იქით გავეშურე. ყველგან ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანები მხვდებოდნენ, ისე მესალმებოდნენ, თითქოს მათი ახლობელი ვიყავი. საოცარი მშვიდობა სუფევდა ამ ქვეყანაში. პირველივე შემხვედრს ვკითხე; ახლა რომელი წელია-მეთქი… მან კი მიპასუხა:

-ჩვენ წლებს არ ვითვლით, რადგან დრო აქ არ მიედინებაო.

დრო გაჩერებულა, ნეტავ სად ვარ? იქნებ მოვკვდი და ეს სამოთხეა? მაგრამ ჩემი სხეული ისეთი ახალგაზრდა და ცოცხალია, ხორციელი, სულს არ ვგავარ…

გზა განვაგრძე, ბევრი ვიარე, მაგრამ ოდნავადაც არ დავღლილვარ. ისე ლაღად და თავისუფლად მივდივარ, მეჩვენება, რომ თან მიმაქვს აყვავებული მინდვრები, ზვრები თავის მტევნებიანად, ხეები თავის ჩიტების ბუდეებიანად. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი სამყარო ჩემია. გზადაგზა ვიგებ გასაოცარ ახალ ამბებს. ამ ხალხს არც პოლიცია სჭირდება, რადგან დანაშაული არ ხდება, არც ჯარი, რადგან არავინ ომობს. არც საავადმყოფო და ექიმი, რადგან ავად არავინ ხდება. ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. გზად ნაირ-ნაირი ხილი მხვდება, მიირთვი რამდენსაც ისურვებ, შიმშილი არავის აწუხებს, საკვები ყველას უხვად აქვს. რაც მთავარია ფული აღარ არსებობს.

ბოლოს ერთ სახლს მივადექი. ისეთი მშვენიერი იყო, როგორც ჩემი ოცნების სახლი. ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი შემომეგება; ახოვანი და ლამაზი. ისეთი მშობლიური სითბოთი შემომხედა, თითქოს მიცნო. გონება უეცრად გამინათდა: მამა! დავიძახე და ერთმანეთს გადავეხვიეთ…

-შენ მკვდრეთით აღდექი? განა ჩემს ხელში არ დალიე სული? ცოცხალი ხარ? დავაყარე კითხვები.

-არა მხოლოდ მე! მიპასუხა მამამ. წამოდი ბებიაშენს გაჩვენებ და მამაჩემსაც გაგაცნობ, რომელიც არც მე და არც შენ წინა ცხოვრებაში არასოდეს გვინახავს.

-პაპაჩემს გამაცნობ? ის ხომ ახალგაზრდობაში ომში დაიკარგა? მასთან შეხვედრაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი…

-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში. სახლისკენ გამიძღვა.

არ ვიცი ეს სიზმარია, თუ ილუზია, მაგრამ აქედან არსად წასვლა არ მინდა.

მოხუცებულთა თავშესაფარში უცნაური ამბავი მოხდა. ბებია თავის ოთახში გაქრა. ეს ამბავი მისმა მომვლელმა ახალგაზრდა ექთანმა გვაცნობა. მის ნათქვამს დერეფანში და შენობის ირგვლივ დამონტაჟებული ვიდეო კამერების იმდღევანდელი ჩანაწერები ადასტურებს. ბებია ოთახიდან არ გამოსულა.

 

ავტორი: ეკა გოგიბედაშვილი

 
like
 


 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.