ნამდვილი სიყვარული თუ ილუზია?

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ფიქრით დავიღალე…

როგორ მინდოდა მისი ნახვა;  ახლა რომ არ მენახა ალბათ ჟანგბადი გამომელეოდა და სუნთქვას შევწყვეტდი. ვნახე და მერე?..

თავაზიანად შემხვდა და თავაზიანად დამემშვიდობა. შევხედე თუ არა ჩემს ჩამქრალ თვალებში ისევ  სხივი ჩადგა…

ნუთუ ვერაფერს გრძნობს? მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებ, რა მჭირს ვერ ვხვდები. სიხარული, ბედნიერება და ტკივილი ერთმანეთში აირია, ვიღიმები და თან ვტირი, მისი სახელი ყოველ წუთს  ჩამესმის და გამუდმებით მის სახეს ვხედავ…

გამოსავალს ვერ ვპოულობ, სიმწრისაგან ავტირდი, ავტირდი კი არა და ავქვითინდი. იქნებ ვერ ხვდება?… მივალ და ვეტყვი!… არა, დავურეკავ… ღმერთო, რა ვქნა?

siyvaruli

ღმერთი… მხოლოდ მასთან შემიძლია ახლა საუბარი. მიმართულება შევიცვალე და ეკლესიისკენ ავიღე გეზი… გული უფრო ამიჩუყდა, ეკლესიის ეზოში შევედი,მაგრამ ტაძარში ვერ მოვახერხე შესვლა, ეზოშივე სკამზე ჩამოვჯექი. ცრემლებად ვიღვრებოდი, მაინც სადამდე უნდა ვიტირო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, მგონი საერთოდ დავკარგე თავი…

–გოგონა კარგად ხარ?

–არ ვიცი…–ამოვისლუკუნე.

–გასაგებია…

ნეტა რა არის გასაგები? ან ვინ არის რომ მელაპარაკება?

მოვახერხე და ცრემლები ცოტათი შევიმშრალე, ისე რომ თვალის გახელის საშუალება მომცემოდა.

ჩემს წინ ქალბატონი იდგა, ნაზად მიღიმოდა…

–გასაგებია ყველაფერი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!

გაოცებული ვუსმენდი, უცებ შეჩერდა, მერე თითქოს სერიოზულად და თითქოს ხუმრობით განაგრძო საუბარი:

–გაერკვევი და მიხვდები, რომ მისთვის ზედმეტად კარგი ხარ და ამიტომ არ გაქცევს ყურადღებას.

თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი და შემახსენა:

–მანდილი გააქვს?

–კი–მანდილი დავიფარე, ” ნეტა საიდან იცის რა მატირებს, გულთმისანია?  ააა… ალბათ მასაც ატკინეს გული” და ფიქრი ხმამაღლა გავაგრძელე:

–თქვენც გატკინეს გული?

–არა გეთაყვა, ჩემთვის გული არ უტკენია, მან ჩემს გულს გულის ფორმა მისცა, ასეთი გულით ცხოვრება კი უფრო სასიამოვნო გახდა; ჩემი დანაწევრებული გონება  შეაერთა და ერთი წერტილისკენ მიმართა (ჩემი გონება მხოლოდ მისკენ იყო მიმართული ) ; ჩემს ბაგეებზე ღიმილი აათამაშა, თვალებში სხივი ამინთო და ზღაპრულ, ლამაზ ქვეყანაში მამოგზაურა; მზესთან, ზღვასთან და ცასთან საუბარი მასწავლა;  კლდესავით ძლიერი გამხადა, ისეთი ძლიერი, რომ მისი გულისთვის ყველას და ყველაფერს წინ აღვუდგებოდი დედამიწაზე; წმიდათაწმინდა ცრემლები გადმოადინა ჩემი თვალებიდან, გულს ენა აადგმევინა და სული ნიავთან ერთად ააქროლა. იმ დროს ჩემი სული ღელავდა, ზღვასავით ღელავდა და ზღვის ტალღებივით ხანდახან ნაპირს გადაცდებოდა ხოლმე…

მერე რა რომ მან ჩემი გულის ძახილი ვერ გაიგონა? მერე რა რომ ჩემს თვალებში მოციმციმე სხივი ვერ შენიშნა, მერე რა რომ ჩემი გულის სითბო ვერ შეიგრძნო… იმ დროს თავს მაინც ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი…

– ეს სიყვარული იყო?

გაჩუმდა, მგონი დავაბნიე. ცისფერი თვალები ცისკენ მიმართა, გაყინული ხელები მზეს მიუფიცხა. პასუხს ველოდი, მაგრამ დუმდა. მერე ისევ თავზე ხელი გადამისვა, ჩემი ღაწვიდან თითზე ერთი წვეთი ცრემლი გადააგორა და ღიმილით მაჩვენა

– ეს ყველაზე სუფთა რამაა, თუ რამ არსებობს, ასეთი ცრემლებით მხოლოდ სიყვარულით შეპყრობილები ტირიან, ჩემს ცრემლებს გავს…

– თუ გიყვარდა, რატომ არ გააგებინე? მე კი მივალ, მივალ და ვეტყვი… იმიტომ რომ მე მიყვარს!…

– როგორ, მან არ იცის რომ გიყვარს? – მკითხა ღიმილით.

გაოცებულმა შევხედე, ისე გაიკვირვა თითქოს ახლა არ მესაუბრებოდა თავის გაუმხელელ სიყვარულზე, მერე ისევ თვითონვე განაგრძო საუბარი:

– რატომ არ გავაგებინე?… ქალის სიყვარული მამაკაცმა უნდა იგრძნოს (თუ უყვარხარ, უარსაც კი არ მიიღებს შენგან) და თუ იგრძნო და თავს გაჩვენებს, რომ ის ვერაფერს ხვდება, ესე იგი ეს ილუზიაა, სიყვარულის ილუზია… ამ ილუზიაში ყოფნა ცოტახანს კარგია, მაგრამ უნდა შეძლო და გამოხვიდე მანდედან, თუ ამას შეძლებ, ილუზია ნელ-ნელა გაიფანტება, სამაგიეროდ ახლა რომ ტკივილს გრძნობ, ეს წუთები მერე  სასიამოვნო მოგონებად სამუდამოდ შენს გულში მოკალათდება…

სიყვარულში ამპარტავნები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ღირსეულები კი

მაგ ლაბირინთებში დიდხანს ნუ იხეტიალებ, თორემ  თავს ვეღარ დააღწევ და ნამდვილ სიყვარულს ვეღარ შეხვდები! შენ კი ცხოვრება წინ გაქვს… მადლიერი იყავი იმ ადამიანის, ვინც სიყვარული გასწავლა, დალოცე ის. მე კი შენ დაგლოცავ…

დამლოცა და დამემშვიდობა…

მადლიერებით გავყურებდი ჩემს უცნობ ქალბატონს, იგი ტაძრისკენ შებრუნდა , პირჯვარი გადაიწერა, უფალს თავი მოუდრიკა და ეკლესიის ეზოდან გავიდა…

უკვე მშვიდად განვაგრძე ფიქრი. ასე დაწვრილებით იმიტომ ამიღწერა რასაც განვიცდიდი, რომ ჩვენ ერთ სამყაროში ვიმოგზაურეთ, უბრალოდ ის გამოვიდა, მე კი თითქოს ჯერ არ მინდა ამ ილუზიიდან გამოსვლა, არ მეთმობა…  მის ლაბირინთებში ცოტახანს კიდევ მინდა ხეტიალი… “ყველაფერი კარგად იქნება”_ ისევ ჩამესმის უცნობი ქალბატონის მშვიდი ხმა…

ტაძარში შევედი, სანთელი ავანთე და დავლოცე ის ვინც ჩემს გულს გულის ფორმა მისცა, ასეთი გულით ცხოვრება ხომ უფრო სასიამოვნო იქნება…

 

 ავტორი: ნანა შუბითიძე

like

 


 
ამ პოსტის მიერ მიღებული მოწონებების რაოდენობას დაემატება 211 ქულა. იხილეთ: ტექნიკური ხარვეზის გასწორება
 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.