მენატრები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

თუკი გინდა რამე გააკეთო, უნდა გაბედო… თუ არ გააკეთე, ეს არ ნიშნავს რომ არ გინდოდა, უბრალოდ გამბედაობა არ გეყო რომ გაგეკეთებინა. მაგალითად, მე ბევრჯერ მინდოდა შენთვის მომეწერა, მაგრამ ვერ გავბედე. თავმოყვარეობა მიშლიდა ხელს. გამბედაობაზე ძლიერი ჩემი თავმოყვარეობა აღმოჩნდა. თავმოყვარეობა იმის კი არა, რომ არ მეკადრებოდა შენთვის პირველს მომეწერა, უბრალოდ შემრცხვა რას იტყოდი, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე შენთან ურთიერთობის გაწყვეტა, და ახლა მევე გწერ.

მე რომ შენ ვიყო, ამის წაკითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდებოდა: „და ახლა რატომ მწერ?“

გიპასუხებ. „იმიტომ რომ, მომენატრე“.

menatrebi

ხო, ეს ბოლო ხანია დღე არ გაივლის შენ რომ არ გამახსენდე. ამ ბოლო დროს ძალიან მინდება, რომ შენს სიახლოვეს ვიყო, თუნდაც ვირტუალურად. მთავარია რომ ამას ვგრძნობდე.

ამ სტრიქონების კითხვისას შეიძლება იგრძნო, რომ თითქოს ძალიან არის გალამაზებული ბანალური და ცოტა მაღალფარდოვანი სიტყვებით. კი, ბატონო. ეს „წერილი“ ერთი ამოსუნთქვით არ დამიწერია. სულ მცირე, ერთი თვე მაინც ვფიქრობდი ეს დამეწერა  შენთვის. თუმცა ამას მნიშვნელობა მგონი, არ აქვს. მთავარია რომ, ამ ერთი თვის მანძილზე, ყოფელთვის მინდოდა ეს, ძალიან მინდოდა…

რამდენჯერ ყოფილა წუთები რომ გამეფიქროს ”ახლა ავიღებ მობილურს და მივწერ. ანდა არა… ინტერნეტით მივწერ… შეიძლება ამან არაფერი შეცვალოს, მაგრამ მინდა გაიგოს რომ მენატრება. მინდა, უბრალოდ იცოდეს…”. მაგრამ ვერა და ვერ გავბედე. ჯერ შესაფერისი მომენტი ვერ ვნახე საამისოდ. ამას გარდა, რამდენჯერაც დავაპირე, ახლა მაინც მივწერთქო, მაშინვე გადავიფიქრე, ისე ვერ გაიგებს როგორც მინდა-მეთქი. მე ხომ იმდენჯერ გაგაწვალე ამდენი… სიტყვასაც ვერ ვპოულობ რომ ზუსტად ავღწერო ჩემი საქციელი.

სულ ეს იყო, ალბათ, რის თქმაც მინდოდა.

ახლა ამ წერილს გიგზავნი იმიტომ კი არა, რომ გამბედაობა მომემატა. არა. უბრალოდ აღარ მინდა ხვალ გავიღვიძო და ისევ ეს სურვილი გამიჩნდეს. თუმცა სიმართლეს გეტყვი, არც ის მინდა რომ, სხვა, ახალმა  ფიქრმა ”ამატკიოს თავი” – ”ვაიდა როგორ გაიგებს, ან, რა მოხდება-თქო?”… მე ეს იმიტომ მოგწერე, რომ უბრალოდ მინდა იცოდე – ჩემს ცხოვრებაში ხდება ისე, რომ მენატრები. მინდა სწორედ გაიგო ამ წერილის მიზანი.

P.S. წერილის დაწერას მოვრჩი და ახლავე გამოგიგზავნი, თორემ ვიცი ხვალ გავიღვიძებ და მხოლოდ ერთ რამეს გავიფიქრებ – ”არაა. ყველაფერი იყოს ისე როგორც არის. გავყვები ცხოვრების დინებას”  და ამ  წერილს მაშინვე წავშლი. მერე, სიმართლე გითხრა,  უკვე არ ვიცი რა იქნება.

კარგად…

 

ავტორი: მირანდა სურგულაძე

 
like
 


 

 

2 thoughts on “მენატრები”

  1. მადლობა. ეს წერილი რეალურია. ანუ, ამით ჩემი ( მაშინდელი მომავალი) მეუღლე დავიბრუნე. ერთი ამოსუნთქვით დავწერე და ერთი ღრმა ჩასუნთქვით, სასწრაფოდ გავუგზავნე,, რომ მერე არ გადამეფიქრებინა 🙂

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.