საკონკურსო ნაშრომი N6
ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი ბრილიანტი, ხან მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი. გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით) მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით.
გოგონები მაშინ 11 და 12 წლის იყვნენ.ზღვა თვალით არ ენახათ, არც აუზზე უვლიათ, მხოლოდ მდინარეში ჭყუმპალაობდნენ ხოლმე. დავისახეთ მიზანი: ვისწავლოთ ცურვა! ამისათვის გვჭირდებოდა მასწავლებელები. ასეთები ბევრი იყო: ნათესავი, ამხანაგი, უცნობი, რომელიც წამში ნაცნობი ხდება და ა. შ. ბავშვებმაც მოინდომეს მალე თამამად დაიწყეს ცურვა .
იორი მთის მდინარეა. კავკასიონის ყინულებიდან ნაჟური და მინერალებით გაჯერებული წყალი ისეთი ცივი და მძიმეა, რომ დიდხან ყველა ვერ უძლებს, იღლებიან. ამის გამო ხალხი ძირითადად ნაპირთან ახლოს ცურავს. თუ კარგი მოცურავე არა ხარ, ტბის სიღრმეში შესვლა საშიშიც კია. არის კიდევ ერთი მომენტი: არაჩვეულებრივი მოცურავეც რომ იყო, თუ ფეხქვეშ მიწის გამოცლაზე პანიკა გემართება, მოცურავედ ვერ ჩაითვლები. ასეთები ბევრია იქ, განსაკუთრებით ბავშვები. ჩემებს თავიდან ეშინოდათ, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა ეს შიში როგორმე დაეძლიათ. როგორ? არც მეტი, არც ნაკლები! თვით მირზაკარიმ სანაკულის ძე ნორბეკოვის დახმარებით!!
იმ დროს ნორბეკოვის სისტემის პირველ საფეხურებს გავდიოდი, პატარ-პატარა შედეგები მქონდა და ამით ძალიან ვამაყობდი, სულ წარმოსახვის ძალაზე ვლაპარაკობდი და ვბრაზდებოდი თუ ვინმე არ დამიჯერებდა. მოკლედ, მომაბეზრებელი ვიყავი. შვილებსაც იგივე სტილით ვაფრქვევდი: ცურვა აუცილებლად უნდა ისწავლოთ! ჯანმრთელობაა! ვინც სწავლობს ცურვას, ის სწავლობს ყველაფერს! თუ ამას შეძლებთ, თქვენ შეძლებთ ყველაფერს! წარმოიდგინეთ და მოინდომეთ! როგორც წარმოიდგენთ, ისეც მოხდება!!!!! და ა.შ. დიდად კი არ მისმენდნენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს იყო აღზრდა! ( ახლა მეცინება).
ასე იყო თუ ისე მიზანს მივაღწიეთ, მშვენივრად ცურავენ და წყალი ძალიან უყვართ, აუზის ქლორიანიც კი. მე ვიყავი ბედნიერი და ისევ ვქადაგებდი ნორბეკოვის სისტემაზე, მის წიგნსაც ვუფრიალებდი თუ ვინმე გამიჩერდებოდა. მაგრამ ჩემი თვითკმაყოფილება ერთ წამში გაცამტვერდა, როცა შვილებმა დამისვეს ჩამჭრელი კითხვა:
-დედა, სულ ნაპირის გასწვრივ რომ გადი-გამოდიხარ, რატომ სიღრმეში არ მიცურავ? – გული კინაღამ გამიჩერდა. ცუდად ვცურავ და მალე ვიღლები, ფსკერს ვსინჯავ დროდადრო ფეხით და თუ ვეღარ ვწვდები, თავზარდაცემული მოვცურავ (უფრო სწორად მოვცურავდი) ნაპირისკენ.
-არ მინდა- ვუპასუხე რაც შემეძლო არხეინად. ბავშვებს რას გამოაპარებ!
-გეშინია? არ გინდა კი არა გეშინია!- რა დაუნდობლები არიან, ვფიქრობ შეწუხებული.
-ჩვენ რომ გვასწავლი შენ რატომ არ აკეთებ?- (კედელთან ვარ!)
-ახლავე გაცურე და დაგიჯერებთ -( დედიკო მიშველე)
-ახლა დაღლილი ვარ, საღამოს გავცურავ- ( რამეს მოვიფიქრებ). ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე, ან უნდა გააკეთო ან არა! მე არც ერთი მინდა და არც მეორე. შვილებთანაც არ მინდა შევრცხვე. სხვა გაზა არ მქონდა, ვუხმე ისევ წაროსახვის ძალას და დავიწყე; როგორ მივდივარ ტბისკენ, როგორ ჩავდივარ დაღმართზე, შევდივარ წყალში, მცივა, კანიც კი დამეხორკლა, წელამდე შევდივარ, ხელებს ვშლი და მივცურავ პირდაპირ, მერე მშვიდად ვბრუნდები ნაპირთან. გავიმეორით… ისევ…ისევ… მშვენიერია!
საღამოც დადგა. ცოტა ადრე წავედი, რომ რეპეტიცია გამევლო. გზაში ისევ ვვარჯიშობ. როგორც კი ტბა გამოჩნდა, ისეთმა შიშმა ამიტანა, თითქოს ვიხრჩობოდი, მობრუნება მომინდა, მაგრამ გმირულად გავაგრძელე გზა. დავდექი ნაპირთან და ვიდექი დიდხანს, დიდხანს… ქანდაკებასავით. ,,ვტკბები” გარემოთი . როგორც იქნა შევედი და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა. არავითარი შიში, პირიქით, რა კარგი ყოფილა ღია სივრცეში ცურვა! უკან დაბრუნებისას კი დავიღალე, მაგრამ ეს უკვე აღარ მაწუხებდა. მიხაროდა, რომ ბავშვები ჩემს ,,სიყოჩაღეს” დააფასებდნენ. ასე ვისწავლე ცურვა. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ შვილებს არც გახსენებიათ შევემოწმებინე.
ავტორი: გულო კაპანაძე
ძალაინ მომეწონა, რა კარგად წერთ, აღარ ხართ მომაბეზრებელი 🙂 ნორბეკოვი კარგი ვინმე ?( არ მეჩხუბოთ) ანუ წავიკითხო?
დიახ, მარი, ნორბეკოვი მართლაც «კარგი ვინმეა», უფრო მეტიც – ის ძალიან მაგარი «კარგი ვინმეა» :))))))
ამონარიდი მისი ერთ–ერტი წიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://mebonia.com/diadi-adamianebi/ra-aris-norma-da-vin-aris-normaluri-moqalaqe.html
შევხვდებით მწვერვალზე!