მე გადავცურავ ზღვას  

საკონკურსო ნაშრომი N16

 

ქუჩაში მივდივარ და ვოცნებობ, ნაცნობი არავინ შემხვდეს.. მივდივარ ჩემთვის, ფეხათრეული, უმიზნოდ, ზომბივით, გაყინული გონებით.. მივაშრიალებ  გაცრეცილ ფოთლებს და ვხვდები, შემოდგომის შეგრძნებაც გამიქრა… ვიცი, რომ სახლში მინდა. ოღონდ ასე რად მიმეჩქარება? ვერ ვხვდები… ნუთუ იმიტომ, რომ გავეხვიო თბილ პლედში, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში, დავჯდე ოთხ კედელს შორის და ვიფიქრო საკუთარ უსუსურობაზე?

იზრდები, ვითარდები, აზროვნება გეცვლება.. გიხარია შენში მომხდარი სასიკეთო ცვლილებები… სუნთქავ, მოძრაობ-ანუ ცოცხლობ..

მე კი ფეხაკრეფით დავდივარ, თითქოს საკუთარ ნაბიჯებსაც ვუფრთხი..

ვიკეტები საკუთარ ნაჭუჭში…

ფსიქოლოგიიდან გამახსენდა სირაქლემას პოზა… მიწაში თავწარგული გავურბივარ რეალობას…

ნუთუ ნამუსი საერთოდ დავკარგე? როგორ არ მრცხვენია ჩემი უმწეობის? განა რა მიშლის ხელს პოზიტივით ავივსო?

ვფიქრობ, ვიაზრებ, მაგრამ არ ვმოქმედებ..

მივდივარ ქუჩაში, ვიყურები მარტო წინ და ქვემოთ..

ვიმალები ქურთუკში..

ისე გავურბივარ ნაცნობი სახეების ნახვას, თითქოს ეგაა და დანაშაულზე წამასწრებენ…

ირონიულად მეღიმება საკუთარ ქმედებაზე… მასას შევერიე, გავუფერულდი.. არადა, ერთიც მითხარი რა მაკლია თუნდაც  ერთი ჯანსაღი ღიმილისათვის?

დღითიდღე მეტს ვფიქრობ შემოდგომისფერ სევდაზე, ბურუსივით რომ შემომეხვია და გზა არ ჩანს…

გავიხედ-გამოვიხედე, უნებურად გონებაში გიორგი ზანგურის ლექსი ამოტივტივდა:

„უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,

ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო..“

და მივხვდი, არ მინდოდა ასეთად ქცევა…

იმ დღეს სახლში ბევრი ვიფიქრე… ერთი ჩემი მეგობრის რჩევა გამახსენდა, რომელიც იოგითაა გატაცებული, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ მეოთხე ჩაკრა გახსენი, სიყვარულის ჩაკრა.. ჯერ შენი თავი შეიყვარე, შემდეგ თითოეული ადამიანი.. ნახავ, როგორ შეგცვლისო..

გადავწყვიტე ასე მემოქმედა; დილით ადრიანად გამეღვიძა, სარკეში ჩავიხედე..  უთქვამთ, ყოველ დილას გაუღიმეთ საკუთარ თავს, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოთო,- ასეც მოვიქეცი… გაამართლა, მთელი დღე შევძელი კარგი განწყობის შენარჩუნება..

გამოვიღვიძე…  ფერი ვიცვალე…

გარეთ გავედი.. მომეწონა ყვითელი ფოთლები… ახლა უკვე თავად დავუწყე ნაცნობებს ძებნა.. რამოდენიმეს გამოველაპარაკე, გამიხარდა მათი ნახვა.. პარკში შევედი, მომნატრებია მოღუღუნე მტრედების ყურება… გვერდით წყვილი მომიჯდა, გოგონას საკმაოდ გამობურცვოდა მუცელი, თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა.. მე ვიღაცის ბედნიერება მიხაროდა.. გულში უნებურად გავივლე, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს მეთქი..

ქვიშაში ბავშვები თამაშობდნენ,  ვუყურებდი და მიხაროდა,  ახალი თაობა,  ახალი სიცოცხლე.. უცებ, ერთი წაიქცა და ტირილი დაიწყო, გავხედე, დავიმანჭე და მანაც  ტირილნარევი სიცილით მიპასუხა.. სიხარულმა დამირბინა, თურმე შემძლებია ვიღაცის გაღიმება..

გამოვედი, მათხოვარი შემხვდა.. ფული მთხოვა..  მივეცი.. გულზე მომეშვა, ისე ამაყი ვიყავი, თითქოს მილიონი მეჩუქებინა..  ის ხურდა შეიძლება მისთვის პურზე დაკლებული 20 თეთრი იყო და გავახარე, გამხმარ კუჭს რომ დაანაყრებდა ამ საღამოს..

სასიამოვნოდ დაღლილ-ნახეტიალები მოვედი სახლში.. რახანია აღარ დამიხატავს, ფურცლები ავიღე და მონახაზი გავაკეთე.. ძველი ჩვევები მომნატრებია..

არ მინდოდა ბევრი ფიქრისთვის დრო მქონოდა.. მივხვდი, ბოლოს ეს მაინც აბსურდამდე მიმიყვანდა… რატომ მე? რატომ ასე? კი მაგრამ, სანამდე?

რუბენ გალიეგოს „თეთრით შავზე“ გამახსენდა..

განა ამის მერე, შეიძლება  ვიწუწუნო რამეზე?  განა რა მაკლია ბედნიერებისათვის? საღი აზროვნება-გამომეპასუხა ქვეცნობიერი.. ორი ხელი, ორი ფეხი, ჯანმრთელი, ძლიერი, ეს მე ვარ… მეგობრები, მშობლები.. მეტი რაღა მინდა? სად გაფრინდნენ ჩემი მიზნები? განა მე არ ვიყავი რომ ვამბობდი, ამასაც გავაკეთებ, იმასაც მივხედავ..

სიმსუბუქე ვიგრძენი.. მიყვარდა ჩემს ირგვლივ ყველა და ყველაფერი, მიხაროდა სამყარო..

რახანია დედას აღარ ჩავხუტებივარ…

– მიყვარხარ დე…- თბილად მივეხუტე..

სარკეში გამოვიარე და თვალი ჩავუკარი ჩემს ანარეკლს..

უცნობი ავტორის  ლექსიდან ორი ტაეპი წამომეშველა გონებაში:

„იფიქრე კარგი და დაინახავ,

რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

ყველა გასაჭირი წავა და ბედნიერება მოვა..

ბედნიერების ფრთები შემესხა..  საოცარმა ენერგიამ ამავსო, ყველაფერი კარგად იქნება, ვთქვი ჩემთვის, ყველა გასაჭირს მოვერევი, სანამ უფლის რწმენა მაქვს..

„ –  მე გავფრინდები.

–  რომ ვერ გაფრინდეთ?

–  მაშინ  ზღვას გადავცურავ..“

 

ავტორი: ნატალია პაპუაშვილი  

 


3 thoughts on “მე გადავცურავ ზღვას  ”

  1. dzalian kai statia natalia… martalia  sauketeso eqimebi sauketeso  fsiqologebi chvenshia sakutar tavshia .. chven unda shevdzlot da unda gavagviot sakutar tavebshi rwmena mizani da mimartulebaa.

    პასუხი
    • namdvilad asea kaxa, sanam shenshi ar agmoachen dzalas sheebrdzolo sidzneleebs, veravin gishvelis… magram mtavaria igrdzno, shegawuxos sakutarma ususurobam, shemdeg daisaxo miznad misi agmofxvra. gaixseno yvelaferi, tuki wagikitxavs, mogismenia, ginaxavs… da praqtikashi danergo gamoscado isini… uflis rwmenita da dzalit yvelaferi gamova, daudzleveli araferia amqveynad…

      პასუხი
  2. შენი გადასაცური ზღვა მეტად სახიფათო, საპასუხისმგებლო და აუცილებელია, ისევე როგორც თვითოეული მოკვდავისთვის. აუცილებელია, მაგრამ შეძლება კი ყველამ რომ გადაცუროს? რა თქმა უნდა ვერ შეძლებს. იმ ზღვის გავლა მეტად ადვილი იქნება, რომელიც გემით ან ნავით უნდა გადაცურო. შენი ზღვის გადაცურვას დიდი ამტანობა სჭირდება. გაუძლებს კი ადამიანის ნებისყოფა ყოველ აბობოქრებულ ტალღას გაუმკლავდეს? „უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად, ირგვილ ყველას თვალები გახდომია უაზრო“ სწორედაც, რომ საზოგადოება უძლური, ამოუცნობი და ხშირ შემთხვევაში უვიცია. შენ კი არ გინდა ამ გარემოს წევრი იყო. ამან გიბიძგა ფერი გეცვალა და ჩამოყალიბებულიყავი სრულყოფილ ადამიანად. სრულყოფილებამდე განვლე ის ეტაპები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია თამამად თქვა მე დავამარცხე უძლურება ჩემში. პირველი ეტაპი- სიყვარული ყველასა და ყველაფრის მიმართ, შეგიყვარდა თვითოეული მათგანის სიცოცხლე. ის გაცრეცილი ფოთლებიც, რომლებსაც უაზროდ მიაშრიალებდი. მეორე ეტაპი- შენმა სიყვარულმა მეტად გულისხმიერი და მზრუნველი გაგხადა. აღარ დაიარები თავდაწეული, ახლა თამამი ხარ და თავისუფლად სუნთქავ. მესამე ეტაპი- არ იქნებოდა პირველი და მეორე ეტაპი, რომ არა მესამე. შენი რწმენა იმდენად დიდია, რომ დაამარცხე ის რაც გრთგუნავდა. ამ სიტყვების თქმამ საკუთარ თავთან ძლიერ აგამაღლა… „იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ რწმენა, უფლის შემდეგ ვინ იქნებოდა მეორე რომ არა მშობელი დედა? შენმა ჩახუტებამ და „მიყვარხარ დე“_ს ნათქვამმა მთლიანად შეგცვალა და გაგაძლიერა. თხზულება უფრო პრაქტიკულია ვიდრე თეორიული. სწორედ, ამან განაპირობა ის, რომ შენ გადაცურე ზღვა….

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.