წარუმატებლობის შიში და ოცნებების სასაფლაო

იცით თუ არა, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ნიჟარას და ფრინველთა მეფეს, რა როლი ეკისრებოდათ მათ სამყაროს შექმნის პროცესში, სად არის ოცნებების სასაფლაო და საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი წარუმატებლობების შიშთან?

უყურეთ ამ 4 წუთიან ვიდეოს და მიიღეთ პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე და არა მარტო მათზე…

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში

 

 

თუ გსურთ ვიდეოს ტექსტური ვარიანტის ნახვა, დააჭირეთ ქვემოთ მოცემული სოციალური ქსელების ღილაკებიდან ერთ–ერთს, გააზიარეთ ეს პოსტი და აქვე გაიხსნება ტექსტი:

[trafficbomb]

ერთ ძველ, მგონი ინდურ თქმულებაში არის ასეთი რამ:

ღმერთმა პირველად შექმნა ნიჟარა. ის იმყოფებოდა ზღვის ფსკერზე.  მთელი დღეები აკეთებდა ერთი და იგივეს – დროგამოშვებით გაიხსნებოდა შემოუშვებდა წყალს და იხურებოდა. გაიხსნებოდა შემოუშვებდა წყალს დაიხურებოდა… და ასე შეიძლება გააგრძელო დაუსრულებლად, მაგრამ უფრო საინტერესო არ გახდება.

შემდეგ ღმერთმა შექმნა არწივი და უთხრა: შენ შეგიძლია აფრინდე ყველაზე მაღალ კლდეებზე, დაეშვა ნებიემიერ დაბლობზე, დაიპყრო ნებისმიერი მწვერვალი, შენ შეგიძლია გამოსცადო ნებისმიერი თავგადასავალი.

შემდეგ მან შექმნა ადამიანი, მიიყვანა ჯერ ნიჟარასთან შემდეგ არწივთან  და უთხრა: „აირჩიე“

ყველაფერი იწყება არჩევანის გაკეთებით… ჩვენ ყოველდღიურად ვირჩევთ, თითოეულ ჩვენი ნაბიჯი არის არჩევანი ,მაგრამ სამწუხაროდ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ნიჟარას ერფეროვნებას და მხოლოდ მცირედი თუ ბედავს ზეცაში განავარდებას , მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ უმრავლესობას გაფრენა არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ  ეშინია დაცემის. და თან დაცემის ეშინია არა იმდენად დაცემის ტკივილის გამო, რამდენადაც იმის გამო თუ რას იტყვის ხალხი როცა დაცემულს ნახავს.

„რას იტყვის ხალხი“ – აი კაცობრიობის ყველაზე საშინელი სენი

ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვიან ან იფიქრებენ ჩვენზე სხვები. ანუ, წარუმატებლობის იმდენად არ გვეშინია, რამდენად იმისი, თუ რას იტყვიან ასეთ შემთხვევაში ადამიანები ჩვენზე, რომ ისინი შეიძლება დაგვცინებენ, მასხრად აგვიგდებენ, ზურგს შეგვაქცევენ, იჭორავებენ და ამის გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცევა.

და ამის გამო მთელი ცხოვრება დავდივართ ნიღაბაფარებულები, ვცდილობთ ყველას ისე მოვაჩვენოთ თავი როგორებადაც სურს გარემოცვას რომ გვიხილოს და ასე თანდათანობით ხდება ჩვენი რეალური შინაგანი სამყაროს დეგრადაცია და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, რომ არასდროს აზრადაც არ მოგვივა სინამდვილეში რა უაზროდ გავფლანგეთ დრო. და ჩვენს საფლავებზე მოსული ახლობლები წაუქცევენ ღვინოს და დანანებით იტყვიან რომ ჩვენისთანა კარგი ადამიანები არ უნდა მიდიდოდნენ იმ ქვეყნად და ა.შ.  მაგრამ ვერავინ მიხვდება რომ სინამდვილეში ეს არის არა ჩვენი, არამედ ჩვენი გენიალობის, ტალანტების, იმ ღვთიური ნიჭის და უნარების სასაფლაო, რომელთა შესახებ თავად ჩვენც არ გვქონდა წარმოდგენა, რომ ეს არის განუხორციელებელი იდეების, არდაწყებული ბიზნესის, არგადაღებული ფილმის, დაუწერელი წიგნის, აუხსნელი სიყვარულის, აუხდენელი ოცნებების სასაფლაო, იმ ოცნებების რომელსაც შემდეგში ვუღალატეთ და ეს იმიტომ რომ ჩვენ თავის დროს ვერ ან არ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი… იმიტომ რომ შეგვეშინდა წარუმატებლობის და ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვითიმედგაცრუებამდე და მარცხამდე.

ისტორიას კი პიროვნებები ქმნიან, ცივილიზაცია არანორმალური, არალოგიკური, გიჟური აზროვნების ადამიანების ხარჯზე ვითარდებოდა ყოველთვის. მასა, ბრბო კი ჭაობია, რომელშიც ადამიანთა გენიალობა და ტალანტები იმარხება.

ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ, ვინ გვინდა რომ ვიყოთ, პიროვნება რომელმაც დაძლია შიში და მოიპოვა თავისუფლება თუ ნორმალური ადამიანი უასხური ერფეროვანი მასიდან?

ადამიანის წინაშე ყოველთვის არის არჩევანი:

გადადგას ნაბიჯი წინ

დარჩეს ადგილზე

ან გადაგას ნაბიჯი უკან

და წაგებული რჩება ყოველთვის ის, ვინც რჩება ადგილზე.

ნუ დარჩები ადგილზე, ნუ მისცემ შიშს უფლება შეგბოჭოს. ნუ ელოდები ნურაფერს, შეუტიე ცხოვრებას. ნუ გეგმავ სიცოხლის ბოლომდე და ნუ ითხოვ ნებართვას. დაიწყე მოქმედება და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

[/trafficbomb]

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

–––––––

შეგახსენებთ, რომ 29–30 ნოემბერს თბილისში გაიმართება “წარმატების აკადემია MK”–ის ახალი 2 დღიანი ტრანსფორმაციულიტრენინგი “გარღვევა წარმატების მწვერვალებისკენ”

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანაახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://mebonia.com/wppage/gargveva-tsarmatebis-mtsvervalebisken

7 thoughts on “წარუმატებლობის შიში და ოცნებების სასაფლაო”


  1. უკვე მესამედ მოვისმინე ეს გონივრული და რეალური შეგონება.
    კი ბტონო, გავშალოთ ფრთები, არავის აზრი არ გავითვალისწინოთ, ვიბრძოლოთ მხოლოდ პირადი ინტერესების განხსახორციელებლად….

    ახლა სწორედ ის დროა, არავინ რომ არავის აზრს არ ითვალისწინებს და ყველა იმ ხვრელში ძვრება, რაშიც (თუნდაც მიწოლით) გაეტევა…

    ილიკო ილარიონის არ იყოს, სადაა ფრთები?!
    ადამიანი ჯერ მიწაზე ისხამს ფრთებს და ზეცისკენ მერე იხედება.

    ჰპოვა კი ვინმემ მიწაზე ბუმბულიც კი?!

    შესანიშნავია ოპტიმიმზმი,მაგრამ, ეს უფრო შორეულ საუკუნეებში ჭრიდა, დღეს ამ დიდ სიკეთეს (თუნდაც ჩემის ჩათვლით) იმ მალამოდ მიიჩნევენ, სატკივარს წამიერად, გარედან რომ აყუჩებს და შიგნით ვერაფერს შველის…

    უფალს რომ ნიჟარისთვის ზეცა დაებედებინა, ფრთებსაც გამოასხამდა…

    ან “ყველა ნიჟარას” არწივს გაუგზავნიდა,მაგრამ არა! ასეთი რამ დედამიწაზე მხოლოდ იმათთვის ცხადდება, ვინც ისედაც ცაში დაფრინავს…

    თავადაც მიყვარს შეგონებანი და ამას პირად ურთიერთობებში, რეალურად, ვაკეთებ კიდეც, მაგრამ ამის გამო საკუთარი თავის მიმართ მეღიმება…

    “ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა”-ო…

    ჰო, ჩვეც ყვავები ვართ, თუმცა არც მისი ბედისწერა დაგვყვა, ხანმოკლე სიცოცხლე გვარგო არსთა განმრიგემ სამწუხაროდ…ჰო, ის ყვავები ვართ, რომლებიც ერთმანეთს დასჩხავიან და ვერაფრით შველიან მწყურვალ ბახალასაც კი, თუ ეს უფალმა არ ინება…

    ზეციურ ყვავთ ხომ გააჩნიათ ფრთები?

    მეთანხმებით ხომ?

    ღვთის ნების გარეშე ცაშიც კი ვერ შეინავარდებ ამ ფრთებით, ირაოს ვერ გააკეთებ, თუ ეს, შენ არ უნდა გააკეთო…

    არადა როცა ასეთ გულისხმიერ შეგონებებს წაიკითხავ თუ მოისმენ, გული იმედით გევსება, გგონია ესაა და გორის ციხე – – ავიღე ხელში საკუთარი ბედის მართვის სადავეები,მაგრამ სრულდება წარმოდგენა, რჩები უსუსურ იმედთან და… და ორი მსხვილი კურცხალი უპეებიდან ამ უმწეობის გამო…

    ნეტავი მართლა შეგვეძლოს ამ საშინელ დროსა და საუკუნეში საკუთარ თავზე ფიქრი და პირადი ბედნიერებისთვის ბრძოლა… ( მე ეს არ შემიძლია, უფრო, ვერ შევძელი)…

    დავუშვათ მინდა ნახატების გამოფენა, არ მაქვს არავითარი საშუალება. (ნიკალაც კი მჯობს), მაშინ სად ვიპოვო ფრთები? ვინმე მოიხსნის და ბეჭებზე შემასხამს?!

    არ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ მანამ იმ ნიჟარად დავრჩებით, ძვლივს რომ სუნთქავდა, სანამ, თვით უფალი არ გამოგვიგზავნის არწივს…

    თქვენ ჰეი! სად ხართ არწივნო?!
    ………………………………………. (მ.მ.)

    გაგებით, სიყვარულითა და პატივისცემით ყველასადმი…

    შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ეს უბრალოდ ჩემი სულის ტკივილია, რომელიც თავადაც ელოდება იმ დიდ ფრთებს იმედის არწივს რომ გააჩნია….

    . . .

    პასუხი
    • გეთანხმებით მაია, ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და რადგანაც ეს ასეა და ჩვენ მაინც უბედურები ვართ, მაშინ რაშია საქმე? რა გამოდის ან ჩვენ არ ვიმსახურებთ ბედნიერებას ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი? უკანასკნელის აბსურდულობა ისედაც ცხადია და ისიც, რომ უფლისთვის ყველა ერთნაირად საყვარელი შვილები ვართ და შესაბამისად ყველანი დავიბადეთ იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები.

      მაშ რა ხდება? ღმერთი სამართლიანია, მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება, ყველა ადამიანი იბადება ღვთის ხატად და დარად და იმსახურებს ბედნიერებას და ჩვენ მაინც უბედურები ვართ. რატომ? რაღაც აბსურდულად ჟღერს ეს ყველაფერი თითქოს….

      მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ეს თითქოსდა მოჯადოებული წრეც გაიხსნება თუ გავაცნობიერებთ, რომ ღვთის უპირველესი ნება ალბათ ის არის დაბადებიდანვე გვქონდეს არჩევანის უფლება და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ რა გზით ვიაროთ. გამომდინარე აქედან, ის რეალობაც რაც დღეს გვაქვს არის სწორედ ჩვენი არჩევანის შედეგი და თუ ეს ასეა, თუ ყველაფერი რაც დღეს ჩვენს თავს ჩვენს ცხოვრებაში ხდება არის ჩვენი არჩევანის შედეგი, გამოდის რომ მაშინ ჩვენვე შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა.

      როგორ?

      ალბათ იმით რომ აქცენტი სიმპტომებიდან (უფულობა, ავადმყოფობა და ა.შ) და მათი განეიტრალებიდან გადავიტანოთ გამომწვევ მიზეზებზე და მათ აღმოფხვრაზე. თავი დავანებოთ ტკივილგამაყჩებლებს და ვეძიოთ განკურნების გზა. განკურნება კი არ მოდის გარედან. ის უნდა განვითარდეს შიგნიდან. ჩვენ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, იქ იმალება ყველაფრის თავი და თავი. „შეიცან თავი შენი“–ო ჯერ კიდევ როდის გვითხრეს ბრძენმა ელინებმა. საკუთარი თავის შეცნობაზე გადის ყველანაირი პრობლემის მოგვარების, ყველანაირი ავადმყოფობისგან განკურნების გზა.

      დიახ მართალი ხართ, თავის ფრთებს არავინ დაგითმობთ, როცა ნახატების გამოფენა გვინდა და არ გვაქვს ამის საშუალება ფრთების სხვების ბეჭებზე ძებნა შედეგს არ მოიტანს, ასეთ დროს ალბათ აჯობებს ჩვენს თავში ჩავიხედოთ, შევისწავლოთ ის და გავარკვიოთ რატომ ვართ ასეთ სიტუაციაში. რატომ დაუშვა სამართლიანმა ღმერთმა, რომლის ნების გარეშეც არაფერი არ ხდება ის რომ ჩვენისთანა კეთილშობილ და ნიჭიერ შემოქმედს გასაქანი არ აქვს? რას გვასწავლის ამ გამოცდილებით და რისგან გაწმენდისთვის მოგვივლინა ეს განსაცდელი?

      მაგრამ ეს რომ გავაკეთოთ რწმენაა საჭირო, უპირობო რწმენა იმისა რომ ღმერთი სამართლიანია და თუ რამე არ მოგვწონს ჩვენშ ცხოვრებაში ეს ჩვენი არჩევანის შედეგად მიღებული გამოცდილებაა, განსაცდელი რომლითაც უნდა მოხდეს ჩვენი განწმენდა და როცა ამას ვირწმუნებთ ზემოთ დასმულ კითხვებზეც მოგვეცემა პასუხი…

      სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

      პასუხი
      • ძალზედ გამეხარდა პასუხი რომ დამხვდა. ფილმი ვნახე “მქადაგებელი ტყვიამფრქვევით”…(თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ). ზემოთაც მსურდა ამ ფილმის მაგალითად მოყვანა, მაგრამ “შორს შეტოპვას” მოვერიდე. საერთოდ არ მიყვარდა საკუთარი აზრებ – შეხედულებეის ვინმეზე არათუ თავს მოხვევა, გაზიარებაც კი, რადგან, როცა საკუთარ თავში ვერ პოულობ კითხებზე პასუხს, სხვას ვერაფერს ასწავლი…

        არადა რამდენი ამოუხსნელი ამოცანაა ჩვენს წინაშე უფალთან მიმართებაში, რომელიც არ ახსნილა და არც არასოდეს აიხსნება…

        ამ გლობალურ პრობლემებზე დავწერე რომანი “ცოდვილთა თეატრონი”. მჯეროდა გვყავდა ჭეშმარიტი მკითხველი, რომელიც (ერთიც საკმარისი იყო) თუ გულით წაიკითხავდა, მიხვდებოდა რისი შეცვლა სურდა ამ ძირგამომპალ სამყაროში მთავარ გმირს, მაგრამ (არ ვიცი ვინ წაიკითხა) შეგონებანი დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”…

        ბატონო ხვიჩა, ვაფასებ თქვენს ცდას, ეს კეთილშობილური მისიაა, ღვთიური, მაგრამ არა უვიცნი, სწორედ რომ ჭეშმარიტნი დაიღალნენ ჩვენისთანების შეგონებებისგან…

        მე არა ვარ ფრთების წინააღმდეგი, პირიქით, სულ ჩამჩიჩინებდნენ, კმარა, ჩამოდი ციდან,მაგრამ მიუხედავად ჩემი გულახდილი წერილებისა, ისევ იქ ვარ…
        მაშ რა ხდება? ის, რომ: “მქადაგებელმა ტყვიამფრქვევით” ვერაფერი უშველა სისხლისმსმელ ადამინებს შეგონებებით. ..

        ხვიჩა, ძვირფასო ადამიანო, მეთუ რაიმე მასულდგმულებს ეს რწმენაა და მეშინია თავად “მქადაგებელმა” ტყვიამფრქვევი არ ავიღო ხელში, ანუ არ დავკარგო რწმენა…

        მიზეზი? მიზეზი ჩვენშიაო,მაგრამ ყოველთვის და ყველაში არა. მიზეზი ისაა რომ თავიც რომ მოიკლა, შიშველი ხელებით ვერაფერს გახდები, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით…

        ფრთებს არავინ მოიხსნის, რადგან არავისა აქვს იგი. არც არავის მოერგება სხვისი ფრთები… ყველას თავისი ზეცა და მიწა გააჩნია…

        ახლა პირადად თქვენთის მცირეოდენი ამონარიდი რომანიდან: “ცოდვილთა თეატრონი”…

        ადამიანი საკუთარი გულისთქმის ღმერთიცაა და მონაც. ვერც ერთს ვერ გაექცევა მანამ, ვიდრე მისი სული საბოლოოდ არ დარწმუნდება, მის არსებაში, ერთ ერთი მათგანის საბოლოოდ დამკვიდრების აუცილებლობაში…

        ვინც შეგნებულად სცოდავს მას ბოდიშის მოხდა არ შეუძლია…

        შენ ადამიანი ხარ, გესმის? ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ბრძოლით შეუძლია ბედნიერების მოპოვება. მთავარი ძველის შემობრუნება როდია, უკეთესი ახლის მოპოვებაა მთავარი. რაც შენი ბედისწერის წიგნში წერია, ვერ შეცვლი…

        ვარსკვლავებიც ხომ წყდებიან ზეცას, მაგრამ მის ადგილს სხვა, ახალი ვარსკვლავი იჭერს. უფრო ნათელი, ძლიერი… ის კი, რომელიც მოსწყდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს, წარსული კი მკვდარია.“. .

        ბავშვობას ერთი უპირატესობა გააჩნია ადამიანის განუმეორებელ ცხოვრებაში, გულისნადებს ყოველგვარი შელამაზების, ალეგორიების, გამოცანა – ქარაგმების გარეშე ამხელს. ვის და რას მიაქვს ეს გულწრფელობა? ის ალალი ცრემლი, ალალი ბუტიობა, სითბო, სიყვარული? ნუთუ დროსა და ადამიანებს? ნუთუ ბავშვის სული ის თოთო ნერგია, გზაჯვარედინზე რომ ამოდის და თუ გონიერის ხელი არა, მისი გადახრა ადვილშესაძლებელია მავანისა და მავანისაგან წუთისოფლის მორევში აზელილ შურში, ბოროტებაში, გაუტანლობასა და უთვალავ უკეთურ თვისებებში, მაგრამ სად არიან ის კეთილშობილი მავანნი, რატომ არ დგანან გზაჯვარედინზე იმ უმანკო სულთა გადასაეჩენად, რომელთათვისაც ჯერთუცნობია ცნება სიკეთისა და ბოროტებისა. უხილავი ძფებით დაქსაქსულმა ობობას ქსელმა ჩემს სამყაროსაც ესროლა შხამიანი ისარი, მაგრამ იმდენად შორს ვიდექი, ვერ მიწია…

        …ღმერთო, რამდენ სიყალბეს და თვალთმაქცობას იტევს ეს მართლაცდა წუთის წუთისოფელი. საწუთროც ამიტომ ჰქვია და ამიტომაც გულივით დიდიცაა და პატარაც, მასავით განუწყვეტლივ ფეთქავს,მაგრამ როგორც ჩანს უფრო ძლიერია. გულს ხომ ამდენის ატანა არ შეუძლია… შენ როგორ იტან დედამიწავ ამდენს, როგორ?! ამდენი ცოდვითა და ცოდვილნით დამძიმებულ ტანს როგორ ამოძრავებ ასე მსუბუქად? ალბათ საკუთარი სიწმინდე, საკუთარი უცოდველობა გაძლევს ძალას იყო ყოველთა შემნდობი და შემრიგებელი.

        „ჩემში ჩანავლდა მომავლისადმი რწმენა. დამთავრდა მოჩვენებითი ოცნებები. რასაც ჩემი ყმაწვილქალობა შესტრფოდა, უფსკრულმა შთანთქა. დარჩენილი ბედისწერა აღარ მაშინებს თავისი მოულოდნელობით. როგორც ჩანს დასრულდა ხანგრძლივი რეპეტიცია და ჩემი ცხოვრების დიდმა მსახიობმა – ტანჯვა-გოდებამ კულისებს მიღმა, სცენაზე გადმოაბიჯა. ვერ გავითავისუფლე მხრები მოვალეობის მონური უღლისგან, რომელსაც უმიზნო სიცოცხლე ჰქვია. მანეკენურ არსებობასაც ჰქონია თავისი დანიშნულება.

        დიდსულოვნება? არა! არავის სჭირდება იგი შენში თუ სულმდაბალთა და უმეცართა მიმართ გამოიჩენ. ზოგჯერ,მართლაც რომ შეგნებულად გამცირებს შენივ დიდსულოვნება ბრიყვთა წინაშე…

        სიცოცხლის დათმობისა როდი მეშინია. უკვე დავწერე დედამიწაზე ნამყოფი ჩემი ცხოვრების ჩემეული ბიოგრაფია. საზეიმოდ ველოდები სულისა და ხორცის გაყრის არათუ დრამატულ, კომედიურ სპექტაკლს. ჩემი სული უსათუოდ იგრძნობს ამ წარმოდგენის მოახლოების ჟამს და ჩემთან ერთად ჩაიფერფლება ცხოვრებისგან ფოთლებშემხმარი, ძარღვებდაფშვნილ სულის ყვითელი ჰერბარიუმი ანუ ქაღალდთან გამხელილი უხმო ფიქრები…

        ღმერთო, რად არ ჰქმენ კაცთა სიცოცხლე უკვდავი ან რად არ მიანიჭე მას განმეორების უნარი, რომ განვლილი შეცდომები გამოასწოროს …

        როგორც ჩანს ერთ სიცოცხლეში ვერ ეტევა ადამიანი თავისი ცხოვრებით, ვერ ასწრებს მიზნის არათუ განხორციელებას, არამედ მასთან მიახლოებასაც კი…

        იქნებ სწორედ ამით ბედნიერჰყავი ადამიანი, რადგან მეორე სიცოცხლეშიც პირველის შეცდომებს გაიმეორებდა, რამეთუ ადამიანი ერთი იმ ცოდვილ სულთაგანია, რომელიც მხოლოდ პირადი ბედნიერებისთვის იბრძვის…

        და რა არის ბედნიერება, ყოველი მისკენ რომ მიისწრაფვის?

        ბედნიერებისკენ განუსაზღვრელი ლტოლვის ჟამს საკუთარი მოქმედების შეუცნობადობის არეში ექცევა ადამიანი და ცოდვილიანდება, შემდეგ უკვირს, ღმერთო, რა დავაშავეო…

        და მართლაც, რა დავაშავეთ, თუკი ყოველს ჩვენი წილი ბედნიერება გვინდა? ადამიანად ყოფნა ხომ ისედაც უმძიმესი ტვირთია, უნდა კი მას იმ ცოდვებით დაძიმება, რომელსაც სულისწადილის, უპოვნელის პოვნის ძიებაში იკიდებს მხრებზე?“..

        ბუნებაში ყველაზე ბედნიერი არსება ადამიანია, რადგან მას სიყვარული შეუძლია.

        ყველაზე უბედურიც, ამ სიყვარულის დაკარგვის გამო.

        მოკვდავს არ შესწევს ძალა ბედისწერას გვერდი აუაროს.

        ხშირად საკუთარ ძალაში დარწმუნებული ადამიანიც კი მარცხდება…

        ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა, ვისაც მახვილი გონება და მოქნილი ხელი აქვს, ის იმარჯვებს. ისიც ამიხსნა, რომ სუსტმა გზა უნდა დაუთმოს ძლიერს, რომ ძლიერმა იპოვოს გზა.

        მე კი ცხოვრების ამ კანონზომიერებას, ტყის სამყაროს კანონზომიოერებად მივიჩნევდი…

        „ვინა ვარ მე?, სუსტი? ძლიერი?, საშუალო?.. ჰო, ვინ და რა შემიძლია?“…

        ჰო, რა შეგვიძლია ჩვენ?

        მხოლოდ შეგონებანი?

        მსმენელნი სად არიან?

        და თუ არსებობენ შემგონებლებიც და მსმენელნიც, რა ხდება ადამიანთა შორის?
        …………………………………………
        რა ხდება ბატონო ხვიჩა?

        პატივისცემითა გა მეგობრული გულისგადაშლით: პროზაიკოსი მ. მ.

        პასუხი
        • ალბათ ის ხდება ქალბატონო მაია, რომ შეგონება არ ხვდება “საჭირო” მსმენელთან. თესლი არ ხვდება ნოყიერ ნიადაგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თესვას თავი ვანებოთ. უნდა ვეძებოთ შესაამისი ნიადაგი და/ან ვეცადოთ გავანოყიეროთ არსებულიც, დავამუშავოთ წესიერად სანამ დავთესავთ…

          და მაშინ, თუ თქვენს შეგონებას გუშინ არავინ არ უგდებდა ყურს ერთდღესაც შეიძლება გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ რომ თქვენ უკვე გასქანს არ გაძლევენ ახალ ცოდნას და ინფრომაციას მოწყურებული ადამიანები.

          ჩვენს ახალ ტრენინგზე, ერთ–ერთ ბლოკში გადავწყვიტეთ გაგვეჟღერებინა ინფორმაცია რომლისთვისაც ალბათ მზად არ არის ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა. ვფიქრობდით რომ ტრენინგის მონაწილე 47 ადამიანიდან თუ 10 მაინც აღმოჩნდებოდა მზად ამ ინფორმაციის მისაღებად, ეს იქნებოდა უდიდესი გამარჯვება და რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება როდეცაც 47–ვე მონაწილე მთელი სამი საათი ისეთი სულგანაბული უსმენდა მაკა დვალს, რომ დარბაზში მათი სუნთქვის და გულისცემის ხმაც კი ისმოდა, ხოლო მათი უმრავლესობა კი 2 დღიანი ტრენინგის მეორე დღის ბოლოს, მიუხედავად 9 საათიანი დატვირთული მუშაობისა, დარჩა საკუთარი ინიციატივით და მაკა დვალი კიდევ 3 საათის განმავლობაში პასუხობდა მათ კითხვებს. ხოლო ერთ კვირაში ახალი ტრენინგი ჩავატარეთ უკვე მარტო ამ თემაზე სადაც ყველა მოვიდა და პლიუს კიდევ მოიყვანეს თავიანთი ოჯახის წეევრები, მეგობრები და ა.შ.

          ეს მოხდა ალბათ იმიტომ რომ უკვე მომწიფდა ადამიანის გონება სრულიად ახალი ტიპის აზროვნებისთვის და ვფიქრობ სწორედ ახლა არის დრო „თესვისა“ დრო „შეგონებისა“

          ინდუსტრიული, მატერიალისტური საუკუნის შემდეგ დგება ინფორმაციული და სულიერი საუკუნის ხანა. ახლოსაა ჟამი გრანდიოზული ცვლილებებისა ადამიანის აზროვნებაში, ჩვენი სულიერი, ინტელქტუალური დონისა და შესაძლებლობების სრულიად ახალ განზომილებაში გადასვლაში და სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის თაობა, რომლებსაც გვაკისრია უზარმაზარი როლი მთელ ამ გრანდიოზული პროცესებში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლის მისიაც არის ერთგვარი ასაფრენი ზოლის მომზადება, გზის გაწმენდა იმ თაობებისთვის, რომლებმაც უნდა მოახდინონ ეს საოცარი, გრანდიოზული გარღვევა კაცობრიობის ისტორიაში…

          უმიზეზოდ და მითუმეტეს შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ სამყაროში. ნებისმიერ შედეგს აქვს თავისი მიზეზი. თუნდაც იმას რომ ჩვენ “შევხდით” ერთმანეთს…

          თქვენმა რომანმა ძალიან დამაინტერესა და გამიჩნდა სურვილი წავიკითხო. თუ ის თავისუფალ გაყიდვაშია აუცილებლად შევიძენ, თუ არადა მაშინ გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია სად შეიძლება რომ მოვიძიო…

          სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

          პასუხი
  2. ძალიან საინტერესო და სასარგებლოა შენი საუბარი და ეს კომენტარები ხვიჩა. მიხარია, რო შენ არწივს ჰგევხარ.
    წარმატებები 🙂

    პასუხი
  3. ქალბატონო მაია, დიდი სიამოვნებით და მოუთმენელი სურვილით წავიკითხავ თქვენს რომანს ,,ცოდვილთა თეატრონი,, თუ ხელმისაწვდომია რათქმაუნდა. <3

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.