რუბრიკა: მკითხველის გვერდი
„ნამდვილი ცხოვრების ადამიანები“ – გსმენია რაიმე ასეთ ტერმინოლოგიაზე? შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს მე მოვიგონე…მაშ ასე, ვიწყებ, ვგრძნობ როგორ მოდის აზრები და ვიწყებ ჩაწერას, მეშინია რაიმე არ გამომრჩეს:

რაც არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნამდვილი ცხოვრების ადამიანებმა საერთოდ არ იციან დროის ფასი. მათთვის არ არსებობს დრო… უფრო სწორად, ისე შესისხლხორცებული აქვთ, რომ ვერ აღიქვამენ დროს, როგორც ასეთს, ცალკე მდგომს. დრო ეს მათშია და ისინიც დროში არიან. მათთვის არ არსებობს ასაკი, არ ეშინიათ წლების მომატების. მათ ერთნაირად უყვართ წელიწადის ოთხივე დრო და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა სჯობდეს გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო ზამთრის სუსხიან და ქარიან დილას. ვერც იმას ხვდებიან, რატომ არის დილა საღამოზე ბრძენი, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრების ყოველ წუთს აზრს აძლევენ. არც იმას ფიქრობენ ძნელბედoბის ჟამს გაუძლონ, რადგან თვლიან, რომ არაფერი არ არის გასაძლები, ასე ტრაგიკულად არ აღიქვამენ ცხოვრებას. ასეთ დროს უბრალოდ სხვა წესებით თამაშობენ. ხო მართლა, თამაშობაზე გამახსენდა, ისინი ყოველთვის თამაშობენ – იმიტომ, რომ ცხოვრება თამაშია და მეტი არაფერი, რომლისგანაც მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო, მოიგებ თუ წააგებ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის ის არის გამარჯვებული, ვინც სიამოვნებას ღებულობს თამაშის პროცეში და კმაყოფილია შედეგბის მიუხედავად.
