მოხუცი ბებო… სიცივისგან აკანკალებული და გაფითრებული… მთრთოლვარე ხელებითა და ხმით ითხოვს დახმარებას: „დამეხმარეთ გოგოებო…“ თან თითქოს ეტირება… გული არასოდეს მითმენს მისი ნახვისას და უკანასკნელი თეთრებიც ხშირად გამიწვდია მისი აკანკალებული ხელებისთვის…
რაღაცნაირად ჩემს ბებოს მაგონებს… ბებიას სითბო იღვრება მისი თვალებიდან და ძალიან ხშირად მიფიქრია, მის ადგილას რომ ბებია იყოს…. მეფიქრება და მყისიერად ვაჩერებ ფიქრებს… არ მინდა, არ მინდა, რომ ჩემი ბებო იყოს ამ მდგომარეობაში… არ მინდა, რომ ვინმე იყოს ამ მდგომარეობაში…
– აიღე, ბებო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება
– მადლობა, შვილო…
თითქოს რაღაც მწყდება გულში და ვფიქრობ, ნეტავ, როდის მექნება იმდენი, რომ ამ ადამიანთან მივალ და ქაღალდის მსხვილ კუპიურებს მივცემ. თან ვეტყვი, ბებო, წამოდი, სახლში წავიდეთ, აღარ გინდა მოწყალების თხოვნა, მე დაგეხმარები… წარმოვიდგენ ამ სიტუაციას და ვთბები… ნეტავ, როდის მექნება…
დღეს საიტზე შევდივარ და ვეცნობი დავალებას… ”ქველმოქედება ბევრის გაცემას კი არ ნიშნავს, არამედ დროულად გაცემას”… რაღაც შეძრა ჩემში ამ სიტყვებმა, გადაატრიალა ჩემი შინაგანი სამყარო… ჰოდა, მეც გადავწყვიტე, აღარ დაველოდო, როდის მოვა გაზაფხული, როდის მექნება ბევრი ფული, როდის ვიქნები კარგ განწყობაზე, როდის დადგება შაბათი დილა ან პარასკევი საღამო… გადავწყვიტე, რომ მე ამ ბებოს დავეხმარები ყოველთვის, დავეხმარები, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლია და ამ დახმარებაში, არ არის აუცილებელი, მოიაზრებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ნივთები.
შესაძლოა, ჩემი მცდელობა ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ერთი წვეთით ნაკლები იქნებოდა, მე რომ ეს არ გავაკეთო…
სიკეთე ჩვენს სახეზე, სიკეთე ჩვენს თვალებში, სიკეთე ჩვენს ღიმილში…
ავტორი: თაკო ჯანუაშვილი
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გაავრცელეთ სიყვარულის ენერგია 🙂
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია