შესაძლებელია, რომ 100 წელი იცხოვრო საქართველოში და ყველა კუთხის სამზარეულო ვერ დააგემოვნო სრულად. ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ 10, მაქსიმუმ 15 კერძით ვიცნობთ ქართულ სამზარეულოს, არადა სინამდვილეში ისეთი მრავალფეროვანია რომ კუთხიდან კუთხეში კი არა, საკმარისია ერთი პატარა სოფლიდან მეორეში გადახვიდე და აბსოლუტურად განსხვავებულ კერძებს აღმოაჩენ.
თბილისში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა კაფე რესტორანი „სახლი მადათოვზე“, როლის ერთ-ერთი მეპატრონე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ბაჩო ქაჯაიაა.
„ჩვენი მიზანი იყო და არის, მოვძებნოთ და ერთად შევკრიბოთ ქართული სამზარეულოს ძალიან გემრიელი მრავალფეროვნება და გაჩვენოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორი იყო ადრე, წარსულში, არამედ როგორია ის ახლა დღევანდელ დღეს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში… რა თქმა უნდა, თითოეულ ინგრედიენტად, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ნაწარმ ნატურალურ პროდუქტს ვიყენებთ… ასე უფრო გემრიელი გამოდის…“ – ამბობს ბაჩო და თან გვიხსნის თუ საიდან გაჩნდა იდეა სახელისა „სახლი მადათოვზე“
„სახელი „სახლი მადათოვზე“ მნიშვნელოვან სიმბოლურ ხასიათს ატარებს… როგორც იცით მადათოვი კუნძული იყო მტკვარში, იმ ძველი თბილისის დროს შავთეთრი, გახუნებული ფოტოებით რომ გვინახავს ციფრულ თუ რეალურ ალბომებში.
ადგილი ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ: დღევანდელ მშრალ ხიდთან ძალიან ახლოს, (ჩვენგან სულ რაღაც 350 მეტრში), პატარა, დაბრეცილი სახლებით, სამიკიტნოებით, სამხერხაოებით, წისქვილებით და რატომღაც შუაგულში გაშენებული ვენახით.
მადათოვი ყველას თავშეყრის ადგილი იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყავი და საიდან იყავი. მთლიანად ქალაქი იყო ასეთი, ყველა ადამიანს მათი განსხვავებული კულტურებით აერთიანებდა თავის თავში. ბუნებრივია ეს პირველ რიგში სამზარეულოზე აისახებოდა. ასე ვიღებდით მრავალფეროვან, უგემრიელეს სამზარეულოს ყველანაირი გემოვნებისთვის.
მადათოვი ჩვენთვის სწორედ ამ ყველაფრის სიმბოლოა, პირველ რიგში კი იმისა თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, იქ მცხოვრები ხალხისთვის თავისუფლად ცხოვრებაში ხელი რომ არავის შეეშალა. სწორედ ამიტომ გვქვია „სახლი მადათოვზე“.
მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ორიგინალური კერძი რომლებიც მასპინძლების თქმით, მათ ქართულ სოფლებში აღმოაჩინეს:
სალათი გარეკახურად
კახეთში სანამ ღვინის ქვევრს თავს მოხდიან, იქვე, ქვევრის თავებთან ამზადებენ გარე კახურად შეზავებულ სალათს: ცოცხალი წიწმატით, გუდის ყველის დიდი ნაჭრებით, ბოლოკით, კაკლით და ქლიავის ჩირით. ამ ყველაფერს გემოვნებით კახურსავე ზეთს მოასხამენ და იღებენ დაუვიწყარ, უნიკალურ გემოს.
კაკალში გამომცხვარი კალმახი
ბროწეულის წვენით გურიაში ყველაფრის განსაკუთრებულად გაკეთება უყვართ. აქ სწორედ დეტალებით იქმნება ხასიათი, რომელიც ბუნებრივია პირველ რიგში სამზარეულოზე აისახება. სპეციალური წესით დამუშავებული კალმახი კაკლის გულში ცხვება და როდესაც მომზადების შუაგულს მიაღწევს, ახლად გაწურული ბროწეულის წვენი ემატება, რომელიც კერძს განსაკუთრებით დახვეწილს ხდის.
კომში ტკბილ ნადუღში
უცნაურია, არსებობს მოსაზრება, რომ ქართულ სამზარეულოში გემრიელი ტკბილეეულობის ბევრი სახეობა არ გვაქვს. ქართლის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩენილი კერძი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს: ღუმელში გამომცხვარი წვნიანი კომში ტკბილი ნადუღითა და კარამელიზირებული ნუშით, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დესერტია რაც კი აქამდე გაგისინჯავთ.
ბაჩო ქაჯაია: „ჩვენთვის ძალიან მნიშნელოანია ეს გემრიელი კერძები რომლებიც რეალურ და არა შაბლონურ ქართულ სამზარეულოს გვაჩვენებენ, უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ, როგორც საქართველოში მაცხოვრებლებს, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. სწორედ ამიტომ შევქმენით ინფრომაციული „ტური“ რომელიც ქართული სამზარეულოს რეალურ დღევანდელ სახეზეა აგებული, რომელიც ყოველ დღე ვითარდება. ჩვენს რესტორანში ტურის თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება გაიცნოს დეტალები, თუ როგორ იქმნება ეს მრავალფეროვნება. ტური გაყვება ყველა კუთხეს და მოძიებული ძველი და ახალი კერძების საშუალებით გაგვაცნობს თითოეული მათგანის თავისებურებებს.
ბუნებრივია როდესაც ვსაუბრობთ ქართულ სამზარეულოზე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ქართული სუფრის რეალურ, ნამდვილ ტრადიციებს და ქართულ სიმღერას რომელიც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენის შემთხვევაში ეს დეტალები ბუნებრივად მიჰყვება ტურის თხრობას რათა სტუმრებმა რეალურად ისიამოვნონ ქართული ტრადიციებით და არ გაიცნონ ის მხოლოდ შაბლონური, ტრაფარეტული წესებით.“
პირადად მე კი დავამატებ, რომ ამ საოცარ სახლში ყველაფერი ორიგინალურია: ინტერიერი, კერძების დასახელება (მაგალითად „ბუს კვერცხები“, „იხვის ტოლმა“…), მათი აღწერილობა (როგორც წესი მენიუ რესტორნებში არის კერძების ჩამონათვალი. აქ კი ეს მთელ ხელოვნებად აქვთ ქცეული), მომსახურე პერონალი, კერძების მიწოდების ფორმები, ყველაფერს ეტყობა რომ აქ საქმეს უდიდესი სიყვარულით აკეთებენ. ეს კი უმნიშვნელოვანესია რადგან ნებისმიერი პროდუქტის სახით ადამიანები ვიღებთ სწორედ იმ ენერეგიას, რომელიც მის შექმნაში ჩაიდო.
უღრმესი მადლობა. სიამოვნებით ვეწვევი ხოლმე კიდევ და განსაკუთრებული სიამოვნებით დავპატიჟებ იქ უცხოელ სტუმრებს, რომლებსაც ორიგინალური ქართული კერძები და გარემო აინტერესებთ და არა “დისკოთეკებად” ქცეული რესტორნები “კოპირებული” მენიუებით.
P.S. თქვენ თუ ხართ ნამყოფი ამ არაჩვეულებრივ „სახლში“? თუ ჯერ არა, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ… და მერე უკვე თვითონ მოგინდებათ ჩემი დალოცვა ერთი „განსხვავებულით“ რომ იქაურობის გზა მიგასწავლეთ 🙂
P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. იქნებ რომელიმე მათგანი ახლა სწორედ იმაზე ფიქრობს, თუ სად წაიყვანოს სტუმრები ორიგინალური ქართული კერძების გასასინჯად.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
რესტორანი “სახლი მადათოვზე”-ქ. თბილისი, აღმაშენებლის 25, T: 555 85 92 92
Facebook: https://www.facebook.com/House-on-Madatovi-251969525230913/?ref=br_tf