ზოგიერთი მეცნიერი დედის წიაღს სამოთხეს უწოდებს, სადაც პატარა საოცრად ბედნიერია. მუდმივად დედასთანაა. დედა იცავს, კვებავს, ეფერება. ესმის დედის ხმა, აქვს თბილი გარემო, მოძრაობს თავისუფლად.
დაბადებისთანავე ვკარგავთ ამ სამოთხეს და შემდეგ მთელი ცხოვრება ვეძებთ. ვეძებთ ხშირად გაუცნობიერებლად მეგობრებში, საპირისპირო სქესში, ოჯახში… ჩვენი პატარა, სანამ მშობლებმა შუაში არ ჩაიწვინეს, მანამდე ტიროდა. იმ სითბოს ეძებდა, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის.
ვიზრდებით. გვასწავლიან დამოუკიდებლობას, თავს გვახვევენ ათას სისულელეს და ამით გვავიწყებენ ბუნებრივ მდგომარეობას. გვიჭირს ცხოვრება. დაუსრულებელი სირთულეები, კონფლიქტები, გაუტანლობა და აუტანლობა…
არადა, რა უბრალოდ ლამაზია ყველაფერი:
ერთი 5 წლის გოგონა სულ ხელზე მკოცნიდა სკოლაში. დედამისს უკვირდა. მამას ნებართვა სჭირდება მოსაფერებლად და აქ რა ხდებაო!
ბუნჩულა ანანო მყავდა ერთხელ პირველ კლასში. მისი მშობლები მეცნიერები იყვნენ და უცხოეთში ცხოვრობდნენ. ორი წლიდან ბებოსთან იზრდებოდა. შუა გაკვეთილზე, უცებ, მოულოდნელად წამოდგებოდა, გაშლიდა ხელებს და გამობანცალდებოდა ჩემსკენ. როგორ არ ჩავეხუტებოდი მის პატარა მკლავებს რომ დავინახავდი გაშლილს! თვალები?! საოცარი. სიყვარულს მოძალებული. ძალიან ტკბილი და ლამაზი წუთები დგებოდა. ხან კალთაში მოუნდებოდა ჩასკუპება და ისე ჩახუტება. საოცარი გოგო იყო. ბებო იშვიათად ჩამოდიოდა ხოლმე სოფლიდან. გვიხაროდა, გვიხაროდა ძალიან.
მალხაზი ახლოს აღარ მიკარებდა-დიდი ბიჭი ვარ უკვეო. ბებოს კი ეხვეწებოდა: ჰაა! ჩამეხუტე ბებო, რაღას უცდი! და ისე როგორც ბავშვობაში ბებოს მკერდში ხელჩაყოფილს ეძინებოდა.
ძველ ფილმებს ყოველთვის თვალცრემლიანი მივჩერებივარ: როგორ იხუტებს დედა შვილს მკერდში და ნანას უმღერის, ლამაზი გოგონა სატრფოს ომში აცილებს და ჩახუტებით ემშვიდობება. თითქოს გულში გული უნდა ჩაუდგას და თან გაატანოსო. ამ განცდას მეცნიერები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები ვერ ახსნიან, ის შენშია დაბადებიდან სიკვდილამდე!
მინდა ჩემს კარსაც, “ჩამხუტებელი მოსამართლის” ლი შაპიროს ავტომობილის მსგავსად ამშვენებდეს წარწერა: “ჩამხუტებელი მასწავლებელი”.
ავტორი: ნაია მინდიაშვილი
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელეთ სიყვარულის ენერგია!
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლლიერებით, ხვიჩა მებონია