ფიქრით დავიღალე…
როგორ მინდოდა მისი ნახვა; ახლა რომ არ მენახა ალბათ ჟანგბადი გამომელეოდა და სუნთქვას შევწყვეტდი. ვნახე და მერე?..
თავაზიანად შემხვდა და თავაზიანად დამემშვიდობა. შევხედე თუ არა ჩემს ჩამქრალ თვალებში ისევ სხივი ჩადგა…
ნუთუ ვერაფერს გრძნობს? მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებ, რა მჭირს ვერ ვხვდები. სიხარული, ბედნიერება და ტკივილი ერთმანეთში აირია, ვიღიმები და თან ვტირი, მისი სახელი ყოველ წუთს ჩამესმის და გამუდმებით მის სახეს ვხედავ…
გამოსავალს ვერ ვპოულობ, სიმწრისაგან ავტირდი, ავტირდი კი არა და ავქვითინდი. იქნებ ვერ ხვდება?… მივალ და ვეტყვი!… არა, დავურეკავ… ღმერთო, რა ვქნა?
ღმერთი… მხოლოდ მასთან შემიძლია ახლა საუბარი. მიმართულება შევიცვალე და ეკლესიისკენ ავიღე გეზი… გული უფრო ამიჩუყდა, ეკლესიის ეზოში შევედი,მაგრამ ტაძარში ვერ მოვახერხე შესვლა, ეზოშივე სკამზე ჩამოვჯექი. ცრემლებად ვიღვრებოდი, მაინც სადამდე უნდა ვიტირო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, მგონი საერთოდ დავკარგე თავი…
–გოგონა კარგად ხარ?
–არ ვიცი…–ამოვისლუკუნე.
–გასაგებია…
ნეტა რა არის გასაგები? ან ვინ არის რომ მელაპარაკება?
მოვახერხე და ცრემლები ცოტათი შევიმშრალე, ისე რომ თვალის გახელის საშუალება მომცემოდა.
ჩემს წინ ქალბატონი იდგა, ნაზად მიღიმოდა…