„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დავალება მოგვცა და თქვა : “თქვენს მომავლ ნაშრომში უნდა აისახოს…“
მოკლედ, სრულყოფილი მსოფლიო უნდა აღგვეწერა…
ჰოდა, პირველი, რაც გამახსენდა, ეროვნული მოძრაობის დროინდელი საქართველო იყო…რადგან ჩემს ცნობიერ ცხოვრებაში მასზე უკეთესი არაფერი ყოფილა, აქამდე არაფერი…
მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ სიყვარული მახსოვს, ადამიანთა შორის უდიდესი სიყვარული;
სითბო მახსოვს, ქართველთა შორის საოცრად თბილი ურთიერთდამოკიდებულება და უზარმაზარი სითბო;
ერთსულოვნება მახსოვს, თითქოს საქართველო ერთი ოჯახი იყო ერთ სულ, ერთ ხორც!
კიდევ, მახსოვს სპექტაკლები, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი და ერუდირებული, დახვეწილი მაყურებლით სავსე დარბაზი;
გურამ პეტრიაშვილის წერილი „ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ! “ მახსოვს;
ჟურნალ -გაზეთები მახსოვს, ეროვნული სულისკვეთებით საოცრად გაჟღენთილი ჟურნალ-გაზეთები, წლების განმავლობაში რომ შენახული მქონდა და ვერაფრით ვიმეტებდი გადასაყრელად…
დათო ტურაშვილის ემოციური გამოსვლები მახსოვს უნივერსიტეტთან;
ქუჩაში სახალხო სეირნობა მახსოვს, უფრო სახალხო ზეიმი რომ იყო ვიდრე სეირნობა…
9 აპრილის საღამოს მთავრობის სახლთან უცნობი ახალგაზრდა ბიჭის მიერ წაკითხული ანზორ აბულაშვილის „დაბადებულა“ მახსოვს, არავის ისეთი გულით, ისე თავგანწირვით, ისე მხატვრულად არასდროს არაფერი წაუკითხავს;
უსინათლო გოგონათა მიერ შესრულებული „ დაუკარით“ მახსოვს, და არავის არასდროს არსად ასე თავგანწირვით არ უმღერია, როგორც მათ, არასდროს ჩონგური ასე მრავლისმეტყველად არ ამღერებულა, როგორც მაშინ!
რა მახსოვს, იცით? ლოცვა მახსოვს, მთავრობის სახლის წინ 9 აპრილის განთიადისას აღვლენილი „მამაო ჩვენო“, ათასობით ადამიანის მიერ თქმული, თითქოს ერთი კაცი ამბობდა, და მერე სიჩუმე მახსოვს, პატრიარქის თვალები და საზარელი სიჩუმე!
რუსულ ტანკებზე გადამტვრეული ქართული დროშის ტარი მახსოვს, თითქოს რამეს დააკლებდა! სისხლი მახსოვს,ყვირილი და ამ ყვირილში სიმღერა…მახსოვს საოცარი სიჩუმე მომდევნო დღეებში და რუსთაველზე სისხლად მდინარე ტიტების ზღვა …
და ისიც ძალიან მიკვირს, ასეთ დროს, როგორ შეიძლებოდა ამხელა სიყვარული, როგორ შეიძლებოდა სრულიად უცნობი ადამიანები საოცრად ახლობლებლად, შენს სისხლად და ხორცად მიგეღო და მათთან ერთად გულიანად გეტირა… ცრემლების წვიმაში ქართველთა ერთმანეთის უზარმაზარი სიყვარული მახსოვს…
მერე მერაბის მკვლელობა მახსოვს, ზვიადის გამოსვლა მახსოვს 1991 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე… არასდროს არ გაუკეთებია საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანი, როგორც მაშინ – „ქრისტე თუ ბარაბა, აირჩიე ქართველო ერო! “… მახსოვს ისიც , რა ავირჩიეთ.. რასაც ვიმკით და რამაც სიკვდილამდე მოგვანატრა მშვიდი, ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი საქართველო, მშვიდობიანი მსოფლიო, ის, რაზეც ახლა ჩემი მეგობრები წერენ!
ჩემთვის სრულყოფილი მსოფლიო სრულყოფილი საქართველოდან იწყება: ქვეყნიდან, საცა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ ცხოვნება და ნეტარება იგი დაუსრულებელი…
სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, სადაც ურთიერთგაგებაა, სადაც არ არსებობს შენჩემობია, სადაც სისადავეა, სილაღეა, პიროვნული და ეროვნული თავისუფლებაა, განვითარებაა, პროგრესია, სადაც ინტელექტია, ერუდიციაა, ნამდვილი გა-ნათლებაა, სადაც დედამიწა ერთი ტკბილი ოჯახია , სადაც პატივისცემით ეპყრობიან დედა-ბუნებას, სადაც არ არღვევენ სიყვარულის კანონს, სადაც მუდამ კეთილი ზრახვებით იყენებენ მიზიდულობის კანონს, სადაც მიკრო და მაკროსამყარო სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან, სადაც გვატკბობს და გვაოცებს „ცაში ვარსკვლავნი და ზნეობრივი კანონი ადამიანში“…
სადაც არ არის შური, უპასუხისმგებლობა, გაუტანლობა, ბატონ-ყმობა და სადაც ყველა ადამიანი მრგვალი მაგიდის რაინდია – სრულიად თანაბარი უფლებებით აღჭურვილი, სადაც ნამდვილი თავისუფლებაა, სადაც ყოველი ადამიანი – სახება და ხატება ღვთისა, უფლობს საკუთარ თავზე, სადაც კეთილი გულია და ამ გულში უზარმაზარი სიყვარულია…
მე ასეთი საქართველო მახსოვს, მე ასეთი საქართველო – სამყარო მინდა!…
მგონი ჩამთვლიმა? არა? აბა რამ დამასიზმრა ტკბილი სიზმარი?! დროა გამოვფხიზლდე, დავალება გვაქვს დასაწერი…
არადა „ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დავალება მოგვცა და თქვა : „თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს…“
მოკლედ, სრულყოფილი მსოფლიო აქვეა, ჩვენში, ჩვენს გულებში, რადგან ჩვენ ვართ თვით სამყარო… დაბადებიდანვე სრულყოფილი!
ავტორი – ია ხაჭაპურიძე
P.S. და როგორია თქვენი აზრით სრულყოფილი მსოფლიო? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები აქვე კომენტერებში ან/და ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით.
P.P.S. გუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს , გაავრცელეთ სიყვარულის ენერგია!
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია